მეტროსადგურ ვარკეთილის რემონტს ოცნების შემომწირველი გააკეთებს

თბილისის მერია 13,398,611 ლარს დახარჯავს ვარკეთილის მეტროს რეკონსტრუქციასა და კაპიტალურ რემონტრში. მერიამ შერჩეულ კომპანიასთან 2022 წლის დეკემბერში გამარტივებული წესით გააფორმა ხელშეკრულება.

ვარკეთილის სადგურის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. მეტროს სადგურების კაპიტალური შეკეთება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას და ინტერიერის განახლებას ითვალისწინებდა. მიუხედავად კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებისა, რომ შესრულებული სამუშაოები იქნებოდა ხარისხიანი და 10 წლის განმავლობაში დეფექტი არ გამოვლინდებოდა, სამუშაოების დასრულებიდან მალევე, 5 თვეში, მეტროს ჭერი ჩამოინგრა, რამაც ფინანსური ზარალის პარალელურად, ადამიანების დაშავება გამოიწვია. სულ 14 ადამიანი დაშავდა. 

ჯერ კიდევ 2019 წელს, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევიდან 1 წლის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა “ერთი წელი გავიდა, ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია”. თუმცა ჩამონგრევიდან 4  წლის შემდეგადაც მეტრო ჯერ კიდევ  სარეაბილიტაციოა. 

მეტროსადგურ ვარკეთილის რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების განსახორციელებლად, თბილისის მერიის შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ ტენდერი 2022 წლის 18 იანვარს გამოცხადდა, თუმცა ტენდერი არ შედგა. ამავე წლის 15 მარტს კვლავ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი და სატენდერო პროცედურების შედეგად ხელშეკრულება გაფორმდა შპს „მამისონთან“.  აღსანიშნავია, რომ პირველ შემთხვევაში ტენდერის სავარაუდო ღირებულება 7,057,389 ლარი იყო, ხოლო მეორედ გამოცხადების შემთხევაში თანხები 13,666,967 ლარამდე გაიზარდა. 

შპს მამისონმა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის შემდეგაც არ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი და სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი პროექტი. 6 თვის შემდეგ ვერ დაწყებულმა სამუშაომ ცხადი გახადა, რომ შპს „მამისონის“ მიერ ხელშეკრულების შესრულება განსაზღვრულ ვადაში ვერ მოხდებოდა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” 3 ნოემბერს ხელშეკრულება შეწყვიტა.  ასე გაიფლანგა რეკონსტრუქციაზე გამოყოფილი დროიდან ნახევარი წელი.  თავად სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სრული რეაბილიტაციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოები აუცილებელია განხორციელდეს შეზღუდულ ვადებში, რათა არ მოხდეს დედაქალაქის მოსახალეობისათვის მეტად მნიშვნელოვანი, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხება.

ამის შემდეგ, 2022 წლის ნოემბერში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა, გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვის მისაღებად. ნებართვის მიღების შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 13,398,611 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებული წესით მისთვის სასურველ კომპანიასთან, შპს შპს ბადა ქონსთრაქშენთან გააფორმა.

შპს ბადა კონსთრაქშენი 2011 წელს დაფუძნებული კომპანიაა. ვებ-გვერდის მიხედვით კომპანიას 3 დასრულებული და 3 მიმდინარე პროექტი აქვს. დასრულებულ პროექტებს განეკუთვნება ბიზნეს ცენტრი ატრიუმი, სასტუმრო ნიშნიანიძეზე და ბოლნისის მუზეუმი. ხოლო მიმდინარე პროექტებია ერთი ინდივიდუალური პროექტი, საცხოვრებელი კომპლექსი  ვილა კავკასიონი და 11 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ბადა გლდანი.

შპს ბადა კონსთრაქშენისთვის ეს  სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პირველი შემთხვევა არ არის. კომპანია ტენდერებში არა, თუმცა გამარტივებულ შესყიდვებში 2012 წლიდან ფიქსირდება. უნდა აღინიშნოს, რომ 2012-2021 წლებში სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოებმა კომპანიასთან მხოლოდ  18 ხელშეკრულება გააფორმეს. მათგან ყველაზე მაღალი ღირებულების შესყიდვა, 2014 წელს საქ.სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის ღირებულებაც 2,245 ლარი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი ღირებულების ხელშეკრულება შავსაყდრის საჯარო სკოლამ გაუფორმა და ხელშეკრულების ღირებულება 20 ლარი და 68 თეთრი იყო.  

ასეთი “სტარტის” შემდეგ, 2022 წლის ივლისში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შპს ბადა ქონსთრაქშენს ჯერ 4,198,341 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა, მოგვიანებით კი 2022 წლის დეკემბერში, ვარკეთილის მეტროს რეკონსტრუქცია დაავალა და 13,398,611 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიის დამფუძნებელმა და 100%-ის მესაკუთრე ბაჩანა შენგელიამ ქართულ ოცნებას 2014 წელს 60,000 ლარი შესწირა. 

საინტერესოა, როგორ შეასრულებს შპს ბადა ქონსთრაქშენი მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. შეძლებს ვალდებულებების შესრულებას, თუ წინამორბედების ბედს გაიზიარებს, რომლებმაც ვალდებულებები უხარისხოდ შეასრულეს, ან სულაც არ შეასრულეს. ბადა ქონსთრაქშენს ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების შესასრულებლად 18 თვე აქვს, თუმცა წარსული გამოცდილება, მათ შორის გოცირიძის მეტროს მაგალითი სკეფსისის საფუძველს იძლევა. 

 

წყარო:

  1. NAT220001038 - ტენდერი 18.01.2022

  2. NAT220005178 - ტენდერი 15.03.2022 

  3. SMP220003399 - მიმართვა გამარტივებულ შესყიდვაზე 

  4. CMR220162822 - გამარტივებული შესყიდვა 

  5. CMR140052875 - 2,254 ლარის ღირებულების შესყიდვა

  6. CMR140020771  - 20.68 ლარის ღირებულების შესყიდვა 

  7. https://bit.ly/3iLth3Z - ფლანგვის დეტექტორი ვარკეთილზე 

  8. https://bit.ly/3XBRWqi  - შპს ბადა ქონსთრაქშენის პროექტები

  9. https://bit.ly/3IUQrQc  - თბილისის მერი მეტროსადგურ ვარკეთილზე

  10. https://bit.ly/3XhjH7M ბაჩანა ადამია, შემომწირველი