“ფლანგვის დეტექტორმა” საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2020-2022 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისთვის გაწეული სამივლინებო ხარჯებისა და მათი პარლამენტის პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლების რაოდენობის შესახებ.
მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2020 წელს 38 პარლამენტარი პლენარულ სხდომაზე საერთოდ არ გამოსულა სიტყვით. საინტერესოა, რომ მათგან რამდენიმეს ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტზე საქართველოს ბიუჯეტიდან თანხა დაიხარჯა.
მაგალითად, დავით ბაქრაძე ამ წელს პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულა, თუმცა მისი სამივლინებო ხარჯები 15,600 ლარს შეადგენს, ის სამუშაო ვიზიტებით აშშ-ში, სტრასბურგსა და პარიზში იმყოფებოდა. რუსლან გაჯიევი ერთხელ იმყოფებოდა მივლინებაში ქალაქ ბაქოში, ამისთვის ბიუჯეტიდან 1,850 ლარი დაიხარჯა. მთელი წლის განმავლობაში არც მას ამოუღია ხმა პლენარულ სხდომაზე. კიდევ ერთი მდუმარე დეპუტატი თენგიზ გუნავაა. ის 2020 წელს ორჯერ იმყოფებოდა მივლინებაში ბაქოსა და ტალინში და მისმა ხარჯებმა 4,300 ლარი შეადიგნა. სავალან მირზოევი და თამაზ ნავერიანი 2020 წელს მივლინებით ბაქოში იმყოფებოდნენ, თითოეული მათგანის მივლინება 1,850 ლარი დაჯდა, ორივე მათგანი მთელი წელი მდუმარედ იჯდა პარლამენტში. რამაზ ნიკოლაიშვილი 2020 წელს სამუშაო ვიზიტებით ბაქოსა და სტამბოლში იმყოფებოდა, ამისთვის კი 5,400 ლარი დაიხარჯა. გიორგი ტუღუში ორჯერ იყო ქალაქ ანკარაში სამუშაო ვიზიტით, ამისთვის ჯამში 200 ლარი დაიხარჯა.
როგორც ირკვევა, 2021 წელს იმ დეპუტატების სია, რომლებიც პლენარულ სხდომაზე საერთოდ არ გამოსულან სიტყვით, შემცირდა. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს ასეთი მხოლოდ 22 დეპუტატი იყო. მდუმარე დეპუტატების მივლინებებზე 2021 წელსაც დაიხარჯა თანხა ბიუჯეტიდან. მაგალითად, ედიშერ თოლორაიას მივლინება მესტიაში 450 ლარი დაჯდა, იგივე ოდენობის თანხა დაიხარჯა დილარ ხაბულიანის სამუშაო ვიზიტზეც. გოდერძი ჩანქსელიანის ოფიციალურ ვიზიტზე ქუთაიში კი 230 ლარი დაიხარჯა.
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის მხოლოდ თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით ინფორმაცია მოგვაწოდა, თუმცა ინფორმაციიდან ჩანს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტში 27 მდუმარე დეპუტატი იჯდა.
წინა წლების მსგავსად, 2022 წელსაც მდუმარე დეპუტატები აქტიურად დადიოდნენ ოფიციალურ და საქმიან ვიზიტებზე სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, მთელი წლის განმავლობაში ელგუჯა გოცირიძის საქმიან ვიზიტებზე ბიუჯეტიდან 11,000 ლარი დაიხარჯა. ზაურ დარგალის საქმიან ვიზიტზე ლაგოდეხში 180 ლარი დაიხარჯა, ხოლო ისკო დასენი 3,700 ლარად ბუქარესტს ეწვია. კიდევ ერთი მდუმარე პარლამენტარი, რომელმაც მივლინებაში 4,300 ლარი დახარჯა, გრიგოლ ვაშაძეა. სუმბატ კიურეღიანი 2022 წელს სომხეთში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით, ამაში 1,600 ლარი დაიხარჯა. 1,900 ლარი დაიხარჯა გოგი მეშველიანის მივლინებებში ფრანკფურტში, პარიზსა და ბერლინში. ყველაზე მეტი თანხა 2022 წელს რამაზ ნიკოლაიშვილის საქმიან ვიზიტებში დაიხარჯა. ის ერთი წლის განმავლობაში ბაქოს, ბუქარესტსა და სტამბოლს ეწვია. ბიუჯეტს ეს 14,500 ლარი დაუჯდა. ალექსანდრე ტაბატაძე კიდევ ერთი მდუმარე დეპუტატია. მისი ვიზიტი ავსტრიაში 705 ლარი დაჯდა. ამ წელს ყველაზე ნაკლები თანხა ვიქტორ ჯაფარიძის საქმიან ვიზიტში დაიხარჯა, ის 180 ლარად გურიაში იმყოფებოდა.
