ლაგოდეხის მერიამ ბოლო ზარის ზეიმისთვის ტვ იმედის მუსიკოსებს 14 ათასი ლარი უტენდეროდ გადაუხადა

ლაგოდეხის მერიამ ბოლო ზარის კონცერტში ბიუჯეტიდან 14,142 ლარი დახარჯა. 

17 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა და გამარტივებული შესყიდვაზე ნებართვა თხოვა. 

მიმართვიდან მალევე შესყიდვების სააგენტომ ნებართვა გასცა და  2022 წლის 22 ივნისს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრმა ღამის შოუს ბენდთან გამარტივებული შესყიდვის წესით ხელშეკრულებაც გააფორმა. 

გამარტივებული შესწყიდვის წესი გულისხმობს, პირდაპირი შესყიდვის წესით  კონკრეტულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას. ამ შემთხვევაში მიზეზი ის გახდა, რომ ლაგოდეხის მერიას წინასწარ განსაზღვრულ ბენდთან, ”ღამის შოუს ბენდთან” სურდა ხელშეკრულების გაფორმება. 

როგორც შესაბამის ხელშეკრულებაშია მითითებული, 2022 წლის 29 ივნისს ქ.ლაგოდეხში უნდა ჩატარებულიყო ლაგოდეხის აბიტურიენტებისთვის ბოლო ზარის წვეულება "Last bell party", სადაც მონაწილეობას "ღამის შოუს ბენდი" მიიღებდა.

აღსანიშნავია, რომ “ღამის შოუს ბენდი” არის ტელეკომპანია იმედის თანამშრომლების მიერ შექმნილი ბენდი, რომლებიც ქართული ოცნების შეკრებებსა და კონცერტბზე ხშირად ჩნდებიან. მათთან ექსკლუზიური უფლებამოსილებით გაფორმებული მრავალათასიანი შესყიდვა ეჭვს აჩენს, რომ ხელისუფლებასთან კავშირის გამო მიენიჭა უპირატესობა. 

2022 წლის მაისის მონაცემებით ლაგოდეხის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის 26.5%, საერთო ჯამში 11,047 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს.

წელს მსგავსი ზეიმი ჩატარდა ზუგდიდშიც, სადაც საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზების მომსახურებაში ბიუჯეტიდან 31,800 ლარი დაიხარჯა. 

განათლების შესახებ საერთაშორისო კვლევებში საქართველოს მდგომარეობა უარესდება. მაგალითად, PISA-ს შედეგებით წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა, და მეცნიერებების დაჯამებული ქულის მიხედვით, საქართველო 78 ქვეყნიდან 70-ე ადგილს იკავებს. მდგომარეობა 2015 წლის მონაცემებთან შედარებით გაუარესებულია.

ამასთნ, Progress in International Reading Literacy Study (PIRLS) საერთაშორისო კვლევის თანახმად, რომელიც აფასებს მეოთხე კლასელების (9-10 წლის მოსწავლეების) კითხვის უნარებს, ქართველ მოსწავლეთა შედეგი, ჩამოუვარდება საშუალო მაჩვენებელს (საქართველოს ქულაა 488, საშუალო მაჩვენებელი კი 500). 

კიდევ უფრო საგანგაშო შედეგია მაღალ კლასებში. TIMSS კვლევის თანახმად, რომელიც მოსწავლეების უნარებს აფასებს მათემატიკასა და მეცნიერებაში, მე-4 კლასელებს უკეთესი შედეგი აქვთ, ვიდრე მე-8 კლასელებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პანდემიის პირობებში ქართული განათლების სისტემა კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დადგა. IDFI-ის კვლევის თანახმად,  დისტანციური სწავლების პირობებში, 2020 წელს, შინამეურნეობების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი და 16%-ს კი ინტერნეტთან წვდომა. დისტანციური სასწავლო პროგრამა TEAMS-ით კი მასწავლებლებისა და მოსწავლეების 11%-ს საერთოდ არ უსარგებლიათ.


წყარო

  1. ზუგდიდის მერია - NAT220008297 

  2. ლაგოდეხის მერია - SMP220001774

  3. ლაგოდეხის მერია, გამარტივებული შესყიდვა CMR220083695 

  4. IDFI ანგარიში - https://bit.ly/3N9Ng5F 

  5. https://tenders.procurement.gov.ge/