2020-2021 წლებში ახმეტის მერიამ 15 ა(ა)იპ-ს ₾11.4 მილიონი დაახარჯა

2020-2021 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა მის მიერ დაფუძნებული 17 იურიდიული პირი: 15 ა(ა)იპ და 2 შპს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ. 15 ა(ა)იპ-ზე გაცემულმა სუბსიდიამ სულ  11,420,000 ლარი შეადგინა, რაც ახმეტის ორი წლის მთლიანი ბიუჯეტის გადასახდელების 33%-ზე მეტია. სუბსიდიის ძირითადი ნაწილი − 75% დაიხარჯა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე. 2020-2021 წლებში ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 1006-1025 პირი.

თუკი ამ რაოდენობას დავუმატებთ ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულთა დარჩენილ რაოდენობას, მაშინ ეს მაჩვენებელი 2020-2021 წლებში 1176-1193 პირს, ე.ი. საშუალოდ 1,183 ადამიანს შეადგენს, რაც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის (27.8 ათასი ადამიანი) რიცხოვნობის გათვალისწინებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. 

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ახმეტის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მართვის პროცესი მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზებით და ორგანიზაციების საქმიანობით მიღებული სარგებელი, ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამებოდა მათი ფუნქციონირებისათვის დახარჯულ ფინანსურ რესურსებს, კერძოდ: ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ფუნქციური დატვირთვა, რიგ შემთხვევებში, ვერ დასტურდება, მაგალითად:

  • ა(ა)იპ − ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია რამდენიმე თანამშრომლის ფუნქციებისა და საქმიანობის საჭიროების შესახებ, კერძოდ, ვერ დადასტურდა ა(ა)იპ-ის საკლუბო გაერთიანების ღონისძიებების ორგანიზების 6 სპეციალისტის შესაბამისი აქტივობა. ასევე ვერ დადგინდა ა(ა)იპ-ის 11 თანამშრომლის ფუნქციური დატვირთვა, რომლებიც დასაქმებული იყვნენ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ბიბლიოთეკის გამგეებად, კულტურის სახლის თანამშრომლებად და ა.შ. გარდა ამისა, ორგანიზაციაში დასაქმებული იყო ისტორიულ ძეგლთა 3-5 მცველი, რომელთა ფუნქციური დატვირთვა სათანადოდ ვერ დასტურდება.   

ზემოთ აღნიშნული 22 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებამ 2020-2021 წლებში 103,500 ლარი შეადგინა. ეს იმ პირობებში როდესაც მათი ფუნქციური დატვირთვა ფაქტობრივად ვერ დასტურდება და შესაბამისად მათზე გაცემული ხელფასი დაუსაბუთებელი ხარჯია ახმეტის ბიუჯეტისთვის.

ამავე დროს მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ორგანიზაციული სტრუქტურა/საშტატო განრიგი არ არის ოპტიმიზებული, მაგალითად არის შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირები ერთდროულად მუშაობენ 2-3 სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში. კერძოდ, 2020 წელს პარალელურად რამდენიმე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 28, ხოლო 2021 წელს – 32 პირი. მათ შორის, 2020 წელს − 6 და 2021 წელს − 9 დასაქმებულ პირს სხვადასხვა ორგანიზაციაში ეკავათ მთავარი ბუღალტრის, იურისტის, შესყიდვების სპეციალისტის და ა.შ. პოზიციები. 

ახმეტის მერიამ აუდიტის სამსახურს ვერ დაუსაბუთა, თუ რამდენად მიზანშეწონილი და ეფექტიანია ერთი და იმავე პირების დასაქმება სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში და ასევე რამდენად ასრულებდნენ ისინი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს ერთდროულად, რამდენიმე პოზიციაზე მუშაობის პირობებში; 

აღსანიშნავია ისიც, რომ ახმეტის მერიაში 2020 წელს დასაქმებული − 2 და 2021 წელს დასაქმებული 3 მოსამსახურე პარალელურად ასევე მუშაობდა ერთ ან ორ ა(ა)იპ-ში, მაგალითად: კონკრეტული პირი 2021 წელს იყო თან ა(ა)იპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის მძღოლი, ხოლო ამავე დროს ახმეტის მერიაში ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაც ეკავა. ყოველივე აღნიშნული კი საბიუჯეტო სახსრების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთნ ერთად უკანონო ქმედებაცაა, კერძოდ ეს არის საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, მუხლი 13, პუნქტი 2-ის პირდაპირი დარღვევა.

ამას გარდა ახმეტის მერიის ა(ა)იპ-ები მართვის პროცესში საყურადღებო იყო საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური გამოყენების შემთხვევებიც, კერძოდ: 

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა ა(ა)იპ − ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გარე განათების სამსახური, რომელიც 2021 წლის ივნისიდან გაიყო და არსებულის ბაზაზე შეიქმნა 2 ახალი ა(ა)იპ: ა(ა)იპ - ახმეტის მუნიციპალიტეტის გარე განათების სამსახური და ა(ა)იპ - ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური. 2020-2021 წლებში აღნიშნულ ა(ა)იპ-ებზე მუნიციპალიტეტმა დახარჯა, სულ 1,595,000 ლარი.

ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს ეზრუნა ხარჯების ოპტიმიზაციასა და ბიუროკრატიის შემცირებაზე, მან ერთი ორგანიზაცია ხელოვნურად გაჰყო ორ ნაწილად, რის შედეგადაც 3 ერთეულით გაიზარდა ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა, რომელთა ხელფასებზე წლიურად, დამატებით, დაახლოებით 21 ათასი ლარი იხარჯება. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ აუდიტის სამსახურს ახმეტის მერიამ ვერ დაუსაბუთა, რადგანაც გაყოფის შედეგად ორივე ორგანიზაცია იმავე ფუნქციებს ასრულებს, რასაც გაყოფამდე ასრულებდნენ, გაზრდილია მხოლოდ ხარჯი და დასაქმებულთა რაოდენობა. 

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ა(ა)იპ-ის შემთხვევაც, რა დროსაც საქმე გვაქვს უფლებამოსილებების დუბლირებასთან, კერძოდ: ა(ა)იპ  ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს წესდებით ახმეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა და მათი მოვლა-პატრონობა ევალება. 2020-2021 წლებში ორგანიზაციაში ამ მიზნით დასაქმებული იყო 15-16 პირი, რომლებსაც შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ, დაახლოებით, 92,000 ლარი.

თუმცა, ა(ა)იპ-ის საქმიანობის მიმართულებები დუბლირებულია მერიის სამსახურის ფუნქციებთან. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირებს ძეგლთა დაცვის განყოფილება მსგავსი ფუნქციებით. განყოფილებაში შესაბამის პერიოდში დასაქმებული იყო 4 თანამშრომელი და მათზე ხელფასის სახით გაიცა დაახლოებით 90,000 ლარი.

შესაბამისად გაუგებარია, რატომ დახარჯა ახმეტის მუნიციპალიტეტმა 182,000 ლარამდე იმ 20 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებაში, რომლებსაც ერთი და იმავე ფუნქცია აკისრიათ და ამავე დროს  სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ.

ზემოთაღნიშნული ხარჯებისა და გაბერილი შტატების ანალიზისას მნიშვნელოვანია ის გარემოებაც რომ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით 2020 წლის ბოლოს ახმეტის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა - 8,045 ადამიანს უდრიდა, ხოლო 2021 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი - 9,410 ადამიანს შეადგენდა. ახმეტის მუნიციპალიტეტში კი საშუალოდ 28,000 ადამიანი ცხოვრობს, რაც ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მე-4 ადამიანი, უკიდურეს სიღარებეში ცხოვრობს.

შესაბამისად ღარიბი მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, კიდევ უფრო მწვავეა ის პრობლემები, რომლებიც ახმეტის მუნიციპალიტეტში არამიზნობრივად გახარჯულმა საბიუჯეტო სახსრებმა და გაბერილმა ბიუროკრატიულმა აპარატმა გამოიწვია 2020-2021 წლებში.

ხოლო თუკი ახმეტის მერიის მიერ მის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების დაფინანსებსას 2020-2021 წლებში შევადარებთ, მაგალითად, უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობისთვის უფასო კვებით მომსახურებას, აღმოვაჩენთ, რომ ამ უკანასკნელში ახმეტის ბიუჯეტიდან ჯამში 839,500 ლარი დაიხარჯა (2020- 388,000 ლარი, 2021- 451,500 ლარი) , რაც გაცილებით ნაკლებია 15 ა(ა)იპ -ის დაფინანსებაში დახარჯულ 11.4 მილიონ ლარზე.


დასკვნა 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით. კერძოდ, მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრები იხარჯებოდა ეკონომიურად და ეფექტურად. რიგ შემთხვევაში თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამებოდა. ასევე, გამოვლინდა კანონის დარღვევის შემთხვევები, რა დროსაც კონკრეტული პირები ერთდროულად რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობდნენ, რაც იყო როგორც უკანონო, აგრეთვე ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. 

პრობლემურია ისიც, რომ მუნიციპალიტეტში არის საკმაოდ დიდი რაოდენობის საბიუჯეტო ა(ა)იპ-ები, სადაც დასაქმებულია მთლიანი ადმინისტრაციული რესურსის 87%-მდე, (საშუალოდ 1,025 ადამიანი), რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გათვალისწინებით, საკმაოდ მაღალი რიცხვია.

ა(ა)იპ − ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში 2020-2021 წლებში დასამქებული იყო 22 ადამიანი, რომელთა საქმიანობის აუცილებლობა მუნიციპალიტეტმა ვერ დაადასტურა, ხოლო მათზე ამ წლებში ხელფასის სახით 103,400 ლარი გაიცა, რაც პირდაპირ შეგვიძლია მივიჩნიოთ დაუსაბუთებელ საბიუჯეტო ხარჯად.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ახმეტის კულტურის ცენტრში 2020-2021 წლებში 15-16 პირი მუშაობდა, რომელთა მოვალეობაც კულტურული ძეგლების დაცვა იყო, რაშიც მათ ხელფასის სახით 92,000 ლარი მიიღეს. ამავე დროს ახმეტის მერიაში არსებობდა ძეგლთა დაცვის განყოფილება, იგივე ფუნქციებით. განყოფილებაში შესაბამის პერიოდში დასაქმებული იყო 4 თანამშრომელი და მათზე ხელფასის სახით გაიცა დაახლოებით 90,000 ლარი. შესაბამისად, გაუგებარია რატომ იხდის მუნიციპალიტეტი ასიათასაობით ლარს იმ ფუნქციის შესრულებაში, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალურ ორგანოებს ევალებათ.

 

წყაროები: