2020 წელს იუნესკოსთან ასოცირებულმა გლობალურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS) 2016-2019 წელს რისკის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ICOMOS-ი 1965 წელს დაარსდა და ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის მაღალი სტანდარტების განვითარებას ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
ანგარიშში მოხსენიებულ 23 ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა. ICOMOS-ის შეფასებით, საფრთხე ემუქრება ბათუმის ისტორიულ მემკვიდრეობას, ხადას ხეობასა და დავით გარეჯს. თუმცა, ამჯერად დეტალურად მხოლოდ ბათუმზე ვისაუბრებთ.
ანგარიშის თანახმად “კულტურული მემკვიდრეობის ბევრმა ძეგლმა დაკარგა ისტორიული მახასიათებლები. ზოგიერთი მათგანი განზრახ დაანგრიეს. ზოგან ძველი შენობები შეიცვალა მრავალსართულიანი, ამ ტერიტორიისთვის შეუფერებელი ფართომასშტაბიანი შენობებით. ბათუმის „განახლებას“ შეეწირა ისტორიული ქალაქის ზომიერი და ადამიანური მასშტაბები, ძველი უბნების ინტიმური გარემო, ურბანული რიტმი, სტილისტური სიმარტივე, ტრადიციული გამწვანება… და “ქალაქის სული”.
“ქალაქის სულის” დაკარგვას ხელს ალბათ შესაძლო კორუფციული სქემით გაცემული სამშენებლო ნებართვები და ზედამხედველობის სამსახურის არაჯეროვანი საქმიანობაც უწყობს.
აუდიტის სამსახურის 2016-2018 წლების მონიტორინგის შედეგად არა ერთი დარღვევა გამოიკვეთა. მათ შორის მშენებლობებზე ზედამხედველობის ნაკლოვანებები. აუდიტის შეფასებით, მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო (უნებართვო) მშენებლობების შეჩერება და აღმოფხვრა, ხოლო რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა. ასევე რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა კოეფიციენტის დაუსაბუთებლად ზრდის შემთხვევები, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპზე არაერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც არამართლზომიერი ქმედების რისკებს ქმნის.
2018-2021 წლებში ბათუმში 2649 მშენებლობის ნებართვა გაიცა.
-
2018 წელი - 1015 ნებართვა
-
2019 წელი - 875 ნებართვა
-
2020 წელი - 323 ნებართვა
-
2021წელი - 436 ნებართვა
ქალაქის განვითარება უკვე წლებია, მთავარი დოკუმენტის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გარეშე ხდება.
ბათუმის მთავარი გამოწვევა ურბანული განვითარების გრძელვადიანი ხედვის, ასევე, ურბანული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების კომპლექსური გეგმების/სტრატეგიების არქონაა,რაც თავის მხრივ ქალაქში ქაოსურ მშენებლობებსა და ინფრასტრუქტურულ გადატვირთულობას იწვევს.
ბათუმის გენ.გეგმის შემუშავება წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი არაერთხელ გამხდარა. მაგალითად, 2014 წელს ქართული ოცნების კანდიდატის, გიორგი ერმაკოვის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო გენ.გეგმის შემუშავება, მოგვიანებით, 2017 წელს, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, ლაშა კომახიძე აღნიშნავდა “ყველანაირი პირობაა იმისა, რომ მომავალ წელს ბათუმს ეს გეგმა ჰქონდეს”. მერობის პერიოდში კი აღნიშნა, “ბათუმის გენგეგმა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც დავუტოვებ ქალაქს”.
მიუხედავად დაპირებებისა, ფაქტია არჩევნებში გამარჯვების შემდგომ ამ დაპირებას შესრულების ნაცვლად, ივიწყებდნენ.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების I ეტაპზე კონკურსი ბათუმის მერიამ 2019 წელს გამოაცხადა. კონკურსის სავარაუდო ღირებულება 1,101,694 ლარი იყო, თუმცა მასში მონაწილეობა კომპანიებმა არ მიიღეს, რის გამოც კონკურსი არ შედგა.
მოგვიანებით 2020 წელს ბათუმის მერიამ სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავების მიზნით კვლავ გამოაცხადა კონკურსი, ამჯერად 2,118,644 ლარის ღირებულების. თუმცა, ამჯერადაც კონკურსი შეწყდა.
ამის შემდგომ მერიამ კონკურსი კიდევ ერთხელ 2021 წლის აპრილში გამოაცხადა, ამჯერად სავარაუდო ღირებულება 2,118,640 ლარს შეადგენდა. კონკურსში სითი ინსტიტუტი საქართველომ გაიმარჯვა, რომელთანაც მერიამ 2,495,700 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
თუმცა, ჯერაც უცნობია ექნება თუ არა, ან როდის ექნება ბათუმს გენ.გეგმა. ერთი კი ცხადია, მშენებლობები ბათუმში კვლავ მთავარი დოკუმენტის, გენ.გეგმის გარეშე მიმდინარეობს.
საინტერესოა, ისიც რომ გენ.გეგმის არქონა თანხების არარსებობით ვერ აიხსნება, რადგან როგორც შესყიდვიდან ჩანს გენ.გეგმის შემუშავება მხოლოდ 2.2 მილიონი ლარი ჯდება. მაგალითისთვის 2021 წელს ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან 32 მილიონი დაუხარჯავი დარჩა, ხოლო 2020 წელს 13 მილიონი.
შესაბამისად, გენ.გეგმის არარსებობა არა ფინანსების არქონით, არამედ შესაბამისი ნების არქონით არის გამოწვეული.
წყარო:
-
კონკურსი 2021 CNT210000003
-
კონკურსი 2020 CNT200000041
-
კონკურსი 2019 CNT190000024
-
ლაშა კომახიძე დაპირება https://bit.ly/3TAFi9x
-
ლაშა კომახიძე წინასაარჩევნო დაპირება https://bit.ly/3DqYWPG
-
გიორგი ერმაკოვი საარჩევნო პროგრამა https://bit.ly/3gBGuej
-
ბათუმის რეგიონული განვითარების გზამკვლევი https://bit.ly/3gCZIQN
-
HERITAGE AT RISK WORLD REPORT 2016-2019 ON MONUMENTS AND SITES IN DANGER https://bit.ly/3soMl9i
-
ICOMOS https://bit.ly/3z4rls3
-
აუდიტი https://bit.ly/3gA8G1c