აფხაზეთის მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2021-ში ბიუჯეტის 99% ხელფასებში დახარჯა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბიკის მთავრობა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენელი რგოლია. სანამ აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია, აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციაც ფორმალურად საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ფუნქციონირებს .

აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობაში შედის 5 სამინისტრო და 1 მთავრობის აპარატი, როგორც ცალკე მხარჯავი უწყება. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს, განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სამინისტროს მიზანია ერთი მხრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე სოციალური თუ სხვა სახის პროექტების განხორციელება, ხოლო მეორეც მხრივ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა და მათთვის სხვადასხვა სოციალური, იურიდიული თუ სხვა სახის სერვისების შეთავაზება.

ამისთვის აფხაზეთის მთავრობას ცენტრალური ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარით აფინანსებენ: 

  • 2020 წელს - 19,080,780 ლარი

  • 2021 წელს - 20,770,000 ლარი

  • 2022 წელს - 23,500,000 ლარი

 

ცხადია, დაფინანსების უპირველესი მიზანი საქართველოში მცხოვრები 263,000 იძულებით გადაადგილებული პირის სოციალური დახმარება და ხელშეწყობა უნდა იყოს, აგრეთვე მათი ინტეგრაციისთვის მიმართული ნაბიჯები. თუმცა აფხაზეთის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საბიუჯეტლ პრიორიტეტები სხვანაირად არის განაწილებული და ის ძირითადად მთავრობაში დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურებაში იხარჯება.

 კერძოდ 2020-2022 წლებში ხელფასებში დაიხარჯა:

  • მთავრობის აპარატი 5,588,640 ლარიდან 3,513,383 ლარი - 63%

  • ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრო - 4,089,672 ლარიდან 3,476,689 ლარი - 85%

  • განათლებისა და კულტურის სამინისტრო - 2,811,360 ლარიდან 2,136,229 ლარი - 76%

  • ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 1,952,475 ლარიდან 1,359,929 ლარი - 70%

  • იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო - 7,053,320 ლარიდან 4,681,600 ლარი - 66.3%

  • იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო - 2,816 ლარიდან 1,726,814 ლარი - 61.3%

 

გამოდის 5 სამინისტროსა და მთავრობის აპარატში 2020-2022 წლებში ბიუჯეტის 70% შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა. აღსანიშნავია ეკონომიკისა და განათლების სამინისტროები, სადაც ბიუჯეტის 85% და 76% დაიხარჯა შრომის ანაზღაურებაში.

გამორჩეულია ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს 2021 წლის ხარჯი, რა დროსაც 1,518,445 ლარიდან 1,500,013 ლარი (99%) უწყებამ შრომის ანაზღაურებაში დახარჯა. 

საყურადღებოა თავად მთავრობის შემადგენლობაც და მინისტრების შრომის ანაზღაურება, ასე მაგალითად:

  • აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარემ რუსლან აბაშიძემ 2020-2022 წლებში ხელფასის სახით -  249,150 ლარი მიიღო;

  • განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ - 143,450 ლარი;

  • ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ - 137,600 ლარი;

  • ჯანმრთელობისა და სოციალური მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ - 141,631 ლარი;

  • იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ - 138,243 ლარი;

  • იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ - 117,333 ლარი.

 

აღსანიშნავია რომ დავით ფაცაცია ირაკლი კობახიძის დის ქმარია, ხოლო ეკა ხოფერია წლების განმავლობაში ქართული ოცნების ღია მხარდამჭერი და სამთავრობო ტელევიზიებში სპიკერი იყო, რის შემდეგაც აფხაზეთის მთავრობაში მინისტრად დაინიშნა. ამის შემდეგ მან საჯარო აქტიურობა შეწყვიტა.

სხვა ხარჯებთან ერთად საყურადღებოა აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სამინისტროების მიერ საწვავში დახარჯული ხარჯებიც. კერძოდ, 2020-2022 წლებში აფხაზეთის მთავრობის აპარატმა და ხუთმა სამინისტრომ საწვავში -  513,200 ლარი დახარჯეს.

საბოლოო ჯამში, რომ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობაში კარგად ჩანს, თუ როგორ ხდება ბიუჯეტის პრიორიტეტიზაცია და რაოდენ დიდი ადგილი უკავია ხარჯებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას. საყურადღბოა ის გარემოებაც, რომ მთავრობის უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ მმართველი პარტიის თავჯდომარის სიძე და პროსამთავრობო სპიკერი ეკა ხოფერია.

ფლანგვის დეტექტორი წარსულშიც წერდა აფზათის მთავრობის მიერ გაწეულ გაუმართლებელ ხარჯებზე. მაგალითად, 2018 წელს აუდიტის სამსახურის თანახმად აფხაზეთის მთავრობას 7,000 ლარად ჰქოპნდა შეძენილი ბუღალტრული პროგრამა, რომელსაც საერთოდ არ იყენებდა ან კვალიფიკაციის უქონლობის ან უბრალოდ იმიტომ, რომ სამსახური საერთოდ არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.

წყარო:

  1. https://idfi.ge/ge/number-of-provided-living-areas-for-idps 

  2. http://www.abkhazia.gov.ge/laravel-filemanager/files/28/matsne-5331767-0.pdf - ბიუჯეტი

  3. http://www.abkhazia.gov.ge/member - აფხაზეთის მთავრობა

  4. https://www.scribd.com/document/611028972/%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 - აფხაზეთის მთავრობის ხარჯები