პარლამენტის სარესტორნო მომსახურება

ავტორი: სალომე კვირიკაშვილი

 

პარლამენტი ყოველწლიურად ათიათასობით ლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან სარესტორნო მომსახურებაზე. 

 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის შედეგად გამოწვეული მძიმე მდგომარეობისა და  შეზღუდვების ფონზე სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული თანხებიც შემცირდა, რაც მათ შორის განპირობებული იყო შეკრების აკრძალვითა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სარესტორნო ობიექტების ჩაკეტვით. 

 

თუმცა, როგორც ჩანს, პანდემიის დასრულებულად გამოცხადებისა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, პარლამენტი კვლავ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს რესტორნებში სიარულს. 

 

2022 წლის პირველ ორ კვარტალის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის ფავორიტ რესტორნებს შორის პირველ ადგილს შპს “ჯი ემ თი მთაწმინდა” იკავებს. პარლამენტმა აღნიშნულ რესტორანთან სამი, ჯამში 80,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. 

 

2022 წლის ფავორიტ კომპანიებს შორის მე-2 ადგილს შპს “მონოგრაფი” იკავებს, რომელთანაც 29,500 ლარის ღირებულების სამი ხელშეკრულება გააფორმა პარლამენტმა. 

 

ასევე, კვების ობიექტებს შორის, რომელთანაც პარლამენტმა ხელშეკრულებები გააფორმა არიან: ქეთო და კოტე, ჩვენი ეზო, აივანი, კოპალა 7, ჯიქეი ვაინერი, კაფე ახვლედიანი #6, აი ღვინის სახლი…

 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ ბიუჯეტიდან სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული ათიათასობით ლარის პარალელურად 2021 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის 17.5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ არის. 

 

გასათვალისწინებელია ინფლაციისა და პროდუქტებზე ფასების ზრდის გარემოებებიც, რომლის პირობებშიც ნაკლებად სავარაუდოა გაუმჯობესებულიყო ქვეყნის ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობა. 

 

2022 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო.

 

ყოველწლიურად პარლამენტის წევრების მიერ ქვეყნის საუკეთესო რესტორნებში დახარჯული თანხების პარალელურად უფასო სასადილოების პროგრამაში, ჩართული სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს ყოველდღიურად, უხარისხო საკვების ჭამა უწევთ. 

 

2022 წლის 2 აგვისტოს სახალხო დამცველმა უფასო სასადილოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომელმაც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა უფასო სასადილოებში არსებული მწვავე პრობლემები. ანგარიშში, აღნიშნულია, რომ 1 ბენეფიციარის გამოსაკვებად 1.30-დან 2.65 ლარამდე იხარჯება. (თანხა განსხვავედება რეგიონების/ქალაქების მიხედვით). 

 

შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრთა კვებაზეც იმავე თანხებს დავხარჯავდით, რაც ქვეყნის ყველაზე ღარიბი მოსახლეობის კვებაზე იხარჯება, წლის განმავლობაში პარლამენტის 150 წევრის გამოსაკვებად საჭირო იქნებოდა 71,175-145,087. თუმცა, როგორც მონაცემები ცხადყოფს მათ გამოსაკვებად მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 207, 270 ლარი დაიხარჯა. 

წყარო:

 

  1. შესყიდვები - https://parliament.ge/public-information/52 
  2. ინფლაციის დონე https://bit.ly/3vQZha7 
  3. სიღარიბის მაჩვენებელი -  https://bit.ly/3frq8im 
  4. სახალხო დამცველის ანგარიში https://bit.ly/3P5WlgD