რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად ისტორიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. როინ მეტრეველი 1960-72 წლებში საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, შემდეგ კი პირველი მდივანი იყო. 1993 წლიდან ის აკადემიის ნამდვილი წევრი, 2007 წლიდან კი აკადემიკოს მდივანი ხდება. 2013 წლიდან როინ მეტრეველი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი იყო.
1991-2004 წლებში მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ეკავა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის 2012 წლის კვლევაში - კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სამსახურებში, როინ მეტრეველის რექტორობის პერიოდში არსებული მდგომარეობა შემდეგნაირად არის აღწერილი:
-
სტუდენტები ქრთამს იხდიდნენ უნივერსიტეტებში ჩასარიცხად, გამოცდების ჩასაბარებლად და დიპლომების მისაღებად;
-
უნივერსიტეტებში ჩარიცხვის სისტემა უმაღლეს განათლებაში ყველაზე კორუმპირებულ სფეროდ ითვლებოდა. თეორიულად აბიტურიენტების მიღება ხდებოდა მხოლოდ მისაღებ გამოცდებზე მიღებული ქულების საფუძველზე. მაგრამ რეალურად, პროტექციონიზმი ღრმად იყო გამჯდარი მთელ პროცესში. უნივერსიტეტების რექტორები იღებდნენ პოლიტიკოსების შვილებს პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. დანარჩენი სტუდენტები უმაღლესში ხვდებოდნენ შუამავლების მოქრთამვის გზით;
-
ფაკულტეტის პრესტიჟულობიდან გამომდინარე, ქრთამის ოდენობა $8,000-დან $30,000-მდე მერყეობდა (როსტიაშვილი, 2004). ყველაზე დიდი ოდენობის ქრთამს იხდიდნენ იურიდიულ ფაკულტეტზე და სამედიცინო უნივერსიტეტში მოსახვედრად;
-
მექრთამეობა იმდენად იყო გავრცელებული, რომ ადამიანები უნივერსიტეტების ტერიტორიაზეც კი აწარმოებდნენ მოლაპარაკებას.
ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასულმა სიუჟეტმა, კარგად აჩვენა, რომ კორუფციული დამოკიდებულებები კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება აკადემიაში. მეტიც, როინ მეტრეველმა ერთი მხრივ უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრს აკადემიის სახელით, მეორე მხრივ კი ირაკლი ღარიბაშვილის აკადემიკოსად არჩევასაც დაპირდა:
“ჟურნალისტი: ასეთი თხოვნა გვაქვს, აკადემიკოსის სტატუსი რომ მივანიჭოთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რამდენად იქნება შესაძლებელი? ძალიან გამოადგებოდა იმ კონფერენციებზე, რომლებზეც დადის და თან ეს არ გახმაურდებოდა, მითუმეტეს მედიებში.
როინ მეტრეველი: ჩათვალეთ, რომ ეს მოხერხდება ბატონი ირაკლისთთვის და მინდა, რომ საერთოდ იცოდეთ თქვენ, რომ აკადემია მას მხარს სრულფასოვნად უჭერს, ყველაფერზე მზად ვართ”.
საინტერესოა თავად მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობა და დაფინანსება. სტრუქტურა 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,084,351 ლარით დაფინანსდა, საიდანაც 1,992,958 შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა. აკადემიაში დანამატის სახით ამავე წელს 38,690 ლარი გაიცა. წლის მანძილზე მივლინებებზე 5,639 ლარი, ხოლო წარმომადგენლობით ხარჯებზე 9,027 ლარი დახარჯეს. 4,005,812 ლარი შეადგინა 2021 წელს აკადემიის დაფინანსება, საიდანაც 1,827,482 ლარი შრომის ანაზრაურებაში დაიხარჯა. 1,545 ლარი დაიხარჯა მივლინებებზე, ხოლო 3,230 ლარი წარმომადგენლობით ხარჯებზე. შესაბამისად, ბიუჯეტიდან ბოლო 2 წლის განმავლობაში აკადემიამ 8,090,163 ლარის დაფინანსება მიიღო.
2022 წლის მონაცემებით აკადემიას საერთო ჯამში 78 წევრი ყავდა, მათგან 64 აკადემიკოსი, ხოლო 14 წევრი-კორესპონდენტი. აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1600 ლარის ოდენობით, ხოლო აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებსა და მათი ციტირების ინდექსს, www.resurchify.com-ის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს საკმაოდ დაბალი რეიტინგული ქულა აქვთ, კერძოდ:
მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი „მოამბეს“, რომელიც გამოდის სამ თვეში ერთხელ და რომელშიც იბეჭდება სამეცნიერო სტატიები ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში: მათემატიკური და ფიზიკური მეცნიერებანი, საინჟინრო, აგრარული და გარემოსდაცვითი, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებები, ამ საიტის თანახმად ციტირების საერთო რეიტინგში 18,830-ე ადგილი უკავია, ხოლო SCImago Journal Rank (SJR)-ის თანახმად ამ ჟურნალის სამეცნიერო გავლენა 0.194-ითაა შეფასებული.
იმავე რეიტინგებში ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალს სიახლეები გეოლოგიასა და ტექნიკურ მეცნიერებაზე საერთო რეიტინგში 12,224-ე ადგილი უკავია, ხოლო SCImago Journal Rank (SJR)-ის სამეცნიერო გავლენის რეიტინგში კი 0.394 ქულა აქვს მინიჭებული.
ამავე კვლევის თანახმად მაგალითად აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის “მათემატიკისა და მექანიზმის ინსტიტუტის” ჟურნალის საერთო რეიტინგი 9,677-ე არის, ხოლო SCImago Journal Rank (SJR) სამეცნიერო გავლენის ქულა 0.518-ია.
ბოლოს კი ამ საიტზე არსებული კვლევის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის საერთო რეიტინგი 361-ე არის, ხოლო SCImago Journal Rank (SJR) სამეცნიერო გავლენის ქულა 4.184.
წყარო:
-
მსოფლიო ბანკის კვლევა 2012 https://shorturl.at/dTY67
-
მთავარი არხის სიუჟეტი https://rb.gy/cemre
-
ბიუჯეტი 2022 https://shorturl.at/lpwH8
-
ბიუჯეტი 2021 https://shorturl.at/xzFY0
-
კანონი https://rb.gy/mfhac
-
პრეზიდენტად არჩევა https://netgazeti.ge/news/673773/