18 აპრილს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაანონსა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის ორთაჭალაში ახალი შენობა აშენდება, სადაც უწყება “მთელი თავისი სსიპ-ებით” გადავა და “განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შენობაში”.
ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლიდან საკუთარი შენობა არ აქვს. ჭანტურიას 12 ნომერში მდებარე სამინისტროს ყოფილ შენობაში კი საინვესტიციო ვალდებულებით გათვალისწინებული სასტუმრო უკვე მესამე წელია აშენებული უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფომ მშენებელ კომპანიას ვადა 2023 წლამდე გაუხანგრძლივა.
2015 წლის, 26 ივნისს, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა 9,450,000 მილიონ დოლარად გაყიდა – შემსყიდველი კი ფიზიკური პირი თამარ მაზიაშვილი იყო, რომელიც კომპანია “ჰუალინგ ჯგუფს” წარმოადგენდა.
შენობა კონკრეტული პირობებით გაიყიდა: შემსყიდველი ვალდებული იყო 2016 წლის პირველი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, ანუ 2019 წლის 1 იანვრამდე, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შეექმნა და ექსპლუატაციაში გაეშვა.
კომპანიამ 3 წელიწადში ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და სასტუმროს მშენებლობა ვადაში ვერ დაასრულა, რის მიზეზადაც 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან სასტუმროს პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების დროში გაჭიანურება დაასახელა და მოგვიანებით, ამავე სამსახურისგან ახალი ნებართვა მიიღო, რის მიხედვითაც არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს აშენების საბოლოოს ვადა 2023 წლის 17 ოქტომბრამდე გაუგრძელდა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ განსაზღვრულ ვადაში სასტუმროს აშენება ვერ შეძლო, ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ქონების ეროვნულმა სააგენტომ მას ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის 2023 წლის 17 ოქტომბრამდე პირგასამტეხლოს საფასური 500 ლარიდან სიმბოლურ 1 ლარამდე შეუმცირა.
გამოვიდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა, რომელიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული აუქციონით “ჰუალინგ ჯგუფზე” 2015 წელს გაასხვისა, დათქმულ ვადაში – 3 წელიწადში ვერ აშენდა და კომპანიას დრო კიდევ 4 წლით გაუხანგრძლივდა, თუმცა დღიური ჯარიმა 499 ლარით შეუმცირდა.
თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტრო 2018 წლიდან იუსტიციის სახლში მდებარეობს. მანამდე სამინისტრო ჭოველიძის 10 ნომერში შენობას ქირაობდა, რაც 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს - 1,605,990 ლარი დაუჯდა.
წყაროები:
ქონების ეროვნული სააგენტო - http://nasp.gov.ge/pages/show.php?postid=100
ღარიბაშვილის განცხადება - http://tbl.ge/5yr3
აუდიტის სამსახურის ანგარიში - https://sao.ge/Uploads/2021/11/სსიპ%20%E2%88%92%20სახელმწიფო%20ქონების%20ეროვნული%20სააგენტოს%20მიერ%20საინვესტიციო%20ვალდებულე....pdf
ეკონომიკის სამინისტროს ქირის საფასური - https://www.scribd.com/document/466647147/ეკონომიკის-სამინისტრო?fbclid=IwAR3V0JtBuOTIDDNzSRR337FC5H3MDBbqJFB2A1ldl7h4xov-MldYQyfZ36M