სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მისიაა, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო ზოლი, სასაზღვრო ზონა და საქართველოს საზღვაო სივრცე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება.
სასაზღვრო პოლიციის ამოცანებს შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის:
-
სასაზღვრო ინციდენტების, სამხედრო ან სხვა სახის აგრესიის, ტერორისტული აქტების თავიდან აცილება და მოგერიება;
-
სამაშველო ოპერაციების განხორციელება ზღვაზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში – ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის მიზნით კი – საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;...
სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს საზღვრის დაცვას, როგორც ჰაერში, ასევე, ხმელეთსა და ზღვაზე. ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ნაწილში მსგავსი მნიშვნელოვანი როლისა და ვალდებულებების პარალელურად, საინტერესოა რომ სასაზღვრო პოლიციის აღჭურვილობა რიგი ნაკლოვანებებით გამოირჩევა.
პრობლემა
აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ჩანს, რომ სასაზღვრო პოლიციის მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად გამართული ტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვს.
მაგალითად, სასაზღვრო პოლიციას ერიცხება ორი ერთეული საფრენი აპარატი (დრონი), რომელიც საზღვრის საჰაერო მონიტორინგის თანამედროვე საშუალებას წარმოადგენს. აღნიშნული საფრენი აპარატებიდან, მხოლოდ ერთი გამოიყენება, რაც არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს ავიაციის მთავარი სამმართველოს ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელ წინაპირობას.
სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში არსებული საავიაციო პარკი მოძველებულია და არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. უწყების საკუთრებაში 2022 წელს სულ 15 საფრენი მოწყობილობა ირიცხებოდა, კერძოდ:
-
2 თვითმფრინავი
-
13 შვეულფრენი
-
1 მაკეტი
15 საფრენი აპარატიდან 10 გაუმართავ მდგომარეობაშია და მხოლოდ 5 შვეულფრენი არის დამაკმაყოფილებელ, მუშა მდგომარეობაში. სამმართველოს კუთვნილი ორივე თვითმფრინავი და 6 სარემონტო შვეულმფრენი წლების განმავლობაში განთავსებულია ღია ცის ქვეშ, რადგან სამმართველოს არ გააჩნია საკმარისი ფართის და აღჭურვილობის ანგარი, სადაც შესაძლებელი იქნება განთავსდეს აღნიშნული საფრენი აპარატები, კლიმატური პირობების მავნე ზეგავლენის შესამცირებლად.
აგრეთვე, სამმართველოს განკარგულებაში არსებული შვეულმფრენების დიდი ნაწილი (12-დან 8 ერთეული) რუსული წარმოებისაა და გამოშვებულია 1987-1992 წლებში.
ავიაციის გარდა, პრობლემურია სანაპირო დაცვის აღჭურვილობის ნაწილიც. კანონმდებლობის თანახმად, საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტიც გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სათანადო რაოდენობისა და შესაძლებლობების მცურავი საშუალებების, იარაღის და ტექნიკის არსებობა და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ყოფნა.
დეპარტამენტის სწრაფმავალი მცირე მცურავი საშუალებები ხანდაზმულია და არ გააჩნია საკმარისი რესურსი სხვადასხვა სახის კანონაღსრულებისა და ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ჩასატარებლად. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მოძველებულია და მწყობრიდანაა გამოსული.
სამხარაულის ექსპერტიზის 2020 წლის მაისის დაკსვნის თანახმად, ბალანსზე რიცხული 41 ერთეული არასაბრძოლო მცურავი საშუალებიდან 17 ერთეული, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტთა დასკვნით ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია და მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის. დარჩენილი 24 მცურავი საშუალებიდან, უმეტესობას ესაჭიროება მიმდინარე ან/და სხვა სახის რემონტი, ხოლო რამდენიმე მათგანის ძირითად აგრეგატებს საექსპლუატაციო რესურსი უკვე ამოწურული აქვს და დიდია მათი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა.
აგრეთვე სამმართველოს არ ჰყავს 2 ერთეული მცირე ზომის მცურავი საშუალება რითაც წითელ ხიდთან და ახალციხეში ჯანდარისა და კარწახის ტბებზე, რომლებიც აზაერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრებზე მდებარეობს, შესაბამისი კონტროლი განხორციელდება. ახლა ეს საზღვრები ფაქტობრივად დაუცველია.
არასაკმარისი რაოდენობის და ტექნიკური მდგომარეობის მცურავი საშუალებებით, მნიშვნელოვნად რთულდება საზღვაო საზღვრის დაცვის ღონისძიებების სრულყოფილად განხორციელება, რაც წარმოშობს რისკს, რომ დეპარტამენტი ჯეროვნად ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რომლებიც გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე საზღვაო საზღვრის დაცვა და მათ შორის გულისხმობს სტიქიური უბედურებების დროს სტიქიის ლიკვიდაციისა და სამაშველო ღონისძიებების შესრულება.
გაუმართავი აღჭურვილობისა და შესაბამისი რესურსების არარსებობის პარალელურად, საინტერესოა თავად სასაზღვრო პოლიციის დაფინანსება. დაფინანსება, ბიუჯეტი, დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზრაურებაში დახარჯული თანხები.
რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალებს, სასაზღვრო პოლიციის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ნაწილი ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმოებისაა, მინიმუმ, 30 წლისაა და მათი საიმედოობა ზოგ შემთხვევაში არ არის გარანტირებული. ხშირია შემთხვევა, როდესაც სასწავლო ვარჯიშების ან მიმდინარე მოვლა- შენახვის პროცედურების (წმენდის) დროსაც, იარაღი მწყობრიდან გამოდის და საჭირო ხდება მისი აღდგენა-შეკეთება, ან ჩამოწერა
ბიუჯეტი
2020 წელს სასაზღვრო პოლიციის დაფინანსება 101,490,300 ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღურებამ 67,320,000 ლარი შეადგინა. 2021 წელს სასაზღვრო პოლიციის დაფინანსება 97,774,190 ლარით განისაზღვრა, მათგან შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 75,030,000 ლარი, ხოლო 2022 წელს სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტი განისაზღვრა 154,517,590 ლარით, საიდანაც დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე 69,713,800 ლარი დაიხარჯა. დასაქმებულთა რაოდენობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 3,657 ადამიანს უდრიდა.
ჯამში ამ უწყების სამი წლის დაფინანსებამ 354 მილიონი ლარი შეადგინა, რომლის 66.3% (235 მილიონი) შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა.
შედარებისთვის მხოლოდ 2017-2022 წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწფისოთვის ნაჩუქარი ბლექ სი არენას სახელმწიფო დაფინენსებამ 32.7 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო იმავე წლებში კომპანიამ 18.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.
ცხადია, უფრო გონივრული იქნებოდა თითქმის 20 მილიონიანი ზარალის ნაცვლად, სახელმწიფოს საზღვრის კონტროლისთვის აუცილებელი ტექნიკა შეეძინა და საბიუჯეტო სახსრები გონივრულად განეკარგა.
წყარო:
-
https://gmc.org.ge/ka/news/104?fbclid=IwAR1ft7ufvXGKP0Lmx3hOGqsvLbPcaa_4NMisapDFbilRkgb9MZrxACrgRt0 - ბლექ სი
-
shorturl.at/pGHIW - აუდიტი
-
https://bpg.gov.ge/ - სასაზღვრო პოლიცია