სტატია მომზადებულია ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებული ანტი-კორუფციული ტრენინგების კურსის მონაწილის, ეთერ მიდელაშვილის მიერ.
უკვე მესამე წელია, რაც გორის მუნიციპალიტეტში, კარალეთის N1 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება. გორის მერიამ ამისთვის 164 000 ლარზე მეტი დახარჯა. თუმცა, ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.
ბაღის რეაბილიტაცია 2 ეტაპად მიმდინარეობდა. თავდაპირველად გორის მერიამ კარალეთის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2020 წელს გადაწყვიტა და სარეაბილიტაციოდ 161,900 ლარის ღირებულების ტენდერიც გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობას 3 კომპანია იღებდა, საიდანაც დაბალი შეთავაზების გამო კომპანია შპს “აღმაშენებელი 2012”-მა გაიმარჯვა. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა, მესაკუთრე და დირექტორი გრიგოლ როსტომაშვილია. კომპანიას დღემდე 1,012,846 ლარის ღირებულების 17 ტენდერი აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია მონაწილეობას ძირითადად გორის მერიის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში იღებს და მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში იმარჯვებს.
ბაღის რეაბილიტაციის მიზნით გორის მერიამ კომპანიასთან 135,693 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც კომპანიას სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა დაესრულებინა. გორის მერიამ შეამოწმა კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები, რის შედეგადაც მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა “აღმაშენებელ 2012”-თან და კუთვნილი 131,700 ლარი გადაუხადა. თუმცა, როგორც აუდიტის დასკვნა მიუთითებს შესრულებული სამუშაოები უხარისხოა და დაზიანებულია.
მეორე ტენდერი გორის მერიამ 2021 წლის მაისში გამოაცხადა. ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 42,190 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობას 11 კომპანია იღებდა, მათ შორის “აღმაშენებელი 2012-ც”, თუმცა საბოლოოდ ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიამ, შპს “მეგა დიზაინმა” გაიმარჯვა. გორის მერიასა და “მეგა დიზაინს” შორის 37,072 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა მალევე, 2021 წლის სექტემბერში, ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ღირებულება 36,252 ლარამდე შემცირდა.
გორის მერიამ კომპანიას თანხის მხოლოდ 40% მიიღო (14, 497 ლარი), რადგან სამუშაოები ვერ დაასრულა. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, საბავშვო ბაღის ოთახებში განთავსებული იყო ინვენტარი და სამუშაოების წარმოებას ხელი სწორედ ამან შეუშალა. “მიმწოდებელმა რამდენჯერმე მოითხოვა პრობლემის მოგვარება. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო შენობიდან ინვენტარის გატანა,” - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვითვე, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის საჭიროება, საჯარო სკოლებთან და კრივის დარბაზებთან ერთად, მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში, შესყიდვების გეგმისა და ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრებით განსაზღვრა. აღნიშნულისთვის მერიამ საერთო ჯამში 407.0 ათასი ლარის საბიუჯეტო რესურსი დახარჯა.
2022 წლის ოქტომბერში კი გორის მერიამ მესამე ტენდერი გამოცხადაა ბაღის სარეაბილიტაციოდ, ამჯერად ტენდერის სავარაუდო ღირებულება 51,345 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობას 3 კომპანია იღებდა, საიდანაც ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზებით შპს “ხაჩამ” გაიმარჯვა, რომელთანაც გორის მერიამ 41,076 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა., მოგვიანებით, ხელშეკრულების ღირებულება 38,761 ლარამდე შემცირდა. როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ჩანს, კომპანიამ მხოლოდ განსაზღვრული თანხის 48%, 18,709 ლარი მიიღო.
2023 წლის ივნისში გორის მერიამ ბაღის სარეაბილიტაციოდ მორიგი ტენდერი გამოაცხადა., ამჯერად ტენდერის სავარაუდო ღირებულება 111,305 ლარია. ამ ეტაპისთვის წინადადებების მიღების ვადა არ ამოწურულა და, შესაბამისად, გამარჯვებულიც ჯერ არ გამოვლენილა. ამიტომაც, უცნობია, ვის მოუწევს რეაბილიტაცია ან ამჯერად თუ მაინც თუ დასრულდება კარალეთის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.
შესაბამისად, უკვე მე-3 წელია გორის მერია ბაღის რეაბილიტაციის დასრულებას უშედეგედო ცდილობს. 3 წლის განმავლობაში ჯამში 4 ტენდერი გამოაცხადა. 3 კომპანიასთან უკვე გააფორმა ხელშეკრულება, რომელთაც ჯამში 164,967 ლარი გადაუხადა და მიმდინარე ტენდერის დასრულების შემდეგ ამ სიას მე-4 კომპანიაც დაემატება, თუმცა ჯერაც უცნობია როდის დასრულდება ბაღის რეაბილიტაცია. უკვე ნაწილობრივ რეაბილიტირებული ბაღის მდგომარეობას კი თავად აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ შესრულებული სამუშაოები უხარისხოა.
წყარო:
-
შესყიდვა 1 - NAT200015637
-
შესყიდვა 2 - NAT210008366
-
შესყიდვა 3 - NAT220022080
-
შესყიდვა 4 - NAT230012956
-
აუდიტის ანგარიში https://shorturl.at/qATY4