პროპაგანდისტული POSTV და მისი შემოსავალი

 

POSTV პროპაგანდისტული მედიასაშუალებაა, რომელიც ანტიდასავლურ გზავნილებსა და სიძულვილის ენას ავრცელებს. არხმა ბევრი მფლობელი გამოიარა, სანამ მის საკონტროლო პაკეტს ქართული ოცნების ღიად ანტიდასავლური განაყოფის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე დაეპატრონებოდა. ამის შემდეგაც დამფუძნებელმა შალვა რამიშვილმა POSTV "ხალხის ძალის მედიაპლატფორმად" გამოაცხადა. ანტიდასავლურ პროპაგანდისტულ ტელევიზიას 2019-2022 წლებში 12 მილიონ ლარამდე შემოსავალი აქვს მიღებული. მის რეკლამადამკვეთებში მთავრობის ადმინისტრაცია და თავდაცვის სამინისტრო შედიან.

—----

კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი პრორუსული მედიასაშუალებებია, რომლებსაც რუსეთი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივების გასავრცელებლად მსოფლიოს მასშტაბით იყენებს. ფლანგვის დეტექტორმა უკვე გამოაქვეყნა კვლევა ობიექტივის შესახებ, რომელიც “მედიის განვითარების ფონდის” ანგარიშებში ყოველ წელს ხვდება როგორც ანტიდასავლური გზავნილებისა და სიძულვილის ენის გამავრცელებელი მედიასაშუალება. ამჯერად კიდევ ერთი პროპაგანდისტულ მედიასაშუალების, POStv-ის ფინანსები შევისწავლეთ. 

POSTV-მ, რომელიც ღიად სახელისუფლებო არხია, მაუწყებლობა 2019 წლიდან დაიწყო, 2022 წლიდან კი ღიად ანტიდასავლური პარტიის, "ხალხის ძალის" მხარდამჭერი მედია გახდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 19 აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია პოსტვ-ი სუს-ის სპეციალური დანაყოფია და მის შექმნაში თავადაც მონაწილეობდა.

POSTV 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიას 5 დამფუძნებელი ჰყავდა, რომლებიც წილებს თანაბრად ინაწილებდნენ - ნუგზარ რუხაძე, ზაზა შათირიშვილი, ზვიად ბლიაძე, შალვა რამიშვილი და შპს სვოტ პროდაქშენი. კომპანიამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. ბოლო ცვლილება 2022 წლის ოქტომბერში განხორციელდა, რის შედეგადაც მესაკუთრეთა სია შეიცვალა. 

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის წილების 52% ვიქტორ ჯაფარიძემ შეისყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 1%-ის ღირებულება 10,000 ლარს შეადგენდა, საერთო ჯამში კი 52% წილების შესასყიდად ვიქტორ ჯაფარიძემ 520,000 ლარი გადაიხადა. 

ამჟამად კომპანიას 3 მესაკუთრე ჰყავს: შალვა რამიშვილი (24%), თემურ ჭარელაშვილი (24%) და ვიქტორ ჯაფარიძე (52%). შესაბამისად, კომპანიაში ყველაზე მეტ წილს “ხალხის ძალის” ერთ-ერთი წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს. 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ჯაფარიძის მიერ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის შესყიდვა ხელს შეუწყობთ „სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ“ მიტანაში. POSTV-ის ერთ-ერთმა მფლობელმა, შალვა რამიშვილმა კი მოგვიანებით ტელევიზიის სახელით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ტელევიზიამ მიიღო გადაწყვეტილება, ღიად დაუჭიროს მხარი „ხალხის ძალას“: „არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალის“ მედიაპლათფორმა“, – აცხადებს შალვა რამიშვილი. 

 

POSTV-ის ფინანსები 

https://gmc.org.ge/public//storage/news/March2023/Screenshot 2023-03-06 at 11.24.171.png

 

მაუწყებლობამ პირველი შემოსავალი 2019 წლის, მე-4 კვარტალში მიიღო. ამ დროიდან  2022 წლის ბოლომდე არხს ჯამში 11,990,859 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. 

შემოსავლის უდიდესი ნაწილი რეკლამებიდან მიღებული თანხებია, თუმცა მაუწყებლობის მფლობელის შემოწირულობებიც ფიქსირდება. მაგალითად, მაუწყებლობის მფლობელებმა არხს 100,000 ლარი შეწირეს 2020 წელს, ხოლო 2021 წელს - 295,970 ლარი. რაც შეეხება რეკლამიდან მიღებულ შემოსავალს, პოსტვ-იმ რეკლამირებიდან 2019-2022 წლებში 9,712,400 ლარი მიიღო. 

რეკლამირებიდან მიღებულ თანხებს წლიდან-წლამდე იზრდება. მაგალითად 2020 წელს რეკლამირების შედეგად პოსტვ-მ 1,403,707 ლარი მიიღო, 2021 წელს - 4,046,911ლარი, ხოლო 2022 წელს 4,261,782 ლარი. 

კომპანიებს შორის, რომლებიც პოსტვ-ის რეკლამის განსათავსებლად მიმართავენ, არიან საჯარო დაწესებულებებიც, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. 

აღსანიშნავია, რომ პოსტვ-ის სარეკლამო მომსახურებას უწევენ როგორც ადგილობრივი ისე უცხოური კომპანიები. 2022 წელს, არხზე რეკლამები განათავსა კომპანია Optimum Media Buying Limited-მა. კომპანია Optium Media Buying limited რეგისტრირებულია მოსკოვში. აღნიშნულმა კომპანიამ 3-ჯერ გამოიყენა POSTV რეკლამირებისთვის, ხოლო რეკლამირებაზე დახარჯულმა თანხამ თითოეულ შემთხვევაში 7,000-დან 50,000-მდე ლარი შეადგინა. აღნიშნული კომპანია სარეკლამო მომსახურებაში თანხას ასევე სხვა სამაუწყებლო არხებსაც უხდის, მაგალითად ტელე-იმედს, GDS TV-ის, მედია ჰოლდინგს და მთავარი არხს. 

 

წყაროები:

  1. https://bit.ly/41B8ZM5 - დაფინანსება და რეკლამირება

  2. https://bit.ly/41Fwzao - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: POSTV სუს-ის სპეციალური დანაყოფია 

  3. https://bit.ly/3J5H7Zj „პოსტივის“ საკონტროლო პაკეტი დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ 520 000 ლარად იყიდა