
4 სექტემბერს უკრაინამ ამერიკისგან Covid-19-ის საწინააღმდეგო ინოვაციური მედიკამენტები მიიღო. ამის შესახებ კიევში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
"უკრაინაში ამერიკის საელჩოს დახმარებით, შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Direct Relief-მა უზრუნველყო. ამ ტვირთის მიღების დეტალები უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკაში ვიზიტისას შეათანხმა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამერიკელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ტვირთის საერთო ღირებულება 20 მილიონი დოლარია.
უკრაინამ ჯამში 60 ათასი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ინოვაციური მედიკამენტი - Bamlanivimab და Etesevimab მიიღო.
"მედიკამენტები რეკომენდებულია მსუბუქი და საშუალო სიმძიმით ინფიცირებული პაციენტებისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც რისკის ჯგუფშია. ტვირთი უახლოეს მომავალში უკრაინის 24 ოლქში გადანაწილდება", - აცხადებს საელჩო.