2023 წელი ქუთაისის მერმა ერთი ძვირადღირებული ტენდერის გამოცხადებით დაიწყო. მერია 2022 წელს გამოშვებული, მაღალი გამავლობის ავტომობილის ყიდვას აპირებდა მერის პირადი მომსახურებისთვის. აღნიშნული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 118,211 ლარი იყო. ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს ავტო ცენტრი თბილისმა იმონაწილევა და 26 იანვარს მასთან ზუსტად 118,211 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ანუ ქუთაისის მერიას არცერთი თეთრის ეკონომია გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ტენდერის მიმდინარეობისას ავტომობილების მიმწოდებელმა ერთ-ერთმა სხვა კომპანიამ, შპს სტრადამ, ქუთაისის მერიას სთხოვა, რომ ავტომობილის მიწოდების ვადა 30 კალენდალური დღიდან, 70 კალენდალურ დღემდე გაეზარდა, ვინაიდან მხოლოდ ეს პირობა იყო, რომელსაც ვერ აკმაყოფილებდა. სამაგიეროდ კომპანია ქუთაისის მერიას ავტომობილს სავარაუდო შესასყიდ ღირებულებასთან შედარებით უფრო ბიუჯეტურ ფასში სთავაზობდა.
ქუთაისის მერიამ საბოლოოდ ხელშეკრულება მაინც შპს ავტო ცენტრი თბილისთან გააფორმა, რომელმაც ქუთაისის მერს skoda kodiaq 2.0 4x4 მარკის ავტომობილი 2023 წლის 10 თებერვალს მიაწოდა და თანხაც უკვე სრულად ჩაერიცხა.
შპს ავტოცენტრი თბილისის 100%-იან წილს შპს ბუტიგრუპი ფლობს, ხოლო შპს ბუტიგრუპის 100%-იან წლის კი შპს გნ ბენეფიტსი. თავის მხრივ შპს გნ ბენეფიტსის 50-50% იან წილებს ფლობენ ზურაბ ტუკვაძე და დავით გოგორიშვილი.
დავით გოგორიშვილი ამავე დროს არის შპს იბერია ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. შპს იბერია ბიზნეს ჯგუფის მფლობელი არის შპს აი-ბი-ჯი ჰოლდინგი, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც აგრეთვე დავით გოგორიშვილია, ამ კომპანიაში წილის 24%-ს ტარიელ ხეჩიკაშვილი, 29.22%-ს მისი მეუღლე, 20%-ს რუსული კომპანია, ხოლო 5%-ს რუსეთის მოქალაქე ფლობს.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია, რომლისგანაც ქუთაისის მერიამ ავტომობილი უკონკურენტო ტენდერით იყიდა და არცერთი თეთრის ეკონომია შესყიდვისას არ გააკეთა ქართული ოცნების ყოფილი მინისტრის - ტარიელ ხეჩიკაშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიაა. მიმწოდებელი კომპანიის მფლობელი და კომპანიის დირექტორი დავით გოგორიშვილი ამავე დროს ქართული ოცნების შემომწირველიც არის. მან 2016-17 წლებში პარტიას 3,000 ლარი შესწირა.
ავტომობილის შეძენიდან 1 თვეში, ქუთაისის მერიამ გამარტივებული შესყიდვა ისევ შპს ავტოცენტრ თბილისს გაუფორმა, 12,947 ლარის ღირებულებით. ამ თანხითმერის მანქანისთვის ნაწილები და მომსახურება შეისყიდეს, რომელიც ავტომობილის მიერ შემდგომი 150,000 კილომეტრის გავლის პერიოდში გახდება საჭირო. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს შესყიდვა გამარტივებული გზით განხორციელდა და ის 2026 წლის დასაწყისამდეა ძალაში. გამოდის, მისი მოქმედების ვადა ფაქტობრივად ემთხვევა იოსებ ხახალეიშვილის მერობის პერიოდს.
ეჭვს იწვევს ის გარემოებაც, რომ ქუთაისის მერმა მისი ავტომობილის მოვლა-შენახვისთვის ხელშეკრულება თბილისში არსებულ კომპანიასთან გააფორმა და მისი ქალაქის ფარგლებში ამგვარი მომსახურების გამწევი პირი არ და ვერ მოძებნა. ცხადია, რომ მანქანის ტექნიკური მომსახურება ნამდვილად არ წარმოადგენს ისეთ სერვისს, რომლის მიღებაც საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქში შეუძლებელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილის შეძენიდან რამდენიმე კვირაში, ქუთაისის მერის მანქანის უკანა ბამპერი დაზიანდა - სავარაუდოდ ავტომობილის რაღაც მყარ საგანზე მიჯახებით, რისი გამოსწორების ხარჯებიც ჯერ-ჯერობით ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და ის ისევ დაზიანებულ მდგომარეობაში იმყოფება.
