საქართველოს პარლამენტის ბიურო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ინიცირების საკითხს განიხილავს. კანონპროექტი, "ქართული ოცნებიდან" გამოყოფილმა ჯგუფმა, "ხალხის ძალამ" დააინიცირა.
კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ითვალისწინებს ა(ა)იპ-ებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობა წლებია, ევროკავშირისგან გრანტებს იღებს, მიღებული თანხა კი სხვადასხვა პროექტის განხორციელებას უნდა მოხმარდეს. მაგალითად, 2020-2022 წლებში საქართველოს მთავრობამ საერთო ჯამში გრანტის სახით 1,289,369,100 ლარი მიიღო.
გრანტების უდიდესი ნაწილი საქართველოს სწორედ ევროკავშირი აძლევს. მათ შორის, გრანტებით არის დაფინანსებული ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიც არის:
-
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე;
-
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა;
-
თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი;
-
ბათუმის ავტობუსების პროექტი;
-
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა;
-
აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა;
-
სახელმწიფო მდგრადობის პროგრამა;
-
ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის;
-
ეკონომიკის და ბიზნესის განვითარება საქართველოში;
-
უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
-
საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება;
-
რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი;
-
წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი;
-
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი;
-
იმერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
-
აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ის ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის 20% უცხოეთიდან არის მიღებული, ვალდებულები არიან ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია.
აღსანიშნავია, რომ კანონის ინიციატორები, ხალხის ძალის წევრები თავად არიან შემჩნეულნი დეკლარაციების არასწორად შევსებაში. მაგალითად, ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ოთხჯერ შემოწმდა, 2018, 2019, 2020 და 2022 წლებში. ოთხივე შემთხვევაში დეკლარაცია არასწორად ჰქონდა შევსებული. 2018 წელს არასწორად შეავსო დეკლარაცია ხალხის ძალის კიდევ ორმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა. 2019 წელს კი ხარვეზები დაუფიქსირდა მიხეილ ყაველაშვილს. შესაბამისად, თავად კანონის ინიციატორები უკვე წლებია არღვევენ კანონს და დეკლარაციას არასწორად ავსებენ.
ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ კანონის ინიციატორები უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამო ორგანიზაციებს უცხოეთის გავლენის აგენტებად აიდენტიფიცირებენ, თავად უარს არ ამბობენ უცხოეთში მოგზაურობაზე და წლიდან-წლამდე მსოფლიოს ირგვლივ პარლამენტის წევრის ეგიდით მოგზაურობენ. მაგალითად, მხოლოდ 2022 წელს, სოზარ სუბარის საზღვარგარეთულ მივლინებებში ბიუჯეტიდან 12,709 ლარი დაიხარჯა. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 9,969 ლარი ტაილანდში ვიზიტზე დახარჯა. ტაილანდში სოზარ სუბართან ერთად იმყოფებოდა ხალხის ძალის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძეც, რომლის ვიზიტზეც ასევე 9,969 ლარი დაიხარჯა. 5,635 დაიხარჯა მიხეილ ყაველაშვილის ესპანეთში ვიზიტზე, ხოლო დავით კაჭარავას სამხრეთ აფრიკაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში მოგზაურობა ბიუჯეტს 21,337 ლარი დაუჯდა.
წყარო:
-
https://www.scribd.com/document/627041279/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-II -უცხოეთიდან მიღებული გრანტები.