რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინება ერთადერთი საკითხი არ არის, რომელზეც სახელმწიფო არ რეაგირებს. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხი.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დემოკრატიული სამყაროს პოზიციები რუსეთზე სანქციების დაკისრების ნაწილში დიდწილად თანხვედრაში იყო. დაწესებული სანქციები შეეხებოდა ფინანსურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორს, ექსპორტსა და იმპორტს, სავიზო პოლიტიკას.
საქართველო იმ იშვიათ გამონაკლისებს შორის აღმოჩნდა, რომელიც რუსეთისათვის დაკისრებულ სანქციებს არ შეუერთდა. თავად ირაკლი ღარიბაშილმა მიღებულ გადაწყვეტილება "ქვეყნისა და მოსახლეობის ეროვნული ინტერესების" დაცვით ახსნა.
ბუნებრივია, ეროვნულ ინტერესებში რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებაც უნდა შედიოდეს, რაც მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს წინააღმდეგ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” 2022 წლის ანგარიშში წერს, რომ 2022 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დაიწყო, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე უფრო გაიზარდა, ვიდრე ეს მაგალითად წინა წელს იყო. ეკონომიკაზე დამოკიდებულების ნაწილში მნიშვნელოვანია იმპორტის მაჩვენებლებიც. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია;
არსებობს პროდუქტების გარკევული კატეგორია, რომელთა იმპორტიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ალტერნატივა არ აქვს, მაგალითად, ასეთი სწორედ ასეთი პროდუქტია ხორბალი, რომელიც საქართველოში ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდის. factcheck- ის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 2021 წელს საქართველოში რუსეთიდან 319,000 ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც სულ იმპორტირებული ხორბლის 94%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი საქართველოში იმპორტირებული 490,944 ტონა ხორბლის 99.4% რუსეთიდან შემოიტანეს.
თუმცა, უალტერნატივოთა სიაში არ არის ტრენაჟორები, რომლებიც წლებია უკვე რუსეთიდან შემოაქვთ. ფლანგვის დეტექტორი ამაზე ადრეც წერდა.
შესყიდვების შესწავლის შედეგად 2 კომპანია გამოიკვეთა, რომლებსაც რუსული ტრენაჟორები შემოაქვთ. ჯეო პარკი და გეო-გრინი უკვე წლებია ტენდერებს ძირითადად უკონკურენტოდ იგებენ და რუსული ტრენაჟორების შემოტანით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იღებენ.
ჯეო პარკმა მხოლოდ 2022 წლის 9 თვის განმავლობაში რუსული ტრენაჟორების გაყიდვით ბიუჯეტიდან ჯამში 2,002,451 ლარი მიიღო. მოგებული 21 ტენდერიდან, 15 შემთხვევაში უკონკურენტოდ მონაწილეობდა, 2 შემთხვევაში კონკურენტი ყავდა, თუმცა მათზე დაბალი შეთავაზება განახორციელა, რის გამოც ტენდერში გაიმარჯვა, ხოლო 4 შემთხვევაში კონკურენტმა კომპანიებმა შემსყიდველ ორგანოს ჯეო პარკზე დაბალი ფასი შესთავაზეს, თუმცა დაბალი ფასის შეთავაზების მქონე კომპანიათა დისკვალიფიკაცია მოხდა, რის გამოც ხელშეკრულება ჯეო პარკთან გაფორმდა.
მართალია, შპს გეო-გრინს 2022 წელს ელ.ტენდერებში მონაწილეობა აღარ მიუღია, თუმცა კომპანია 2011-2021 წლებში აქტიურად იმარჯვებდა სახელმწიფო შესყიდვებში. კომპანიამ საერთო ჯამში 142 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ 2021 წელს მან 21 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 18 შემთხვევაში მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია. 2021 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 1,063,713 ლარი შეადგინა.
წყაროები:
-
https://bit.ly/3reMNGE შესყიდვები
-
https://bit.ly/3V0GxQH - ღარიბაშვილის განცხადება
-
https://bit.ly/3BVBEzk - საერთაშორისო გამჭვირვალობა 2022 წლის ანაგრიში
-
https://bit.ly/3E4gBxl - factcheck
-
https://bit.ly/3rfcwi3 - ფლანგვის დეტექტორი