საინტერესოა, როგორი პრაქტიკაა სხვა ევროპულ ქვეყნებში. სარგებლობენ თუ არა ძვირადღირებული ავტომობილებით ეკონომიკურად ძლიერი ქალაქების მერები და იხარჯება თუ არა ასიათასობით ლარით ბოლო მოდელის ავტომანქანებში? ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მერია არა თუ იძენს ახალ ავტომობილს, არამედ თავად ქალაქის მერები საჯარო ტრანსპორტით გადაადგილდებიან. მაგალითად, ლონდონში ხშირად შეხვდებით ქალაქის მერს სადიქ ხანს მეტროთი გადაადგილებისას. ამსტერდამის მერი სამსახურში მისასვლელად ხშირად ველოსიპედს იყენებს. ჰელსინკის მერიაში კი მერი და მაღალი თანამდებობის პირები მხოლოდ საკუთარი ავტომობილით სარგებლობენ. შესაბამისად, ჰელსინკის მერია არ ყიდულობს ავტომობილებს მერისთვის.
დასკვნა
ჩნდება ეჭვი, რომ ქუთაისის მერმა პირადი მოხმარებისთვის გამიზნული ავტომობილის ტენდერი კონკრეტულ კომპანიას მოარგო, რომლის მფლობელებიც ქართული ოცნების შემომწირველი და სპორტის ყოფილი მინისტრი არიან. აღნიშნულ ტენდერში არცერთი თეთრის ეკონომია არ გაკეთებულა და კონკურენცია ხელოვნურად შეიზღუდა, ვინაიდან არ მოხდა პროდუქტის მიწოდების ვადის მცირედი ზრდა, რათა არა 118,211 ლარად, არამედ უფრო შეღავათიან ფასად მომხდარიყო მანქანის შესყიდვა.
ამას გარდა ქუთაისის მერმა ავტომობილის შეძენიდან 1 თვეში 13,000-ლარიანი გამარტივებული შესყიდვა გაუფორმა იგივე კომპანიას, რითაც მისი მერობის პერიოდში, ავტომობილის მომსახურებისა და ცვეთის ხარჯების წინასწარი შესყიდვა მოხდა.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2021 წლისა და 2022 წლის დეკემბერში, სახელმწიფო უწყებებმა 128 მილიონი ლარის 1,800 მდე ავტომობილი შეიძინეს, რომლებიც ჩინოვნიკებისა და საჯარო მოხელეების გადაასადგილებლად იყო გამიზნული. შესაბამისად ამ პირობებში ქუთაისის მერის მიერ, გაუმჭირვალედ და სავარაუდო კორუფციის რისკების ქვეშ შესყიდული ავტომობილი და მასზე დახარჯული 131,000 ლარი ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის შემთხვევას წარმოადგენს.
ხოლო თუკი ევროპულ პრაქტიკას შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების მერები ხშირად დემონსტრაციულად გადაადგილებდიან საჯარო ტრანსპორტით, რათა ამით პოპულარიზაცია გაუწიონ მის გამოყენებას და ამავე დროს, ცხადია, საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ეკონომიაც ხდება. ასეა მაგალითად ლონდონის, ამსტერდამის, ჰელსინკის მერების შემთხვევაში. ხოლო ღარიბი საქართველოს მერები კი ბიუჯეტის სახსრებს არ იშურებენ პირადი კომფორტისთვის და მაღალი გამავლობის, უახლესი ავტომობილების შესაძენად.
წყარო:
-
სახ. შესყიდვის კოდი: CMR230042651
-
სახ. შესყიდვის კოდი: NAT230000310
-
https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5788 - შემოწირულებები
-
შპს ავტო ცენტრი თბილისი ს/კ: 405295844
-
https://www.facebook.com/squanderdetector/posts/3054041761537920/ - კვლევა ხეჩიკაშვილი
-
https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/service/179 - რეესტრი
-
https://rb.gy/hk9k31 - დაზიანებული მანქანა
-
ამსტერდამის მერი ველოსიპედით მიდის სამსახურში: https://twitter.com/fietsprofessor/status/1150487028355780610
-
ლონდონის მერი მეტროთი გადაადგილდება: https://secretldn.com/just-6-photos-sadiq-khan-looking-fab-public-transport/