"ბლექ სი არენა" ამინდის დაზღვევას აკეთებს და 9 კონცერტის დაზღვევაში 48.5 ათას ლარს იხდის

ავტორები: ლიზა ქორიძე და ხატია ნიკოლაიშვილი

შპს ბლექ სი არენა ყველასთვის ცნობილი სახელმწიფო საწარმოა, რომელიც დაარსებიდან დღემდე (2017-2021წწ) მილიონობით ლარის სუბსიდიას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო სუბსიდია კომპანიის შემოსავლის მთავარი წყაროა, რის გარეშეც ბლექ სი არენა ვერ იფუნქციონირებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბლექ სი არენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, განსაკუტრებით მნიშვნელოვანია, გავაკეთოთ მონიტორინგი თუ რამდენად მიზნობროვად და საჭიროებისამებრ ხარჯავს მიღებულ შემოსავალს.

ამ მხრივ საინტერესოა კომპანიის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული აქტივობები.

2022 წლის პირველი ღონისძიების შესახებ ბლექ სი არენამ ინფორმაცია ამ წლის იანვარში გაავრცელა. 28 მაისს კონცერტი ბენდ One Republic-ს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა კონცერტი არ ჩატარებულა, ამის შესახებ ინფორმაცია  კი საზოგადოებისთვის მარტში გახდა ცნობილი. დღევანდელი მონაცემებით, ბლექ სი არენაზე მხოლოდ ერთი კონცერტის ჩატარება იგეგმება 15 აგვისტოს, თუმცა ბლექ სი არენა ჯორჯია აცხადებს, რომ ამ სეზონზე 9 კონცერტი უნდა ჩატარდეს, დაგეგმილი ან დაანონსებული კონცერტების შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი. 

შპს ბლექ სი არენა ჯორჯია სწორედ აღნიშნული 9 კონცერტის ჩასატარებლად გამარტივებული შესყიდვის გზით 48,500 ლარს იხდის სადაზღვევო მომსახურებაში. ხოლო გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას კი გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით ხსნიან. შესყიდვის საჭიროების მიზეზად კომპანია ასახელებს იმას, რომ შეკვეთილი გამოირჩევა ნალექის სიუხვით. ის ფაქტი, რომ კომპანია ამ კუთხით ცდილობს მოსალოდნელი ზარალის დაზღვევას მისასალმებელია, თუმცა საინტერესოა რა პირობების შემთხვევაში მოხდება კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურება.

ხელშეკრულების პირობების თანახმად –“ზარალის ანაზღაურება ითვალისწინებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებს რომლის შედეგად ღონისძიების ჩატარება ფიზიკურად შეუძლებელია.. დაფარვა არ ვრცელდება თუ წვიმიანი ამინდის გამო ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შემცირდება (ნაკლები ბილეთი გაიყიდება). ამინდმა ფიზიკურად შეუძლებელი უნდა გახადოს ღონისძიების ჩატარება”- ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.  საინტერესოა, რომ ასეთი შემთხვევის დროსაც, არ ხდება კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურება. ანუ არსებობს რისკი, რომ 48,500 ლარის გადახდის მიუხედავად სადაზღვევი კომპანიამ უარი თქვას კომპანიითვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად: “სადაზღვევო პერიოდი მოიცავს 2022 წლის 31 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, რომლის განმავლობაშიც დაგეგმილია 9 ღონისძიება”.

ასევე, საინტერესოა ფინანსური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, რატომ არ მიმართა კომპანიამ იგივე პრაქტიკას სხვა წლებშიც. მოგეხსენებათ ბლექ სი არენაზე კონცერტები 2017 წლიდან იმართება, თუმცა აქამდე არასდროს გამოუცხადებით ელ.ტენდერი არც გამარტივებული შესყიდვა მსგავსი მომსახურების მისაღებად. აღნიშნული გარკვეულწილად კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა აუცილებელი უხვი ნალექის გამო უამინდობის რისკებისა და ფინანსური ზარალის დაზღვევა 2022 წელს, როდესაც კომპანია უკვე წლებია ამ რისკის ქვეშ მართავს კონცერტებს. ასევე, ამ დრომდე ამინდის გამო არცერთი დაგეგმილი ღონისძიება არ ჩაშლილა.  

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ბლექ სი არენა 2022 წლის ღონისძიებების გამართვას გეგმავს ღია სივრცეებში: ბლექი სი არენას ეზო, მუსიკოსთა ბაღი და სოციალური სივრცე. საინტერესოა, რატომ არ იხსენება წელს ბლექ სი არენას მთავარი სცენა (main stage), რომელიც არის დახურული და უამინდობის შემთხვევაში კონცერტის ჩაშლის რისკებსაც შეამცირებდა. აღნიშნული სცენის შეკეთებაში ყოველწლიურად 40,000 ლარამდე უხდის ბლექ სი არენა ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიას, შპს ელიტა ბურჯს.

ბლექ სი არენას სარემონტო სამუშაოების ჩატარების ექსკლუზივით მხოლოდ შპს ელიტა ბურჯი სარგებლობს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ – იმის გამო, რომ თავდაპირველად საკონცერტო დარბაზის მშენებლობა და სამონტაჟო სამუშაოები შესრულებულია ელიტა ბურჯის მიერ, მხოლოდ მას შეუძლია სცენასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება. შესაბამისად, ყოველწლიურად პირდაპირ შესყიდვის გზით ბლექ სი არენა ჯორჯია ხელშეკრულებას უფორმებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას. 

