უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა, რთველის სუბსიდირების ფარგლებში, ₾ 5.11 მილიონი მიიღო

"არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს მევენახეებს" - განაცხადა ირაკლი რაღიბაშვილმა 2022 წლის აგვისტოში. ამასთანავე აღნიშნა, რომ  მთავრობას 2022 წელს სუბსიდირება  150 მილიონი ლარი დაუჯდებოდა. გამოყოფილი 150 მილიონი ლარი სამ ძირითად კომპონენტს უნდა მოხმარებოდა: 

  • პირდაპირ სუბსიდირებას;

  • ჭარბი ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებას; 

  • ყურძნის შესასყიდად სესხის პროცენტის თანადაფინანსებას. 

მთავრობამ ამ სექტორის სუბსიდირება 2008 წელს დაიწყო. გადაწყვეტილების თავდაპირველი მიზანი რუსული ემბარგოს უარყოფითი ზეგავლენის შერბილება და მევენახეობისა და მეღვინეობის დარგების წახალისა იყო, თუმცა 14 წლის შემდეგადაც სახელმწიფო კვლავ აგრძელებს დარგის სუბსიდირებას და ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები მზარდია. ჩვენ აქ არ განვიხილავთ, რამდენად გამართლებულია რთველის სუბსიდირება, უბრალოდ მოგახსენებთ ფაქტებს, თუ როგორ და ვისთვის მუშაობს სუბსიდირების პროგრამა. 

ჭარბ ყურძენს სახელმწიფო კომპანია "მოსავლის მართვის კომპანია" ყიდულობს, რომელიც ყურძნისგან ამზადებს ღვინოს, ხდის სპირტს და შემდეგ ასაწყობებს მას სახელმწიფო აუქციონზე გაყიდვისთვის. მოსავლის მართვის კომპანია ხელშეკრულებებს გამარტივებული შესყიდვის წესით აფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ფორმდება კონკრეტულ პირთან/კომპანიასთან, ყოველგვარი ტენდერისა და კონკურენციის გარეშე. 2022-2023  წლებში - 4,496,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს უნივერსალ სპირიტთან და 615,900 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს გრუზვინპრომთან სწორედ ამ გზით გაფორმდა. 

შპს გრუზვინპრომთან ხელშეკრულების საგანი ძირითად შემთხვევაში საბრენდე სპირტის შენახვა, სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიწოდება და მანქანა-დანადგარების საშუალებით ყურძნის გადამუშავების მომსახურება იყო. რაც შეეხება შპს უნივერსალ სპირიტთან 2022-2023 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ყველა მათგანი სპირტის სახდელი დანადგარების, ყურძნის დასაწური მოწყობილობების ან საბრენდე სპირტის შენახვის მომსახურეობის შესყიდვას შეეხებოდა.

კომპანიის მესაკუთრეები და კავშირები ქართულ ოცნებასთან

შპს უნივერსალ სპირიტის 100%-ის მესაკუთრე შპს საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანებაა, ხოლო ამ უკანასკნელის მესაკუთრეები ვახტანგ კარიჭაშვილი და  გიორგი ღამბაშიძე არიან - რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები. რაც შეეხება შპს გრუზვინპრომს, მისი 100% წილის მეპატრონე არის  შპს Bolero & Company, რომლის 100% წილის მეპატრონე ვახტანგ კაჭირაშვილია. საბოლოო ჯამში ორივე კომპანია დაკავშირებულია ერთ პირთან - ვახტანგ კაჭირაშვილთან.

საინტერესოა ამ კომპანიების კავშირი ქართულ ოცნებასთან. პარტიული შემოწირულობების რეესტრის თანახმად, შპს Bolero & Company-ის 2020 წელს მმართველი პარტიისთვის 120,000 ლარი აქვს შეწირული; შპს გრუზვინპრომის დირექტორმა, მამუკა ფოთოლაშვილმა 2017 წელს ქართულ ოცნებას 50,000 ლარი შესწირა;  ხოლო შპს Bolero & Company-ისა და შპს უნივერსალ სპირიტის დირექტორს ირაკლი ბექაურს 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში ქართული ოცნებისთვის ჯამში 150,000 ლარი აქვს შეწირული.

საერთო ჯამში შპს უნივერსალ სპირიტ-თან და შპს გრუზვინპრომ-თან დაკავშირებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა ქართულ ოცნებას ჯამში 320,000 ლარი შესწირეს. 

გარდა პარტიული შემოწირულობებისა, ვახტანგ კარიჭაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის - უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი, კერძოდ 2021 წელს დაარსებული შპს მელიქიშვილი ინნ-ის 50-50%-ს ფლობენ უჩა მამაცაშვილი და ვახტანგ კაჭირაშვილი, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან.

წყარო:

  1. პრემიერ-მინისტრი სუბსიდირებაზე https://bit.ly/3IRw9GX

  2. სუბსიდირება https://bit.ly/3GEdA6y 

  3. შესყიდვები https://bit.ly/3GBYnD2 

  4. კომპანიები https://bit.ly/3XwBszV 

  5. http://bolero.ge/georgian/our-team - კარიჭაშვილის და სხვების ფოტოები