გამოდის, რომ 2020-2022 წლებში 87 მდუმარე დეპუტატის სამივლინებო ხარჯებმა საერთო ჯამში 70,445 ლარი შეადგინა. საინტერესოა, რამდენია მდუმარე პარლამენტარების შრომითი ანაზღაურება და როგორ იცვლება ის წლიდან წლამდე.
როგორც პარლამენტის წევრების ფინანსური დეკლარაციებიდან ირკვევა, 2020 წელს იმ დეპუტატების შრომის ანაზღაურებამ, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში პარლამენტში მდუმარედ ისხდნენ, 1,531,465 ლარი შეადგინა. ხოლო იმ დეპუტატების ხელფასების საერთო ჯამი, რომლებიც გარდა იმისა, რომ მთელი წელი ჩუმად ისხდნენ, ასევე მივლინებებშიც დადიოდნენ, 285,776 ლარია.
იქიდან გამომდინარე, რომ 2021 წელს მდუმარე დეპუტატების რიცხვი 38-დან 22-მდე შემცირდა, შესაბამისად, შრომის ანაზღაურებაც უფრო ნაკლები გამოდის. 22 მდუმარე დეპუტატის შრომის ანაზღაურებამ საერთო ჯამში 728,000 ლარი შეადგინა, აქედან 141,818 ლარი იმ პარლამენტარების ხელფასების ჯამია, რომლებიც მთელი წელი ხმას არ იღებდნენ და მივლინებებში დადიოდნენ.
რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით დეპუტატების უმეტესობას ახალი დეკლარაცია ატვირთული არ აქვს, შესაბამისად, იმ 7 პარლამენტარის შრომითი ანაზღაურების საერთო ჯამი, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ, 266,436 ლარია. 91,927 ლარი იმ პარლამენტარების ანაზღაურების ჯამია, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სამუშო ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყანაში დადიოდნენ.
NDI-ის 2023 წლის მარტის კვლევის თანახმად საქართველოს მოსახლეობის 81% პარლამენტის საქმიანობას ცუდად (31%) ან საშუალოდ (50%) აფასებს. ეს რიცხვი წინა გამოკითხვაში, 2022 წლის აგვისტოში, 85% უდრიდა.
ხოლო NDI-ის წინა, 2022 წლის აგვისტოს, კვლევის თანახმად, მოსახლეობის 54% ფიქრობდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები არ გადადგამენ არანაირ ნაბიჯს მათ დასახლებაში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, ხოლო 10%-მა არ იცის ამას გააკეთებს თუ არა პარლამენტის წევრი. ე.ი პარლამენტის წევრების მიმართ უნდობლობას ამ ნაწილში, მოსახლეობის 64% გამოხატავდა. 56% ფიქრობდა, რომ პარლამენტი კანონებს ამტკიცებს მათთვის უმნიშვნელო საკითხებზე, ხოლო 8%-მა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი. ჯამში 62% ან უკმაყოფილო იყო პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობით, ან მათთვის ამ საქმიანობის შედეგი გაუგებარია. აგრეთვე, მოსახლეობის 73% მიიჩნევდა, რომ პარლამენტი რეგულარულად არ ეკონტაქტება მოსახლეობას ან მან ამის შესახებ საერთოდ არ იცის.
წყაროები:
-
https://parliament.ge/public-information/120?fbclid=IwAR2o8T8EXAUrlUvm5l_f22ikoVeeehY84XJY6VbYujUu1u6eQX-SMmXwoXk - სამივლინებო ხარჯები, 2020-2022 წწ.
-
https://bit.ly/43MwFOJ - პლენარულ სხდომებზე გამოსვლის რაოდენობები, 2020-2022
-
https://docs.google.com/spreadsheets/d/1fb_4Bkfm8WJgXVAkPL9tdhLfjICZ7UfX7Fg6AOAPMCk/edit?usp=sharing