მიუხედავად იმისა, რომ 2020-2021 წლებში ბლექ სი არენაზე კონცერტი არ ჩატარებულა, კომპანია ამ პერიოდში პირდაპირი შესყიდვის გზით აქტიურად უფორმებდა ხელშეკრულებას შპს ელიტა ბურჯს შენობის მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის. 

მაგალითად, 2020 წელს პირველი შესყიდვა (SMP200003105) 28 ივლისით თარიღდება და ხელშეკრულების ღირებულება 30,000 ლარს შეადგენდა. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მექანიკური სახურავის ტექნიკური მომსახურება და დაზიანებების აღმოფხვრა. ბლექ სი არენამ განაცხადა, რომ საკონცერტო დარბაზის სამშენებლო სამუსშაოები შპს ელიტა ბურჯმა შეასრულა, მოძრავი სახურავიც სწორედ მათი დაპროექტებული და დამონტაჟებული იყო და ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ შპს ელიტა ბურჯს ჰქონდა შესაბამისი კომპეტენცია მისი შეკეთებისთვის. ამასთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულებაში აღნიშნავს, რომ თუკი სამუშაოებს სხვა რომელიმე კომპანია შეასრულებს, შპს ელიტა ბურჯი ყველანაირ პასუხისმგებლობას მოიხსნის. 

მეორე შესყიდვა (SMP200005591) 2020 წლის დეკემბრით თარიღდება. ტენდერის ღირებულება 40,000 ლარს შეადგენდა, თუმცა შესყიდვის ობიექტი უცვლელი იყო, ამ შემთხვევაშიც შემსყიდველი ასაბუთებდა, რომ ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზის სახურავი რთული მექანიკური მექანიზმი იყო და მისი შეკეთება მხოლოდ შპს ელიტა ბურჯს შეეძლო, რადგან თუ სხვა კომპანია შეასრულებდა სამუშაოებს, შპს ელიტა ბურჯი მოიხსნიდა ყველა პასუხისმგებლობას. 

შესაბამისად, მხოლოდ 2020 წელს ბლექ სი არენამ შპს ელიტა ბურჯს 70,000 ლარი სახურავის შეკეთებისთვის გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როდესაც საკონცერტო დარბაზი შესყიდვებს აფორმებდა, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კონცერტები საერთოდ არ ტარდებოდა.

საკონცერტო დარბაზს ფუნქციონირება შეჩერებული ჰქონდა 2021 წელსაც, თუმცა 2021 წლის ბოლოს, დეკემბერში კიდევ ერთი შესყიდვა (SMP210003723) გამოცხადდა საკონცერტო დარბაზის მექანიკური სახურავის ტექნიკური მომსახურებისთვის. ხელშეკრულება ამჯერადაც შპს ელიტა ბურჯთან დაიდო და მისი ღირებულება 40,000 ლარს შეადგენდა. 

2020-2021 წლებში ბლექ სი არენა ჯორჯიამ 110,000 ლარი გადაუხადა შპს ელიტა ბურჯს საკონცერტო დარბაზის სახურავის ტექნიკური მომსახურებისთვის, თუმცა ამ პერიოდში საკონცერტო დარბაზი უფუნქციო იყო. 

ხოლო რაც შეეხება შპს ელიტა ბურჯის შესახებ ინფორმაციას, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუა,” დირექტორის თანამდებობას გიორგი როგავა იკავებს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ლაშა პაიჭაძე, ნუგზარ დეკანოიძე და ნატო ხაინდრავა არიან. კომპანიის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მმართველი პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან. გიორგი როგავამ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 15,000 ლარი შესწირა; ნუგზარ დეკანოიძეს 2016-2022 წლებში 140,000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილისთვის; ნატო ხაინდრავამ კი 2012-2021 წლებში 362,600 ლარის შემოწირულობა განახორციელა. 

შპს ბლექ სი არენა ჯორჯია 2016 წლის ივლისში დაფუძნდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, კომპანიაში დირექტორის თანამდებობას ტარიელ ხარჩილავა იკავებს, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაში შედის კომპანიის სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა და გადაწყვეტილებების ზედამხედველობა.  2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა, ამის შემდეგ კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ლარით ფინანსდება ბიუჯეტიდან. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია წლებია მილიონობით ლარს იღებს სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2017-2021 წლებში კომპანიამ ჯამში 38,451,000 ლარი მიიღო. ასევე, ბლექ სი არენამ 2021 წლის დეკემბერში სახ. სუბსიდია მიიღო 2022 წლის საოპერაციო ხარჯების დასაფინასებლად, რომელმაც 3 მლნ ლარი შეადგინა. 

ამასთანავე კომპანია ყოველ წელს ზარალით ასრულებს, მაგალითად, 2017-2021 წლებში აკუმულირებულმა ზარალმა საერთო ჯამში 23 მლნ ლარს გადააჭარბა. ასევე, საინტერესოა, რომ კომპანიას მისი დაარსების დღიდან საგადასახადო შემოწმება ფინანსური ანგარიშგების წარდგენამდე პერიოდში არ გაუვლია.

უფრო დეტალური ინფორმაცია კომპანიის შემოსავლებსა და ხარჯების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სხვა კვლევებში.