რუსული კომპანიები თანხებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც იღებენ. წლიდან წლამდე სახელმწიფო შესყიდვებში არაერთი რუსული კომპანია იღებს მონაწილეობას და იმარჯვებს კიდეც.
ამ მხრივ საინტერესოა, როგორია სახელმწიფო შესყიდვების საიტზე რეგისტრირებული რუსული კომპანიების მაჩვენებელი. ფლანგვის დეტექტორი დაინტერესდა ამ თემით და შესყიდვების სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშები შევისწავლეთ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშები აჩვენებს, რომ 2013-2021 წლებში მუდმივად იზრდებოდა სისტემაში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა.
მაგალითად, თუ 2013 წელს შესყიდვების სისტემაში მხოლოდ 11 რუსული კომპანია იყო დარეგისტრირებული, 2021 წელს ეს რიცხვი 211-მდე გაიზარდა. შესაბამისად, 2021 წელს სახელმწიფო ტენდერებში 19-ჯერ მეტი რუსული კომპანია იყო რეგისტრირებული, ვიდრე 2013 წელს. 2013-2021 წლებში რუსული კომპანიების რაოდენობა ასე ნაწილდება:
სისტემაში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა:
2013 წელი- 11 კომპანია;
2014 წელი- 28 კომპანია;
2015 წელი- 62 კომპანია;
2016 წელი- 96 კომპანია;
2017 წელი- 138 კომპანია;
2018 წელი- 163 კომპანია;
2019 წელი- 179 კომპანია;
2020 წელი- 181 კომპანია;
2021 წელი- 211 კომპანია.
2013-2021 წლებში არარეზიდენტი კომპანიების რაოდენობით ყოველთვის უკრაინა იკავებდა მოწინავე ადგილს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინაში რეგისტრირებული კომპანიები რუსულ კომპანიებზე დიდ თანხებს იღებენ სახელმწიფო შესყიდვებიდან.
2021 წლის სტატისტიკის მიხედვით სისტემაში 408 უკრაინული, ხოლო 211 რუსული კომპანია იყო რეგისტრირებული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 197-ით ნაკლები რუსული კომპანიაა რეგისტრირებული, შესყიდვებით მათ 965,258 ლარით მეტი მიიღეს, ვიდრე უკრაინულმა კომპანიებმა.
2021 წელს სახელმწიფო ორგანოებმა რუსულ კომპანიებთან საერთო ჯამში 1,029,175 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმეს, ხოლო უკრაინულ კომპანიებთან – 63,917 ლარის.
სისტემაში რეგისტრირებული უკრაინული კომპანიების რაოდენობა
2013 წელი- 51 კომპანია;
2014 წელი- 87 კომპანია;
2015 წელი- 138 კომპანია;
2016 წელი- 222 კომპანია;
2017 წელი- 264 კომპანია;
2018 წელი- 302 კომპანია;
2019 წელი- 331 კომპანია;
2020 წელი- 341 კომპანია;
2021 წელი- 408 კომპანია.
შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკრტანსსიგნალი ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში 2013 წელს გაიხსნა. საჯარო რეესტრის ბოლო, 2022 წლის ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორის თანამდებობას რაინდი ქანთარია იკავებს, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის (ორმაგი) მოქალაქეობა აქვს. კომპანიის დამფუძნებელი კი შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალი არის, რომელიც რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანიაა.
კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში 2013 წელს გამოჩნდა, 2013- 2017 წლებში მან საერთო ჯამში 95 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 30 შემთხვევაში გაიმარჯვა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 46,302,783 ლარი შეადგინა. კომპანიას გამარტივებული შესყიდვების გზით ხელშეკრულება არასდროს გაუფორმებია.
აღსანიშნავია, რომ ისეთი შემთხვევების გარდა, როდესაც კომპანია უკონკურენტოდ იგებდა ტენდერებს, მისი კონკურენტები ისეთი მსხვილი და ცნობილი სამშენებლო კომპანიები იყვნენ, როგორებიც არიან, მაგალითად, შპს ცეკური, შპს კომპანია ბლექ სი გრუპი, შპს იბოლია, შპს არალი, შპს ბურჯი-777, შპს მამისონი, შპს დაგი და სხვ. საინტერესოა, როგორ ახერხებდა რუსული კომპანიის ქართული ფილიალი ელ.ტენდერებში იმ კომპანიების “დამარცხებას,” რომლებიც ქართულ ბაზარზე წამყვანი სამშენებლო კომპანიების სტატუსით სარგებლობენ.
საქართველოში 7,000-ზე მეტი კომპანია რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან, საინტერესოა ისიც რომ კომპანიების უმრავლესობა 2012 წლიდან დარეგისტრირდა. რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქემ დაარეგისტრირა კომპანიები საქართველოში.
მაშინ, როდესაც რუსეთის უკრაინაში ომის ფონზე რუსული კომპანიები დასანქცირდნენ, საქართველოში კვლავ შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ რუსულ კომპანიებს შესყიდვებში მონაწილეობა და ბიუჯეტიდან თანხების მიღება.
წყარო
-
შესყიდვების სააგენტოს ანგარიშები https://bit.ly/3uq1jgB
-
ამონაწერი https://bit.ly/3AtscEm
-
TI Georgia https://bit.ly/3AsjJRL