აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა 2 დღეში ₾19 ათასი სასტუმრო ამბასადორში დახარჯა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა სადისკუსიო შეხვედრისათვის 2 დღეში სასტუმროს მომსახურებაში 19,469 ლარი დახარჯა. 

მინისტრის აპარატმა “სამშვიდობო რესურსი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა” ქვეპროგრამის  (კოდი: 19 02 01) ფარგლებში სასტუმროს მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით გადაწყვიტა და 2022 წლის 24 ნოემბერს ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. 

ხელშეკრულების თანახმად მინისტრთა აპარატმა გადაწყვიტა სადისკუსიო შეხვედრის გამართვა თემაზე “რეგიონში მიმდინარე მოვლენების გავლენა სამშვიდობო პოლიტიკაზე და არსებული გამოწვევები და პერსპექტივები”.  დისკუსიაში საზოგადოების სამოქალაქო საზოგადოებიდან და არასამთავრობო სექტორიდან მოწვეული სტუმრებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა.  სწორედ ამ სტუმრების, ჯამში 25 ადამიანის 2 დღის სასტუმროში განსათავსებლად დაიხარჯა  19,469 ლარი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. 

აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობა აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა, ნანა გაბელიამ მიიღეს. ფოტოებში ასევე ჩანს, რომ შეხვედრას ესწრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი, ეკა ხოფერია.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის აპარატმა ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა კონკრეტულ, მისთვის სასურველ სასტუმროსთან. მინისტრის  აპარატმა სასტუმროს არჩევისას არჩევანი ამბასადორ "კაჭრეთზე" შეაჩერა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროს შერჩევა ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს, რა იყო დისკუსიის მოწყობის მთავარი მიზანი - არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა, თუ ბიუჯეტის ხარჯზე 2-დღიანი დასვენება?
ქვეპროგრამის “სამშვიდობო რესურსი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა” დაფინანსება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მიხედვით წლიდან წლამდე იზრდება. 2020 წელს ქვეპროგრამისთვის განსაზღვრული თანხა 17,421 ლარი იყო, 2021 წელს - 35,000 ლარი, ხოლო 2022 წელს თანხა 150,000 ლარამდე გაიზარდა.

წყაროები:

  1. შესყიდვა CMR220145285 

  2. შეხვედრის ფოტო მასალა https://bit.ly/3VykNuL 

  3. ბიუჯეტი  https://bit.ly/3Veo0zO