მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად აღნიშნავენ სხვადასხვა დღესასწაულს, რისთვისაც ბიუჯეტიდან თანხები გამარტივებული შესყიდვის წესით იხარჯება.
ამჯერად 4 დღესასწაულის შესახებ მოგიყვებით, რომლებიც სექტემბრის თვეში აღინიშნება.
ონელობა
ონელობა 2022 წლის 24 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიება 9 სექტემბერს ჩატარდა, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ღონისძიების მონაწილეებმა 29 აგვისტოს შეატყობინეს ორგანიზატორებს დაგეგმილი ტურნეების შესახებ, რაც ხელს შეუშლიდათ ღონისძიებაში მონაწილეობაში. შესაბამისად, მანამდე გამოცხადებული ელ.ტენდერი (NAT220016571) არ შედგა და ისევე, როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, ონის მუნიციპალიტეტმაც გადაწყვიტა ხელშეკრულებები ტენდერის ავლით, გამარტივებული შესყიდვების გზით გაეფორმებინა. შესყიდვის ღირებულება 38,208 ლარს შეადგენს. დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ონის, ამბროლაურის, ცაგერის და ლენტეხის ფოლკროლურმა ანსამბლებმა. თანხა ასევე დაიხარჯა ფურშეტზე და სხვადასხვა დეკორაციაზე.
სახალხო დღესასწაული “ონელობა” წლებია იმართება, შესაბამისად, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში. მუნიციპალიტეტს შეეძლო გაცილებით ადრე გამოეცხადებინა ელ.ტენდერი, რითიც თავიდან აირიდებდა გარკვეულ რისკებს, რაც მუსიკოსების ტურნეებთან იყო დაკავშირებული.
შოთაობა
34,821 ლარის დახარჯვას აპირებს ასპინძის მუნიციპალიტეტი “შოთაობა 2022” კულტურული ღონისძიების აღსანიშნავად. მერიამ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს (SMP220002523) და გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელებაზე ნებართვა ითხოვა. საინტერესოა, რომ შესყიდვის საფუძვლად “გადაუდებელი აუცილებლობა” დასახელდა.
თუმცა, რამდენად არის “შოთაობა” არასავარაუდო კულტურული ღონისძიება?
როგორც თავად ასპინძის მერია მიუთითებს დასაბუთებაში “შოთაობა” 1966 წლიდან იმართება ყოველწლიურად. შესაბამისად, წლის დასაწყისშივე სრულიად სავარაუდოა, რომ ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო იქნება ტენდერის გამოცხადება.
ასპინძის მერიამ ტენდერი აგვისტოში 2-ჯერ გამოაცხადა. პირველად ტენდერი (NAT220016317) 12 აგვისტოს გამოაცხადა, მასში 1 პრეტენდენტი მონაწილეობდა, რომლის დისკვალიფიკაციაც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მოხდა. ხოლო, მეორედ ტენდერი (SPA220002090) 23 აგვისტოს გამოაცხადა, რა დროსაც ტენდერი არ შედგა.
ვინაიდან ღონისძიების ჩატარება 25 სექტემბერს არის დაგეგმილი, მესამედ ტენდერის გამოცხადება, რომელიც სავარაუდოდ კვლავ უარყოფითი შედეგით დასრულდებოდა, ვეღარ მოესწრებოდა, სწორედ ამიტომ ასპინძის მერიამ შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული ხელშეკრულების გაფორმებაზე ნებართის მიღების თხოვნით მიმართა.
თუმცა რადგან მერია 1966 წლიდან აღნიშნავდა “შოთაობას”, ცხადია, შესაძლებელი იყო რისკების გათვლა და ტენდერის უფრო ადრე გამოცხადება. თავის მხრივ, ტენდერის გამოცხადება ისედაც დროსთან არის დაკავშირებული და მათ შორის უარყოფითი შედეგით ტენდერის დასრულების რისკებიც პროგნოზირებადი უნდა ყოფილიყო.
ასპინძის მუნიციპალიტეტისთის წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ეს რისკი კიდევ უფრო მარტივად პროგნოზირებადი იყო. 2019 წელს, პანდემიამდე, ასპინძის მუნიციპალიტეტმა ტრადიციულად გადაწყვიტა “შოთაობა 2019” აღნიშვნა. ამჯერადაც სწორედ აგვისტოს თვეში გამოაცხადა ტენდერი. პირველ შემთხვევაში (SPA190004139) მონაწილეობას იღებდა 1 პრეტენდენტი, რომლის დისკვალიფიკაციაც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო განხორციელდა, მეორე შემთხვევაში (SPA190004327) კი შესყიდვა არ შედგა.
განსხვავებით ასპინძისა და ონისაგან, გამარტივებული შესყიდვის გამოყენების საფუძველი “ექსკლუზიური უფლებამოსილებით” არის დასაბუთებული ბოლნისისა და ბორჯომის შემთხვევაში.
ბოლნისი და ბორჯომი:
ბოლნისის მუნიციპალიტეტი 2022 წლის 30 სექტემბერს “ბოლნისქალაქობა 2022-ს” აღნიშნავს. ღონისძიების აღსანიშნავად მუნციპალიტეტი გალა კონცერტს გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 72,000 ლარი გამოიყოფა, აღნიშნული თანხა მთლიანად 4 შემსრულებლის ჰონორარებზე ნაწილდება. მაგალითად, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ჰონორარი 52,925 ლარს შეადგენს, ანსამბლი “შვიდკაცას” ჰონორარი – 10,325 ლარს. ღონისძიებაზე ასევე იმღებერს ნატო მეტონიძე, რომელიც ჰონორარის სახით 5,000 ლარს იღებს, ხოლო ლევან დეისაძისა და ზაზა ცერცვაძის ჰონორარები საერთო ჯამში 3,750 ლარს შეადგენს. შესყიდვის საფუძვლად მუნიციპალიტეტი ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ასახელებს.
რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტს, მერია ბორჯომობის ჩატარებას 11 სექტემბერს გეგმავდა. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვის ღონისძიებებიდან ყველაზე მცირე თანხები ბორჯომობის აღსანიშნავად დაიხარჯა (SMP220002459). ბორჯომის მერიამ ჯამში 12,120 ლარი დახარჯა და დღესასწაული მოკრძალებულად, მხოლოდ 2 შემსრულებლით, ანსამბლი ,,ჩვენებურები"-სა და მაგდა ვასაძის გამოსვლით აღნიშნა.
თუმცა ბორჯომისა და ბოლნისის შემთხვევაში კონკრეტული შემსრულებლები რა ნიშნით შეირჩნენ – ბუნდოვანია. მაგალითად ბორჯომის მერიის შემთხვევაში კითხვაზე - ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა? მერიამ უპასუხა, რომ მოწვეული ანსამბლი “ჩვენებურებისა” და სოლო მომღერალი მაგდა ვასაძის იდენტურ რეპერტუარს ქვეყნის შიგნით სხვა შემსრულებლები მსმენელს არ სთავაზობენ.
წყაროები:
-
SMP220002444 -ონელობა 2022
-
SMP220002548- ბოლნისობა 2022
-
SMP220002459 - ბორჯომობა
-
შოთაობა 2022 - SMP220002523