რამდენიმე პანდემიური წლის შემდეგ თბილისობა ისევ ძველებური ფორმით ბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ 2020-2021 წლებში ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო, რომელსაც თან სდევდა ასევე მძიმე ეკონომიკური-სოციალური ფონი, თბილისობა არ გაუქმებული, უბრალოდ შეიცვალა ჩატარების ფორმები და მასშტაბები.
მაგალითად, მერიის გადაწყვეტილებით, 2020 წლის თბილისობის ცერემონია სატელევიზიო ფორმატით, მაყურებლის გარეშე გაიმართა. კონცერტი გაუქმდა 2021 წელს, რაც ბათუმში, 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიით იქნა განპირობებული.
თუმცა, როგორც ჩანს წელს თბილისობის მასშტაბურად აღნიშვნისთვის ხელისშემშლელი ფაქტობერი აღარ არსებობს და მერია 3,050,000 ლარის დახარჯვას გეგმავს თბილისობის აღსანიშნავად.
ამასთანავე, მერია თანხების დახარჯვას პირდაპირი შესყიდვის წესით აპირებს. თბილისის მერიამ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვის მიღების მიზნით.
დოკუმენტების თანახმად “თბილისობა 2022”-ის აღსანიშნავად, 1-2 ოქტომბერს განახლებულ ორბელიანის მოედანზე, გუდიაშვილის მოედანზე, ლეღვთახევში და რიყის პარკში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, სხვადასხვა სახის აქტივობები, ღონისძიებები და კონცერტები გაიმართება, რომლებიც ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი.
მოსაზრებები იმის შესახებ უნდა აღინიშნებოდეს თუ არა თბილისობის დღესასწაული შეიძლება ორად გაიყოს, ამიტომ ამ თემას არ შევეხებით.
ამ ეტაპზე მხოლოდ იმ პრობლემურ საკითხზე ვისაუბრებთ, რაც ბიუჯეტიდან გამარტივებული შესყიდვის წესით თანხების ხარჯვას ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისობა ტრადიციულად ყოველწლიურად აღინიშნება, მერია თანხებს გამარტივებული შესყიდვის გზით დახარჯავს, რაც თანხების ხარჯვას ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულებების გაფორმებას გულისხმობს.
გამარტივებული შესყიდვის გამოყენების მიზეზად კი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება გახდა.
თუმცა, საინტერესოა რამდენად მოულოდნელი შეიძლება იყოს თბილისობის ღონისძიების ჩატარება, როდესაც ის ყოველწლიურად აღინიშნება?
პანდემიის დასასრულის დასაწყისად გამოცხადების შემდეგ, თბილისის მერიას საკმარისი დრო ჰქონდა ტენდერის გამოსაცხადებლად. თუ, მარტივად ვიტყვით, მერიისათვის წინასწარ განჭვრეტადი იყო თბილისობის ღონისძიების ჩატარების ფაქტი.
ამასთანავე, ტენდერის პირობებში არსებული კონკურენცია ყველაზე დაბალ ფასად სასურველი მომსახურების მიღების შესაძლებლობას იძლევა. გამარტივებული შესყიდვის წესი კი მომეტებულ კორუფციულ რისკებს მოიცავს. თანხების ეკონომიურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად ცხადია ტენდერის გამოცხადება უფრო ეფექტური და ნაკლებად კორუფციული რისკის შემცველი საშუალებაა.
აღსანიშნავია, თავად 3,050,000 ლარი, რომლის დახარჯვასაც თბილისის მერია ღონისძიების ჩასატარებლად გეგმავს, ეს კი იმ ფონზე, როდესაც თბილისში უამრავი მწვავე პრობლემა არსებობს.
ამ პრობლემებს შორის არის, ყველაზე ღარიბი მოსახლეობის საკითხიც, რომლებიც თბილისის უფასო კვების პროგრამის ბენეფიციარები არიან. მათ გამოსაკვებად ყოველდღიურად 1.3 ლარი იხარჯება, ხოლო საკვების გემოვნური და ხარისხობრივი თვისებები იმდენად დაბალია, რომ ბენეფიციარებს ძირითადად მხოლოდ პური გააქვთ სასადილოებიდან.
წყარო:
-
შესყიდვა SMP220002435
-
მერიის ბრძანება https://bit.ly/3CJW9kx
-
სახალხო დამცველის ონიტორინგის ანგარიში https://bit.ly/3d6zWm0
-
თბილისობა 2020 https://bit.ly/3R5YISy
-
თბილისობა 2021 https://bit.ly/3e9AWXg