2022 წლის 2 აგვისტოს სახალხო დამცველმა უფასო სასადილოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომელმაც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა უფასო სასადილოებში არსებული მწვავე პრობლემები, რის შესახებაც ფლანგვის დეტექტორი ადრეც საუბრობდა.
სახალხო დამცველის გამოვლენილ პრობლემებს შორის არის კვების ობიექტებზე არაჰიგიენური გარემო, კვების ხარისხისა და გემოვნური თვისებების, ისევე როგორც რაციონის ნაკლოვანებები.
მაგალითად, ანგარიშის თანახმად, თბილისის შემთხვევაში განსაკუთრებით ხშირია სასადილოებიდან მხოლოდ პურის გატანის შემთხვევები, რაც, როგორც ბენეფიციარებთან გასაუბრებით იკვეთება, მომზადებულის საკვების დაბალი ხარისხითა და დაბალი კალორიულობითაა განპირობებული. ამასთანავე, თბილისის ყველა რაიონის სასადილოს აქვს ერთიანი მენიუ, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ხილს, ბოსტნეულს, ასევე მწირია რძის პროდუქტის რაოდენობა.
ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგის სისტემა არ ითვალისწინებს კვების ხარისხის კონტროლს, მომზადებული ულუფის გასაცემი ულუფის ოდენობასთან შესაბამისობას, ასევე მომზადებული მენიუს და ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ულუფის სატენდერო ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.
მიუხედავად, იმისა რომ სახალხო დამცველის ანგარიში 2022 წლის მონიტორინგის შედეგებს აღწერს, გასულ წლებშიც ასეთი პრობლემები არსებობდა.
უკვე წლებია თბილისის მერიას 1 ბენეფიციარის გამოსაკვებად დღეში 1.30 ლარს ხარჯავს და ეს ციფრი არც 2022 წელს არსებული მაღალი ინფლაციის პირობებში შეცვლილა.
უცვლელია, კომპანიები, რომლებთანაც თბილისი რაიონის გამგეობები ხელშეკრულებას აფორმებენ: ილი ჯგუფი, შპს Aladashvili & co, შპს ტანდემი, შპს ელფი.
მათგან, შპს ელფი, სახალხო დამცველის მიმდინარე ანგარიშში მოხვდა, კერძოდ: თბილისის სასადილოს საწარმო, შპს ელფში არ ტარდებოდა სათანადო რეცხვა-დეზინფექცია; წარმოიქმნებოდა კონდენსატი. შესაბამისად, ამ სუბიექტს, კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1000 ლარის ოდენობით).
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში შპს ელფს გლდანის რაიონში ყოველდღიურად 6625 ბენეფიციარის გამოკვება დაევალა და გლდანის გამგეობამ მასთან 3,604,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
თუმცა, შპს ელფი ერთად-ერთი კომპანია არ არის, წარსულში ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაჯარიმებულნი იყვნენ ილი ჯგუფი და Aladashvili & co-ც.
2020 წელს ინსპექტირების ჯგუფმა დაადგინა, რომ ილი ჯგუფი ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სოციალურად დაუცველთა უფასო კვების სასასადილოს 2 ობიექტზე ვალდებულებით განსაზღვრულ საკვებზე ნაკლებს ამზადებდა.
წარსულში ასევე დაჯარიმებულია “ალადაშვილები და კომპანია”. კონკრეტულად კი 2019 წელს მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე განხორციელდა "უფასო სასადილოებით მომსახურების" მონიტორინგი. მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა, რომ ულუფები გაიცემოდა აწონვის გარეშემ (თვალის ზომით) და ამის გამო ბენეფიციარები გათვალისწინებულზე ნაკლებ საკვებს იღებდნენ.
საინტერესოა, მაშინ როდესაც მერია ბიუჯეტის გათვალისწინებულ თანხებს ხარჯავს ბენეფიციართა კვებისთვის, რატომ ვერ ახერხებს, ეს საკვები ხარისხიანი და დაბალანსებული იყოს?
თბილისის 10-მა გამგეობამ 2022 წლის უფასო სასადილოების მომსახურების მიზნით ტენდერები 2021 წლის დასასრულს გამოაცხადეს. ტენდერების დასრულების შემდეგ კი ასეთი სურათი მივიღეთ: 2022 წლის განმავლობაში თბილისის მასშტაბით 42,388 ბენეფიციარის გამოკვებას ჯამში 4 კომპანია 23,138,367 ლარად უზრუნველყოფს.
თბილისის სამმა გამგეობამ ჯამში 9,600,115 ლარის ღირბულების ხელშეკრულება გააფორმა ილი ჯგუფთან. ხელშეკრულებების თანახმად ილი ჯგუფს 2022 წელს ყოველდღიურად 17,243 ბენეფიციარის გამოკვება დაევალა.
ალადაშვილები და კომპანიასთან კი 4-მა გამგეობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 7,834,752 ლარია. მას ყოველდღიურად 14,620 ადამიანის გამოკვება დაევალა.
ორმა გამგეობამ გააფორმა ხელშეკრულება ტანდემთან. კომპანიას ჯამში 2,099,500 ლარის სანაცვლოდ ადამიანის 3800 კვების მომსახურების უზრუნველყოფა დაევალა. რაც შეეხება ელფს, მასთან ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ ერთმა გამგეობამ გადაწყვიტა და 3,604,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, 6625 ადამიანის კვების მომსახურების გაწევის სანაცვლოდ.
წყარო:
-
სახალხო დამცველის ონიტორინგის ანგარიში https://bit.ly/3d6zWm0
-
შესყიდვები https://bit.ly/3AaQRNz
-
ფლანგვის დეტექტორი https://bit.ly/3A8BULV
-
ინფლაცია https://bit.ly/3p43YJR