ამერიკამ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავღანეთში ავიაიერიშები დაიწყო. სწორედ ეს ორგანიზაციაა პასუხისმგებელი ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც 170 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Associated Press-ის ცნობით, ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ პირველი ავიაიერიშები ისლამისტების წინააღმდეგ ავღანეთის აღმოსავლეთში, ნანგარარის პროვინციაში განახორციელა - დრონის თავდასხმამ ერთი ტერორისტი იმსხვერპლა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის მონაწილეები ვერ დაიმალებიან.
"ჩვენ თქვენზე ვინადირებთ და გაზღვევინებთ", - ასე მიმართა მან თავდამსხმელებს.
ქაბულის ტერაქტის ორგანიზატორი "ისლამური სახელმწიფოს" რეგიონული ქვედანაყოფი - "ხორასანის პროვინციის ისლამური სახელმწიფოა."