თბილისის მერიამ ეკოლოგიის პროგრამის ბიუჯეტიდან 27 მილიონი ლარი ვერ აითვისა

სალომე კვირიკაშვილი/ლიზა ქორიძე

 

ქალაქ თბილისის 6 თვის ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმა 781,691,359 ლარს შეადგენს, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით ბიუჯეტის ათვისება სრულად ვერ მოხერხდა და სხვაობა გეგმასა და ხარჯს შორის 148,132,444 ლარია. 

ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე პროგრამასა და ქვეპროგრამას მოიცავს, მათ შორის არის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება (03 00), რომელიც მხოლოდ 74%-ით შესრულდა და გამოყოფილი 105,834,057 ლარიდან მხოლოდ 78,281,589 ლარი დაიხარჯა. სხვაობა გეგმასა და ხარჯს შორის 27 მილიონ ლარს აღემატება. 

ასევე, საინტერესოა, რომ გეგმისა და ხარჯის სხვაობა საკმაოდ დიდი და თვალშისაცემია ორი ქვეპროგრამის შემთხვევაშიც. ესენია გამწვანებისა (03 01) და დასუფთავების (03 02) ღონისძიებები. 

გამწვანების შემთხვევაში თბილისის მერიას 41,891,608 ლარი უნდა დაეხარჯა, თუმცა დღეს ამ თანხიდან 25,132,046 ლარია დახარჯული. ხოლო რაც შეეხება დასუფთავებას, ამ შემთხვევაში სხვაობამ 8 მილიონ ლარს გადააჭარბა, რადგან გამოყოფილი 58,277,619 ლარიდან თბილისის მერიამ 49,635,000 ლარის ათვისება მოახერხა. 

ჰაერის დაბინძურება მწვავე და ქრონიკული დაავადებების ფართო სპექტრთან ასოცირდება, როგორიცაა ფილტვის კიბო, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მთელ მსოფლიოში გარემოს ჰაერის დაბინძურება განაპირობებს ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის დაახლოებით 16%-ს, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) სიკვდილიანობის 25%-ს, გულის იშემიური დაავადების და ინსულტის დაახლოებით 17%-ს და რესპირატორული ინფექციების სიკვდილის დაახლოებით 26%-ს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გარემოს დაბინძურება ჯანდაცვის მზარდ, გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომელსაც წელიწადში 7 მილიონამდე ადამიანი ეწირება. ჰაერის დაბინძურებით ხელშეწყობილი დაავადებებით უფრო მეტი ადამიანი კვდება ვიდრე მოწევით ან მალარიითა და აივ ინფექციებით.  

IQair შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ჰაერის ხარისხისა და დაბინძურების სტატისტიკას ადგენს. IQair-მა გამოაქვეყნა 2018-2021 წლებში ყველაზე დაბინძურებული ქვეყნებისა და ქალაქების სტატისტიკა, რომელიც 117 ქვეყანას აერთიანებს და საქართველო ამ ჩამონათვალში 42-ე ადგილს იკავებს. საქართველოზე ნაკლებად დაბინძურებული ჰაერი აქვთ ქვეყნებს, როგორებიცაა: თურქმენისტანი, თურქეთი, გვატემალა, მალაიზია, ტაივანი, კენია, ურუგვაი და სხვ. 

ჰაერის ამგვარი დაბინძურების პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მწვანე პოლიტიკა. თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის თანახმად “თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი დედაქალაქის ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრა, პირველ ეტაპზე ევროპული დედაქალაქების საშუალო მაჩვენებლებთან გატოლება, შემდეგ კი -ევროპის ყველაზე ჯანსაღ დედაქალაქებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა”. 

ამისათვის კი სხვა მრავალ განსახორციელებელ აქტივობასთან ერთად მერის დაპირებით შემუშავდება და განხორციელდება ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციული სივრცეების შექმნა-განვითარების მასშტაბური გეგმა. აღდგება და განახლდება თბილისის ტყეები. 

გამწვანება, პარკები და სარეკრეაციო სივრცეები მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს თბილისში.  სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის  თანახმად "მნიშვნელოვანია, ქალაქების მაცხოვრებლებს ჰქონდეთ მარტივი წვდომა გამწვანებულ საჯარო ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ინდიკატორი, რომლითაც მსგავსი ხელმისაწვდომობა შეიძლება გაიზომოს არის თანაფარდობა მწვანე სივრცესა და მოსახლეობის რაოდენობას შორის".

მიუხედავად ამისა, თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი დღემდე არ არის განსაზღვრული. 2001 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობი 5.6 კვადრატული მეტრი იყო. უფრო განახლებული ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი კვადრატული მეტრი გამწვანება მოდის ერთ ადამიანზე ბოლო წლებისთვის, არ არსებობს. თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული მაჩვენებელი გაუარესებულია. 

წყაროები:

  1. https://bit.ly/3qmfykj WHO

  2. https://bit.ly/3RtUfJy -წელიწადში 7 მლნ ადამიანის დაღუპვას იწვევს

  3. https://reut.rs/3S4oDdx -მოწევა

  4. https://bit.ly/3x9SE3w - მალარია და აივ ინფექციები

  5. https://bit.ly/3D3si70 IQair სტატისტიკა

  6. https://bit.ly/3x6LjSd კალაძის საარჩევნო პროგრამა

  7. https://bit.ly/3RreOWR სახალხო დამცველის ანგარიში