მეტრო გოცირიძის დასრულების ვადის დაუსრულებელი ცვლილებები

ავტორი: სალომე კვირიკაშვილი

 

მეტროსადგური “გოცირიძე” 2021 წლის თებერვალში 3 თვით დაიკეტა. თუმცა, ნაცვლად 3 თვისა, უკვე 18 თვეა, ჩაკეტილია და არ ფუნქციონირებს. 

 

ბოლო, მონაცემებით გოცირიძის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები 2022 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და დასრულების თარიღი 67 დღით გადაიწია. 

 

აღსანიშნავია, რომ მეტრო გოცირიძის რეაბილიტაციის განმავლობაში, ეს მშენებლობის დასრულების ვადის გადაწევის მე-7 შემთხვევაა. ამასთავანე, თავდაპირველი ხელშეკრულებით მეტროს სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის  აპრილში უნდა დასრულებულიყო. 

 

მეტროს გარემონტების იდეა მერიას 2017 წელს გაუჩნდა და მერიის 100% საკუთრებაში მყოფმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კაპიტალური რემონტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით  ტენდერი გამოაცხადა. 2018 წლის იანვარში თბილისის სატრანსპორტო კომპანიას  უკვე ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტი, შემდეგ ეტაპზე კი საჭირო იყო უშუალოდ მეტროს სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოეცხადებინა. 

 

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესასრულებლად პირველი ტენდერი 26.10.2018 თარიღში გამოაცხადა. ამის შემდეგ კი კიდევ 9-ჯერ გამოაცხადა ტენდერი. საერთო ჯამში მეტროს კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესასრულებლად 10.2018-04.2020 შუალედში 10 ტენდერი გამოცხადდა. 

 

ბოლო ტენდერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 3 აპრილს გამოაცხადა. ამჯერად, მე-10 მცდელობაზე ტენდერი შედგა. ტენდერში 3 კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ კი ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიამ, უცხოური საწარმოს, შპს კაიზენის საქართველოს ფილიალმა გაიმარჯვა. 

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამარჯვებულთან 3,146,983 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმების თანახმად, კომპანიას სარემონტო სამუშაოები 210 კალენდარული დღის ვადაში უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი 14.04.2021 განისაზღვრა. თუმცა, კომპანიამ სამუშაოების შესრულება თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ შეძლო, რის გამოც ხელშეკრულებაში ვადასთან დაკავშირებით 6-ჯერ შევიდა ცვლილება, მაგრამ სამუშაოები ვერც შეცვლილ ვადებში დაასრულა. 

 

ბოლო ცვლილებების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად 13.09.2021 განისაზღვრა, შესაბამისად კომპანიას სამუშაოები ამ თარიღამდე უნდა დაესრულებინა. თუმცა კომპანიამ ამ ვადაშიც ვერ შეძლო სამუშაოების დასრულება, რის შემდეგაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება აღარ გააგრძელა. ხელშეკრულების ვადის გაუგრძელებლობის შესახებ დოკუმენტი 15.09.2021 წლით თარიღდება და მასში მითითებულია “მიუხედავად იმისა, რომ ხელშკერულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე იქნა გახანგძლივებული (ხელშეკრულების მიხედვით კონტრაქტორს სამუშაოები უნდა დაესრულებინა მისი გაფორმებიდან 210 კალენდარულ დღეში) საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოების 50%-ის შესრულება.” ამასთანავე დაფიქსირდა კომპანიის მიერ სამუშაოების ნაწილის არაჯეროვნად შესრულების ფაქტებიც, რის გამოც კომპანია არაერთხელ იქნა გაფრთხილებული წერილობით და ამავდროულად დაეკისრა გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაც. 

 

დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორის მიმართ ამოეწურა ნდობის რესურსი და მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია კომპანიასთან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება და ხელშეკრულება დასრულდა ისე, რომ კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამასთანავე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართა, კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით. 

 

მოგვიანებით, 2021 წლის 11 ნოემბერს,  მეტროს სამუშაოების დასრულების უზრუნველსაყოფად თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამარტივებული შესყიდვის წესით, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე ხელშეკრულება გააფორმა შპს მამამისონთან. 

 

ხელშეკრულების ღირებულებად  4,774,300 ლარი განისაზღვრა, ხოლო შპს მამისონს ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარული დღის ვადაში უნდა დაესრულებინა. 

 

თუმცა, შპს მამისონმა სატრანსპორტო კომპანიას ვადის გადაწევის თხოვნით მიმართა, რის შედეგადაც სამუშაოების დასრულების ვადა 36 დღით გადაიწია. შესაბამისად ნაცვლად 210 დღისა კომპანიას სამუშაოებისდასასრულებლად უკვე 246 დღე აქვს.  

 

შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მეტროს გარემონტების იდეის გაჩენიდან, 2017 წლიდან,  წელზე მეტი გავიდა და მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. 

 

მეტიც, ვადის ცვლილებასტან კავაშირებით ხელშეკრულებებში უკვე მე-7 ცვლილება შევიდა და ჯერ კიდევ უცნობია კიდევ რამდენჯერ შეიცვლება სამუშაოების დასრულების ვადა. 

 

წყარო

 

  1. გამარტივებული შესყიდვა CMR210125867

  2. ტენდერები და დოკუმენტები https://cutt.ly/STK9Uyt 

  3. თბილისის მერიის განცხადება https://tbilisi.gov.ge/news/11141 

  4. ფლანგვის დეტექტორი https://bit.ly/3BOp32B