2022 წლის 6 თვეში სასამართლო სისტემამ 3 პროგრამაზე გამოყოფილი 59 მლნ ლარი ვერ აითვისა

ბიუჯეტში პრიორიტეტების განსაზღვრასა და თანხების სწორ გადანაწილებასთან ერთად მნიშვნელოვანია, თითოეულმა ორგანომ, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისთვის გამოყოფილი თანხების სრულად ათვისება შეძლოს. თუმცა წლიდან წლამდე სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხების სრულად დახარჯვას ვერ ახერხებს.

ამ მხრივ გამონაკლისი არც 2022 წლის პირველი ორი კვარტალი ყოფილა. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. გასაკვირი არ არის, რომ გასული წლების მსგავსად, ბიუჯეტი სრულად ვერც 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში აითვისეს. 

დაბალი ათვისების მქონე პროგრამებს შორის არის 3 პროგრამა, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება: უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თავის მხრივ საერთო სასამართლოების პროგრამა, საერთო სასამართლოების სისტემის განვითარება და ხელშეწყობასა და მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლების მომზადება-გადამზადების ქვეპროგრამებს მოიცავს. თითოეული ქვეპროგრამა მიმართულია საერთო სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და განვითარებისკენ. 

2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში აღნიშნული 3 პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან 59,020,000 ლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა მხოლოდ 47,170,400 ლარის დაიხარჯა. შესაბამისად აუთვისებელი დარჩა 11,849,600 ლარი. 

თითოეული პროგრამის ათვისების თანხები ასე გადანაწილდა: 

პროგრამა/გეგმა/ათვისება

 

  1. უზენაესი სასამართლო - 7,175,000 - 6,255,800 (ათვისების მაჩვენებელი 80.5%),

  2. საერთო სასამართლოები - 48,270,000 - 38,855,000 (ათვისების მაჩვენებელი 81.2%)

  3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო - 3,575,000 - 2,059,600 (ათვისების მაჩვენებელი 57.6%)

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები უკვე წლებია, გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მიუხედავად რეფორმების დაუსრულებელი ტალღებისა და სასამართლოს გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯებისა, კვლავ პრობლემურია სასამართლოში კლანის არსებობის საკითხი და საზოგადოების ნდობაც სასამართლოს მიმართ დაბალ ნიშნულზეა. 

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, შეიძლება ითქვას, დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყანაში სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე. სასამართლო რეფორმა ერთ-ერთია იმ რეკომენდაციებს შორის, რომელიც ევროკომისიამ გასცა

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი 2022 წლის ბოლომდე შეასრულებს ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, რომელთა შორიც 2 პუნქტი სწორედ სასამართლოებს შეეხება.

 

  • მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით;

  • მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში.

ევროკომისიის რეკომენდაციებიდანაც კარგად ჩანს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მასშტაბური ხასიათი. თუმცა, როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები აჩვენებს, უამრავი პრობლემისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების მიუხედავად, ბიუჯეტიდან სასამართლოს გასაუმჯობესებლად გამოყოფილი თანხების სრული ათვისებაც კი ვერ ხდება. 

პარალელურად, აღსანიშნავია, რომ  უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების დაფინანსება უკვე წლებია მუდმივად იზრდება. გაზრდილი დაფინანსების პარალელურად კი თანხების დახარჯვას წლიდან წლამდე სრულად ვერ ახერხებენ. 

2016 წლიდან 2022 წლის პირველი  6 თვის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს დაფინანსებამ 64,925,000 ლარი შეადგინა, თუმცა გამოყოფილი თანხებიდან მხოლოდ 59,271,300 ლარის დახარჯვა მოახერხეს. 

29,645,000 ლარით დაფინანსდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საიდანაც მხოლოდ 23,672,000 ლარი აითვისეს. 

ბუნებრივია, რომ ამ წლების განმავლობაში ყველაზე დიდი დაფინანსება საერთო სასამართლოებმა მიიღო, რომელიც ბიუჯეტიდან 453,032,000 ლარით დაფინანსდა. ათვისებულმა თანხების ოდენობამ კი 425,949,100 ლარი შეადგინა. 

შესაბამისად 2016-2022 (I,IIკვარტალი) განმავლობაში თითოეული პროგრამის ფარგლებში აუთვისებელი დარჩა:

 

  • უზენაესი სასამართლო - 5,653,700 ლარი;

  • იუსტიციის საბჭო - 5,973,000ლარი;

  • საერთო სასამართლოები - 27,082,900 ლარი.

ბიუჯეტში პროგრამის ხარჯები 4 კატეგორიად არის დაყოფილი: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება, სოციალური უზრუნველყოფა, სხვა ხარჯები. 

2022 წლის 6 თვის ანგარიშის თანახმად უზენაეს და საერთო სასამართლოებს ყველაზე მაღალი ათვისების მაჩვენებელი სწორედ შრომის ანაზღაურების კატეგორიაში აქვთ. უზენაესმა სასამართლომ 93.7%-ით აითვისა შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხები, საერთო სასამართლოებმა კი  - 94.7%-ით.

 

წყარო:

  1. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები https://mof.ge/4564 

  2. ევროკომისიის რეკომენდაციები https://bit.ly/3e4kHue 

სასამართლოსადმი ნდობის მაჩვენებელი https://bit.ly/3RcSrnu