პარიზში თალიბანთან კავშირში მყოფი ავღანელი ლტოლვილი დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაცია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა დაადასტურა.
ორშაბათს დარმანენმა განაცხადა, რომ დაკავებული პარიზში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქაბულში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლებს ევაკუაციაში დაეხმარა. საფრანგეთის დედაქალაქში ის თალიბებთან კავშირისთვის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, მაგრამ იზოლაციის წესები “რამდენიმე წუთით” დაარღვია და ციხეში გადაიყვანეს.
“ის არის ავღანელი კაცი. როდესაც საელჩოს ევაკუაცია მიმდინარეობდა, განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში საფრანგეთის მოქალაქეებს დაეხმარა გამოსვლაში და შესაძლოა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც გადაარჩინა”, - განაცხადა საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა გაბრიელ ატალმა.
მემარჯვენე “რესპუბლიკური” პარტიის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატები ვალერი პეკრესი და ქსავიე ბერტრანი, ასევე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი დაკავებულის ქვეყნიდან დეპორტაციას ითხოვენ.