2023 წლის 21 აპრილს, საქართველოს მთავრობამ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულება გამოსცა. განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის, რადგან საქართველოს მთავრობა 2021 წლიდან განკარგულებებს საჯაროდ აღარ აქვეყნებს, რითაც კანონს პირდაპირ არღვევს.
მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ, მონაწილე საჯარო დაწესებულებებმა გამარტივებული შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართეს. გამარტივებული შესყიდვის დასაბუთების დოკუმენტებში ვხვდებით მთავრობის მიერ 21 აპრილს გამოცემულ განკარგულებასაც.
2023 წლის 15 მაისის მდგომარეობით, შესყიდვების სააგენტოს 19-მა სახელმწიფო ორგანომ მიმართა და ჯამში 7,767,349 ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვაზე მოითხოვა ნებართვა. როგორც თავად დასაბუთებაში სახელმწიფო ორგანო მიუთითებს, 26 მაისი არის უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული, რომელიც 1918 წლიდან აღინიშნება და საქართველოს დამოუკიდებლობის ერთგვარი სიმბოლოა, წარმოადგენს მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებას.
არსებული მრავალწლიანი პრაქტიკის ფონზე ბუნებრივია, რომ 26 მაისი გაუთვალისწინებელი დღესასწაული ვერ იქნება და მთავრობას წლის დასაწყისშიც კი შეუძლია სამოქმედო გეგმის დამტკიცება. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც გასული წლების ფაქტებიც ცხადყოფს, 26 მაისის სამზადისისათვის სახელმწიფო ორგანოები ყოველთვის გამარტივებულ შესყიდვას მიმართავენ და მომსახურებისა თუ საქონლის შესასყიდად ტენდერებს არ იყენებენ.
გამარტივებული შესყიდვა ელიტური კორუფციის მაღალ რისკს შეიცავს და საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, უმჯობესია, სახელმწიფომ მაქსიმალურად შეამციროს გამარტივებული შესყიდვის წესის გამოყენება. თუმცა, როგორც ამას სტატისტიკა აჩვენებს, გამარტივებულ შესყიდვებზე დახარჯული თანხები არ მცირდება. 2019 წელს ბიუჯეტიდან 937,465,566 ლარი დაიხარჯა, 2020 წელს 1.070,086,317 ლარი, ხოლო 2021 წელს 1,052,419,113 ლარი.
გარდა მაღალი კორუფციული რისკებისა, გამარტივებული შესყიდვა გამორიცხავს თანხების შესაძლო კლებას კონკურენციის მეშვეობით. თუ ტენდერის შემთხვევაში თანხების დაზოგვაა შესაძლებელი, გამარტივებული შესყიდვა როგორც წესი გამორიცხავს ამ შესაძლებლობას.
19 სახელმწიფო უწყებაში, რომლებმაც უკვე მიმართეს შესყიდვების სააგენტოს, არიან თბილისის მერია, შპს "საქართველოს ფოსტა", საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქ.ბათუმის კულტურის ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სხვები.
მათგან ყველაზე დიდ თანხებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დახარჯავს. კერძოდ ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების ქ.თბილისში და საქართველოს ათივე რეგიონში მოსაწყობად სამინისტრო 2,800,000 ლარის დახარჯვას აპირებს.
მეორე ადგილს დანახარჯების სიდიდით იკავებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელიც 891,191 ლარის დახარჯვას აპირებს სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში.
მესამე ადგილს იკავებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომლის მოვალეობაც არის 26 მაისს გადმოსცეს “საქართველოს განაცხადი (მთავარი სათქმელი), რომელიც ნათელი და მკაფიოა - დღეს ჩვენ ერთად ვთანხმდებით, რომ ძალა ერთობაშია ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებითა და ჩვენი დამოუკიდებლობით”. ამ სათქმელის გადმოსაცემად ტურიზმის სააგენტო 777,206 ლარის დახარჯვას აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 19-ვე ორგანოს არ მიუღია თანხმობა გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე, წარსული წლების გამოცდილება და დამკვიდრებული პრაქტიკა გვაძლევს გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ ყველა ამ შესყიდვაზე გაცემული იქნება თანხმობა, თანხის ყოველგვარი შემცირებისა და ხარჯების სხვაგვარი კორექციის გარეშე.
აღსანიშნავია ისიც, რომ 26 მაისისთვის წელს დასახარჯი თანხა დაახლოებით 367,000 ლარით მეტია იმ ხარჯთან შედარებით, რაც შარშან 2022 წელს გამოიყო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, შესაბამისად ხარჯების ტენდენცია მზარდია.
2023 წლის 29 აპრილის მონაცემებით, ვეტერანების, ვეტერანებთან გათანაბრებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა 66,759 ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საბიუჯეტო დაფინანსება 2020 წელს 7,224,900 ლარს შეადგენდა, 2021 წელს 8,082,000 ლარს, ხოლო 2022 წელს 9,495,000 ლარს. შესაბამისად, ამ სამსახურისთვის ბოლო სამ წელში გამოყოფილი ბიუჯეტის საშუალო მაჩვენებელი - 8,267,300 ლარი თითქმის ტოლია 2022 და 2023 წელს ერთი დღის - 26 მაისის აღსანიშნავად გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინასნებისა, რაც დაახლოებით 7,580,000 ლარს უდრის.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მისიას მიეკუთვნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის:
-
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახებისსათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა;
-
სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ვეტერანთა პოტენციალის სრულფასოვანი გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა, მათი სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობისათვის ღირსეული სათანადო პირობების შექმნა;
-
ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
წყარო:
-
შესყიდვები https://bit.ly/3Bp5ooD
-
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური https://bit.ly/452aDId
-
2022 წლის ხარჯები https://bit.ly/42xnX5Q
-
სახელწმიფო ბიუჯეტი https://www.mof.ge/5355