რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილებით შეიქმნა. სააგენტო პრემიერ-მინისტრისათვის ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში.
რელიგიური გაერთიანებების მხრიდან სააგენტოს შექმნას თავიდანვე უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. ხელისუფლებას იმ საფრთხეებზე მიუთითეს რომლებსაც, მათი აზრით, ამ სპეციალიზებული უწყების შექმნა წარმოქმნიდა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სახელმწიფოს რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სსრკ რელიგიის საკითხთა საბჭოს მოდელს იმეორებს
1965 წელს, საქართველოში დაფუძნდა სსრკ რელიგიის საკითხთა საბჭო, რელიგიური გაერთიანებების რეპრესიული კონტროლის მიზნით, რომლის ფუნქციებიც, ფორმა და სტრუქტურა დღეისათვის მოქმედი რელიგიის სააგენტოს იდენტურია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის აღარ ფუნქციონირებდა.
სსრკ-ს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საკითხთა საბჭო:
-
შეიქმნა 1965 წელს
-
განიხილავდა საკულტო ნაგებობების, მათი გახსნისა და დახურვის საკითხებს
-
ამზადებდა რელიგიის საკითხებთან დაკავშირებულ კანონპროექტებს და წარუდგენდა მინისტრთა კაბინეტს
-
ასრულებდა შუამავლის როლს რელიგიურ გაერთიანებებსა და მთავრობას შორის
-
ქმნიდა და აწარმოებდა რელიგიური გაერთიანებების შესახებ საინფორმაციო ბანკს
საქართველოს მთავრობასთან არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო:
-
შეიქმნა 2014 წელს
-
გასცემს რეკომენდაციებს რელიგიურ, საკულტო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობების, მათი დანიშნულების გარდაქმნის და ადგილმდებარეობის განსაზღვრის თაობაზე
-
ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს და წარუდგენს მთავრობას
-
უფლებამოსილია შეასრულოს შუამავლის ფუნქცია რელიგიურ გაერთიანებებსა და სახელმწიფოს შორის
-
ქმნის და აწარმოებს რელიგიური გაერთიანებების შესახებ საინფორმაცია ბანკს
გარდა რეპრესიული კონტროლის მიზნით შექმნილ საბჭოსთან მსგავსებისა, სააგენტო წლების განმავლობაში ასევე უარყოფითად არის შეფასებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მას ასევე უარყოფითად აფასებს ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ.
2018 წელს, პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე წარდგენისას, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტო გაუქმდებოდა და მისი უფლებამოსილებები შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროზე გადანაწილდებოდა, თუმცა, მიუხედავად იმჟამინდელი პრემიერის საჯარო განცხადებისა, სააგენტომ კვლავ განაგრძობს საქმიანობას და მეტიც, 2018 წლიდან ყოველწლიურად იზრდება სააგენტოს დაფინანსება.
წელი/დაფინანსება
-
2022 - 5,388,800
-
2021 - 5,330,000
-
2020 - 5,255,700
-
2019 - 5,246,000
-
2018 - 5,180,100
2018 წლიდან კი სააგენტოს დაფინანსებასთან ერთად მუდმივად იზრდება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხები, მიუხედავად იმისა, რომ უცვლელია დასაქმებულთა რაოდენობა. 2018 წლიდან სააგენტოში მუდმივად დასაქმებულია 22 შტატიანი თანამშრომელი.
წელი/შრომის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხები
-
2022 - 646,800
-
2021 - 588,000
-
2020 - 553,600
-
2019 - 541,000
-
2018 - 426,300
პარალელურად საინტერესოა ისიც, რომ ჯერ კიდევ სააგენტოს დაარსებამდე არსებობდა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, რომელიც 2005 წლის 21 ივნისს დაარსდა. რელიგიათა საბჭო საქართველოში რელიგიური კონფესიების ყველაზე ფართო ფორუმს წარმოადგენს. ამჟამად მისი წევრი 32 რელიგიური გაერთიანებაა.
ბოლო პერიოდში რელიგიის თავისუფლების საკითხებზე გამოქვეყნებული ანგარიშები უთითებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ რელიგიური ორგანიზაციების დაბალი ნდობისა და რელიგიურ ორგანიზაციებთან დემოკრატიული კომუნიკაციის პრობლემაზე. მათ შორის, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის (FCNM) მრჩეველთა კომიტეტი უთითებს, რომ მასთან დისკუსიაში რელიგიურმა უმცირესობებმა გამოხატეს დაბალი ნდობა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ და, ამავდროულად, მათ აჩვენეს მაღალი ნდობა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართ, რომელიც მათთვის ჰორიზონტალური და დამოუკიდებელი ორგანიზაციების ჩარჩოს ქმნის.
სააგენტო დაარსებიდან, 2014 წლიდან, დღემდე 43,338,600 ლარით დაფინანსდა. თუმცა მიუხედავად გამოყოფილი და მზარდი დაფინანსებისა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საკუთარი არსებობის მანძილზე ცდილობდა რელიგიურ ორგანიზაციებზე კონტროლის მოპოვებას, ეწეოდა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების დისკრიმინაციულ პოლიტიკას, არ მოუმზადებია საკანონმდებლო ინიციატივები დისკრიმინაციული კანონმდებლობის აღმოსაფხვრელად.
რამდენიმე დღის წინ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში 2021 წელს რელიგიური თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში სხვა მრავალ საკითხთან ერთად საუბარია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესახებ. კერძოდ კი სახელმწიფო დეპარტამენტი ციტირებს რელიგიურ ლიდერებს და აღნიშნავს რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ზეწოლა განახორციელა მუსლიმ ჯგუფებსა და თბილისის სინაგოგაზე, რათა გამოექვეყნებინათ განცხადებები Tbilisi Pride-ის მიერ 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ.
5 ივლისს ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფებმა არაერთი ძალადობრივი ქმედება ჩაიდინეს. მათი თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი და 2 სხვა ადამიანი დაშავდა. 5 ივლისის მოვლენების შედეგად ცხადი გახდა რომ სახელმწიფომ ვერ/არ დაიცვა მოქალაქეთა უსაფრთხოება და რიგი კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება, შეკრების თავისუფლება, თანასწორობის უფლება.
დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მთავრობის მიერ შექმნილი ორგანო, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო “ღირსების მარშის” წინააღმდეგი იყო და რელიგიურ ჯგუფებსაც მოუწოდებდა მათ წინააღმდეგ წასულიყვნენ.
წყარო:
-
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში https://bit.ly/3trPhCZ
-
ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მოხსენება საქართველოს შესახებ https://bit.ly/3xk2qPO
-
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები https://bit.ly/3H9r7CM
-
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის კრიტიკული ანალიზი https://bit.ly/3H4ALGW
-
რელიგიის სააგენტოს 2016-2017 წლების ანგარიშის შეფასება https://bit.ly/3H7dJPM
-
რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში https://bit.ly/3xfb6qB
-
კანონმდებლობა https://bit.ly/3mxESC0
-
ბიუჯეტი https://mof.ge/5185
-
მამუკა ბახტაძის განცხადება https://bit.ly/3H8waDJ
-
სსრკ რელიგიის საკითხთა საბჭო და დღევანდელი სააგენტო https://bit.ly/3ztMop8
-
პრემია/დანამატები https://bit.ly/3Mu8pqI