ავტორი: დათო მჟავანაძე
2019 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ წყალტუბოში მდებარე ყველა, ოცაორივე სასტუმროს და ცხრა აბანოს გამოისყიდიდა და წყალტუბოს განვითარების ერთიანი გეგმის და კონცეფციის ფარგლებში, მათ სრულ რეაბილიტაციას განახორციელებდა.
განცხადებაში ივანიშვილი მზადყოფნას გამოთქვამდა, სურვილის შემთხვევაში, განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე (დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში ჩაშვება) პროექტი შემდგომი ოპერირებისთვის ნებისმიერი ინვესტორისთვის გადაეცა. „ბუნებრივია ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით“, – აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი.
მიუხედავად 2020 წლის არჩევნების წინ გაჟღერებული დაპირებისა, უკვე თითქმის 3 წელი გავიდა და ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში არანაირი პროექტი არ განუხორციელებია, არც სასტუმროები და აბანოები გამოუსყიდია. შესაბამისად დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს დაპირება არ შესრულდა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პრემიერ-მინსიტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წლის 5 ივლისს იმყოფებოდა წყალტუბოში, სადაც გამართა პრეზენტაცია პროექტისა “წყალტუბოს ახალი სიცოცხლე”. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ სახელმწიფოს გასაყიდად გამოაქვს 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება, დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, რათა წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი.
მთავრობაში აცხადებენ, რომ წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3,200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6,000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.
მიუხედავად ხმაურიანი განცხადებებისა, აუქციონზე გამოტანილი 14 სანატორიუმიდან, ჯერ არცერთი არ გაყიდულა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ ისაა რომ შიდა და გარე ინვესტორებისთვის შეთავაზებული პირობები და ზოგადად საინვესტიციო გარემო საქართველოში ნაკლებად მიმზიდველია.
ეს ტენდენცია ბადებს ეჭვს, რომ წყალტუბოს თემა ხელისუფლების მხრიდან გამოყენებულია როგორც ახალი, პოზიტიური ნარატივის შექმნის მცდელობა, რომელსაც ქმედითი ნაბიჯები არ მოსდევს. ამავდროულად ამ თემასთან დაკავშირებულ პრეზენტაციებზე, ვიდეორგოლებსა და მოწვეული სტუმრების კვებაზე დიდი თანხები იხარჯება.
კერძოდ: 2022 წლის 5 ივლისს წყალტუბოში გამართული პრეზენტაცია, რომელსაც მთავრობისა და ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს ბიუჯეტს 179,000 ლარი დაუჯდა, რომელიც გამარიტვებული შესყიდვის გზით გადაეცა რამდენიმე მიმწოდებელს.
მათ შორის, 128,000 ლარი დაიხარჯა კვებაში, ღონისძიებისთვის საჭირო ტექნიკისა და ავეჯის დაქირავებაში, აგრეთვე დიზაინის შექმნაში და ა.შ., ხოლო 51,000 ლარი დაიხარჯა ამ ღონისძიების ვიდეო ტრანსლირებასა და საინფორმაციო საინვესტიციო ვიდეო რგოლის დამზადებაში, რომლის მიზანიც იყო პროექტ “წყალტუბოს ახალი სიცოცხლის” პრეზენტაცია შესაბამის ინტერნეტ პლატფორმებზე.
აღსანიშნავია, რომ ამ 179,000 ლარიდან 25,000 ლარი დაიხარჯა მხოლოდ კვების მომსახურებაზე, ხოლო 25,000 ლარი აღნიშნული ვიდეო რგოლის მომზადებაზე.
ხარჯები სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტმა დაფარა.
წყარო:
- CMR220090220 - ღონისძიების ორგანიზება
- CMR220090214 - მედია ტრანსლირება
- https://bit.ly/3SDniLQ - აუქციონების საიტი
- https://bit.ly/3dbAZkI - ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს რეაბილიტაცია გადაიფიქრა
- https://www.radiotavisupleba.ge/a/31930038.html - 5 ივლისის პრეზენტაცია
- https://www.facebook.com/GaribashviliOfficial/videos/3126111664385562 - 5 ივლისის პრეზენტაცია