ბოლნისის კულტურის სახლის დაფინანსება 4 წელში ₾1 მილიონით გაიზარდა, დასაქმებულთა რაოდენობა 50%-ით

სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფინანსებისა და საშტატო შემადგენლობის ზრდა უკვე წლებია, პრობლემას წარმოადგენს. საჯარო სექტორში დასაქმებულთა მზარდი წილი ბოლო პერიოდში ე.წ “ააიპ”-ებში დასაქმებაზე მოდის, რომელიც ხშირად, პარტიული აქტივის დასაქმებას ემსახურება. ამ დასაქმებულთა შენახვა, ცხადია, გადასახადის გადამხდელებს უწევთ.

მიუხედავად იმისა, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პრობლემაზე დიდი ხანია, რაც მიუთითებენ, პრობლემა მხოლოდ იზრდება. აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება მომდევნო წლებში. 2022 წლის ნოემბერში „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება.

მკითხველის შეტყობინების საფუძველზე, გადავწყვიტეთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონკრეტული ა(ა)იპ-ის, კულტურის სახლის შესწავლა, რომელიც ზემოხსენებული პრობლემის კარგი მაგალითი გამოდგა. ფლანგვის დეტექტორმა ბოლნისის კულტურის ცენტრის 2018-2022 წლების საქმიანობა და დაფინანსება შეისწავლა. 

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს ა(ა)იპ “ბოლნისის კულტურის სახლის” საბიუჯეტო დაფინანსება 1,335,520 ლარს შეადგენდა, რომლის  81.5% (1,087,980 ლარი) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაში იხარჯებოდა.

2018 წელს, ბოლნისის კულტურის სახლისა და მის დაქვემდებარებაში შემავალი სხვადასხვა დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა 183 პირს უდრიდა. აქედან 4 წლის თავზე, 2022 წელს თანამშრომელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა და 276 ადამიანი შეადგინა. თავის მხრივ გაიზარდა დაფინანსებაც და 2022 წლისთვის მან 2,372,450 ლარი შეადგინა, რომლის 78.2% ( 1.85 მლნ) კვლავ შრომის ანაზღაურებაში იხარჯებოდა.

დაფინანსებები წლების მიხედვით:

  • 2018 - 1,335,520 ლარი (1,087,980 ლარი ხელფასებში)

  • 2019 - 1,598,988 ლარი (1,334,347 ლარი ხელფასებში)

  • 2020 - 1,706,450 ლარი (1,571,392 ლარი ხელფასებში)

  • 2021 - 2,025,415 ლარი (1,719,831 ლარი ხელფასებში)

  • 2022 - 2,372,450 ლარი (1,855,077 ლარი ხელფასებში)

საერთო ჯამში 2018-2022 წლებში ბოლნისის კულტურის სახლის დაფინანსებამ 9,038,835 ლარი შეადგინა, რომლის 84.7% (7,651,807 ლარი) თანამშრომელთა, მათ შორის შტატგარეშე პირთა (83,180 ლარი)  შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა.

ბოლნისის მერიის მიერ გამოგზავნილი წერილობითი დასაბუთების თანახმად თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნამ გაეზარდათ კულტურის სფეროში დასაქმებული დარგის სპეციალისტების რაოდენობა. კერძოდ კულტურის სახლს დაემატა ახალგაზრდობის საქმეთა აღმასრულებელი ფუნქცია და მუნიციპალიტეტში მოეწყო ახალგაზრდული სათემოები.

მერიის დასაბუთებით კულტურის სახლმა 2018-22 წლებში განახორციელა არაერთი აქტივობა, რაც დაკავშირებული იყო სხვადასხვა ექსპედიციების მოწყობასთან, ქართული ენის შემსწავლელი კურსებისა და ცნობილი ადამიანების მოსახლეობასთან შეხვედრის ორგანიზებასთან.

აღსანიშნავია თანამშრომელთა რაოდენობისა და დაფინანსების ზრდის ტენდენციები 2020-2021 წლებში, როდესაც კოვიდ პანდემიის გამო ფაქტობრივად ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში, მთავრობას ევალებოდა ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა და ბიუჯეტის ეფექტურად განკარგვა.

გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2020-2021 წლებში კულტურის სახლის საშტატო ნუსხა 2019 წელთან შედარებით 54 ერთეულით, 217-დან 271-მდე გაიზარდა. ხოლო დაფინანსება 2019 წელთან შედარებით 426,415 ლარით გაიზარდა

წყარო:

1) ბოლნისის მერიის პასუხი: https://bit.ly/3XSa2ow