ჯო ბაიდენის რეიტინგი მკვეთრად დაეცა

თალიბების მიერ ქაბულის აღების, ავღანეთის არმიის დაშლის და ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ჯო ბაიდენის რეიტინგი მკვეთრად ეცემა.

პრეზიდენტი ბაიდენი ორპარტიული კრიტიკის ობიექტი გახდა ცუდად ორგანიზებული ევაკუაციის ოპერაციის და თალიბების ხელისუფლებაში უსწრაფესად დაბრუნების გამო.

USA Today-ს კვლევის თანახმად, ბაიდენის საქმიანობა ამერიკელების მხოლოდ 41%-ს მოსწონს, 55%-ს - არა. ერთი კვირის წინ ბაიდენის რეიტინგი 55%-ზე მეტი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის საქმიანობას დადებითად დემოკრატების 87% აფასებს, მოქმედი პრეზიდენტი უპარტიო ამომრჩევლის მხოლოდ 32%-ს მოსწონს.

ბაიდენის რეიტინგის შემცირება მხოლოდ ავღანეთს არ უკავშირდება. ამერიკაში კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელებას შემთხვევების მკვეთრი ზრდა მოჰყვა, რის შემდეგაც პრეზიდენტის მიერ ვირუსის მართვას დადებითად მოსახლეობის 53% აფასებს, აპრილში კი ეს რიცხვი 69% იყო.