დავით მჟავანაძე და ლიზა ქორიძე
წლებია, საქართველოს მუნიციპალიტეტები სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებისა თუ ადგილობრივი დღესასწაულების აღსანიშნავად ელ. ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებენ. ხშირად, ერთი და იგივე კომპანია ან ინდივიდუალური პირი ტენდერებს უკონკურენტო გარემოში იგებს და ერთი და იგივე დღესასწაულს აორგანიზებს. კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ ინდ. მეწარმე მანანა ნასიძე სწორედ იმ პირთა წრეს მიეკუთვნება, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ზედიზედ ერთი და იგივე დღესასწაულისთვის გამოცხადებულ ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს.
მაგალითად, მანანა ნასიძეს 2013-2022 წლებში სულ 40 ელ.ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 22 შემთხვევაში გაიმარჯვა, 11 შემთხვევაში კი ისე გაიმარჯვა, რომ კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია. ტენდერების გზით მიღებული შემოსავალი 307,789 ლარს შეადგენს. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, დღეის მდგომარეობით, ამ გზით მანანა ნასიძესთან 34 ხელშეკრულება არის გაფორმებული და მათი საერთო ღირებულება თითქმის 160,000 ლარია (159,234).
აღნიშნულ თანხებს საჯარო უწყებები მანანა ნასიძეს სხვადასხვა გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის ურიცხავენ, რის ფარგლებშიც ნასიძე უზრუნველყოფს ქართული ესტრადის ისეთი წარმომადგენლების კონცერტებს, როგორებიცაა ბორის ბედია, ოთო ნემსაძე და სხვები.
აღნიშნული შესყიდვები საეჭვოა რამდენიმე მიზეზით: შესყივები კონკრეტულ ინდმეწარმეზე შესამჩნევად მორგებული პირობებით ხორციელდება და ისიც ხშირად ისეთ შემსრულებლებს ქირაობს, რომლებიც მმართველი პარტიის მიმართ ლოალურად არიან განწყობილი. ამასთან, სოციალურ ქსელში მ. ნასიძე გამოირჩევა ანტიდასავლური გზავნილებით, ხელისუფლების კრიტიკოსთან მადისკრედიტირებელი რიტორიკითა და მმართველი პარტიისადმი ღია მხარდაჭერით. იგი აქტიურად აზიარებს სააგიტაციო მასალებს, ქართული ოცნების ლიდერების გამოსვლებს და ა.შ. მის გვერდზე ხშირად შეხვდებით ხელისუფლებისადმი ლოიალური და დეზინფორმაციაში ხშირად შემჩნეული არხის, postv-ის მასალებს.
ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო კამპანიისას შევსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მანანა ნასიძეს კამპანიაში მონაწილეობისთვის აღებული აქვს ხელფასი 312 ლარის ოდენობით.
სწორედ ამგვარი, სავარაუდო კავშირების არსებობა შესაძლოა ხსნიდეს მიზეზს, თუ რატომ მიიღო ამ ინდმეწარმემ 2013 წლიდან დღემდე, ბიუჯეტიდან 468,000 ლარი, საიდანაც 160,000 სრულად უტენდეროდ გადაეცა, დანარჩენი 308,000 ლარი კი 22 ტენდერით, რომელთა ნახევარი უკონკურენტოდ მოიგო.
წყაროები:
https://www.facebook.com/manana.nasidze
01024005803 - მანანა ნასიძე
https://tenders.procurement.gov.ge/