საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ითვალისწინებს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, “ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამათალწარმოების ინტერესების დასაცავას კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.” იგივე შინაარსს იმეორებს საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. გარდა ამისა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ამბობს, რომ “საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.”
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის თავისუფლებასა და ხელმისაწვდომობაზე საუბრობს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ფაქტია, რომ წლიდან წლამდე საზოგადოებისთვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სტატისტიკა უარესდება.
“ფლანგვის დეტექტორის” საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საჯარო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და მასზე დაყრდნობით კვლევების მომზადება წარმოადგენს. შესაბამისად, ორგანიზაცია სხვადასხვა სამინისტროსგან, მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებისგან, ასევე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისგან აქტიურად ითხოვს საჯარო ინფორმაციას. თუმცა, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენს კითხვებზე პასუხის მიღება, რაც ზღუდავს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.
იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საკითხი მნიშვნელოვანია, გთავაზობთ იმ უწყებებისა თუ მუნიციპალიტეტების მოკლე ჩამონათვალს, რომლებიც ჩვენს წერილებზე პასუხის გაცემასა და საჯარო ინფორმაციის მოწოდებას თავს არიდებენ.
2021 წლიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით “ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარებმა მთავრობის ადმინისტრაციასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტს საერთო ჯამში 8 წერილი გაუგზავნეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, თუმცა ყველა შემთხვევაში ორივე ადრესატმა საჯარო ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავა.
კიდევ ერთი ასეთი უწყება კულტურის სამინისტროა. მას შემდეგ, რაც სამინისტროს თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა. “ფლანგვის დეტექტორმა” კულტურის სამინისტროს მხოლოდ გასულ წელს 6 წერილით მიმართა, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია.
2023 წლის იანვარში ორგანიზაციის მკვლევარებმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართეს. აღსანიშნავია, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო თუ ინფორმაციის გაცემისთვის 10-დღიანი ვადა არის საჭირო, ამის შესახებ განმცხადებელს მოთხოვნისთანავე უნდა ეცობოს. ქონების ეროვნულ სააგენტოს არც ერთ ეტაპზე უცნობებია ჩვენთვის, რა ვადაში შეძლებდა მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდებას. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი ყველა გონივრული ვადა ამოიწურა, ვცადეთ სატელეფონო კომუნიკაციითა და ოფიციალური მიმოწერით დაგვედგინა, როდის მივიღებდით საჯარო ინფორმაციას, თუმცა არც ამას მოჰყოლია რაიმე შედეგი. უწყებაში წერილის გაგზავნიდან 3 თვეზე მეტი უკვე გავიდა, შესაბამისად, ორგანიზაციამ საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციისთვის საჯარო ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო საქართველოს მთავრობის განკარგულებები იყო. თუმცა, 2020 წლის 26 სექტემბრის შემდეგ მთავრობის ოფიციალურ ვებ.გვერდზე განკარგულებები აღარ დამატებულა. ამას ემატება ისიც, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდის და ჩვენს წერილებს უპასუხოდ ტოვებს, რაც ცალსახად ჩვენთვის კონსტიტუტციით მონიჭებული უფლების უხეში დარღვევაა.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშებს.
ბოლო, 2022 წლის ანგარიშში, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2010 წლის შემდეგ 2022 წელს პირველად დაფიქსირდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველაზე დაბალი შედეგი. ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციამ 2022 წელს 374 საჯარო დაწესებულებას ჯამში 7,582 მოთხოვნა გაუგზავნა, საიდანა პასუხი მხოლოდ 4,385-ზე მიიღო, მიღებული პასუხებიდან კი მხოლოდ 2,640 შემთხვევაში იყო კანონით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადა დაცული. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2022 წელს წინა წლებთან შედარებით ყველა სამინისტრომ გააუარესა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი. 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლი 24%-ით შემცირდა და 58% შეადგინა.
ეს და სხვა კვლევებიც მოწმობს, რომ წლიდან წლამდე საქართველოში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სტატისტიკა უარესდება, ინფორმაციის თავისუფლება კი მჭიდრო კავშირშია დემოკრატიულ პრინციპებთან და ღირებულებებთან. საქართველო ახლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების რთულ გზას გადის და ამისთვის ევროკომისიის 12 მოთხოვნა უნდა შესრულდეს. აღნიშნული მოთხოვნები მჭიდრო კავშირშია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასთან, მათ შორის, საჯარო უწყებების ანგარიშველდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდასთან.
წყაროები:
-
https://bit.ly/3Vnqddm - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
-
https://bit.ly/3nfVT7B - საქართველოს კონსტიტუცია
-
https://bit.ly/40TT7mr - ფლანგვის დეტექტორის კვლევა
-
https://bit.ly/3nne2QT - მთავრობის განკარგულებები
-
https://bit.ly/3AIe3lF - IDFI-ის კვლევა