"კარტოგრაფების საქმის" მოსამართლე სილაგაძის ძმა ბ. ივანიშვილის კომპანიებს მართავდა

2023 წლის 5 აპრილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 3 მოქმედ და 1 ყოფილ მოსამართლეს. კონკრეტულად კი სანქციები დაუწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხელ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). 

როგორც შესაბამის დოკუმენტშია მოცემული, აღნიშნულმა პირებმა თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოში აშშ-ის ელჩმა ამ სანქცირების მიზეზი დამატებით განმარტა და აღნიშნა: "საკუთარი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი … რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით”.

მიმდინარე მოვლენებზე სანქცირებული მოსამართლეების კოლეგებმა კომენტარი გააკეთეს. მათ შორის იყო პაატა სილაგაძე, რომელმაც არსებული ვითარება მძიმედ შეაფასა და კოლეგა მოსამართლეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მოსამართლე პაატა სილაგაძის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” ადრეც წერდა. პაატა სილაგაძემ სამოსამართლო საქმიანობას 2006 წელს დაიწყო და დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. აღსანიშნავია, რომ პაატა სილაგაძე იყო სააპელაციო სასამართლოში ე.წ კარტოგრაფების საქმის მოსამართლე, რომელმაც დაუშვებლად ცნო ადვოკატების სარჩელი, რომლითაც საქალაქო სასამართლოს მიერ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ. 

სამოსამართლო საქმიანობის პარალელურად, საინტერესოა პაატა სილაგაძის ფინანსური მდგომარეობა და კავშირები. 2021 წლის მდგომარეობით, მოსამართლისა და მისი მეუღლის საკუთრებაში არა ერთი უძრავი ქონებაა. კერძოდ: 2 საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ქუთაისში; მიწის ნაკვეთი კასპის რაიონში; 2 ბინა ქალაქ თბილისში. მოსამართლის მეუღლემ ავტომობილი 2020 წელს, ავტომობილი10,000 აშშ დოლარად შეიძინა. 2012-2021 წლებში პაატა სილაგაძეს შრომის ანაზღაურების სახით სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული აქვს 947,710 ლარი. ყველაზე დიდი შემოსავალი 2017 წელს აქვს მიღებული - 122, 824 ლარის ოდენობით. 

მისი შრომის ანაზღაურება მოსამართლის თანამდებობაზე შემდეგნაირად გამოიყურება:

2012 - ₾71,350; 2013 - ₾88,175; 2014 - ₾111,870; 2015 - ₾113,161; 2016- ₾ 113,445; 2017 - ₾ 122,824; 2018 - ₾100,980; 2019 - ₾83,545; 2020 - ₾67,053; 2021 - ₾75,307

საინტრესოა, რომ მოსამართლის ფინანსური ისტორიის შესწავლისას გაირკვა, რომ მისი ძმა, ლაშა სილაგაძე ბიძინა ივანიშვილის სხვადასხვა კომპანიასთან არის დაკავშირებული, რომელთაგან სამის იურიდიული მისამართი ემთხვევა ბანკი „ქართუს“ ოფისის მისამართს (ჭავჭავაძის 39ა); ასევე, მას კავშირი აქვს ივანიშვილის გარემოცვის ახლო წევრებთანაც. 

ლაშა სილაგაძე 2018 წლის 29 ივლისამდე შემდეგი კომპანიების დირექტორი იყო: 

1) შპს „თაბორი რიზორთსი“, 

2) შპს „ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი“ 

3) შპს „სპორტს ჰოტელ ენდ რიზორტი“. 

 

შემდეგ სამივე ორგანიზაციაში დირექტორის პოსტზე ერთმა პირმა, გიორგი თორაძემ ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები შპს „ტურიზმის განვითარების ფონდის“ საკუთრებაშია, რომელიც დაფუძნებულია „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მიერ. თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაარსდა. მისი ფინანსური წვლილი ორგანიზაციაში ფონდის მთლიანი კაპიტალის 15%-ს შეადგენდა. „ტურიზმის განვითარების ფონდი“, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, რომელიც პანამური ოფშორული სააქციო საზოგადოების FRANKSTON INTERNATIONAL S.A.-ის მფლობელობაში (100%) იყო 2019 წლამდე, ხოლო მას შემდეგ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია “საქველმოქმედო ფონდი ქართუ” . 

აქვე ხაზგასასმელია, რომ ვიდრე ლაშა სილაგაძე ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებში დირექტორის თანამდებობას დაიკავებდა, ეს პოსტი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირს, ირაკლი ქარსელაძეს ეჭირა. იგი დღეისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია, ხოლო წარსულში თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი იყო. ირაკლი ქარსელაძეს ეკუთვნის სარეგისტრაციო განცხადება შპს „თაბორი რიზორთსის“ შესახებ, სადაც შემდგომში ლაშა სილაგაძე გახდა დირექტორი. 

მოსამართლე პაატა სილაგაძის ძმა დაკავშირებულია კიდევ ერთ პირთან, გელა კობერიძესთან. მის სახელზეა სარეგისტრაციო განცხადებების გაკეთება იმ ორ კომპანიაში (შპს „ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი“ და შპს „სპორტს ჰოტელ ენდ რიზორტი“), სადაც ლაშა სილაგაძე დირექტორის თანამდებობას იკავებდა. პარალელურად, გელა კობერიძე „ბლექ სი არენას“ დირექტორია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია LIMESTONE FINANCE INTERNATIONAL S.A. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბატონმა კობერიძემ 2012-2018 წლებში „ქართულ ოცნებას“ და, მასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, 11 ათასი ლარი შესწირა.

გოჩა ჩიკვილაძე კიდევ ერთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან, რომელთანაც პაატა სილაგაძის ძმას კავშირი აქვს. სამივე კომპანია, სადაც ლაშა სილაგაძე დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ბანკი „ქართუს“ იურიდიულ მისამართზეა რეგისტრირებული, რაზეც თანხმობა გაცემულია გოჩა ჩიკვილაძის მიერ. ბატონი ჩიკვილაძე წლების განმავლობაში ხელისუფლების აქტიური შემომწირველია. 2012-2022 წლებში მის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაღებული თანხა 271,630 ლარს შეადგენს.

 

წყაროები:

  1. ელჩის განცხადება https://bit.ly/3nVYMKS 

  1. პაატა სილაგაძის განცხადება https://bit.ly/3ZZntmW 

  2. ფლანგვის დეტექტორი https://bit.ly/3KiOvjo 

  3. შემოწირულობა https://bit.ly/3KNB9xd 

  4. შემოწირულობა https://bit.ly/3UmWWia 

  5. შპს ბლექ სი არენა https://bit.ly/3KpYwey 

  6. შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი https://bit.ly/3ZPLr3T