ავღანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ქაბულიდან ევაკუირებულია

ავღანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ქაბულიდან ევაკუირებულია. მსოფლიო ფეხბურთელთა კავშირმა (FIFPRO) ავსტრალიის მთავრობას ევაკუაციაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ეს ახალგაზრდა ქალები, ათლეტები და აქტივისტები საფრთხის ქვეშ არიან. მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას მათი დახმარებისთვის", - ნათქვამია FIFPRO-ს განცხადებაში.

ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ხალიდა პოპალმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების ევაკუაცია "მნიშვნელოვანი გამარჯვებაა."

"ბოლო რამდენიმე დღე განსაკუთრებით სტრესული იყო, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ქალი ფეხბურთელები კრიზისის პერიოდშიც მამაცები და ძლიერები იყვნენ. იმედი მაქვს, ისინი ავღანეთის გარეთ უკეთ იცხოვრებენ", - განაცხადა პოპალმა.

ფეხბურთელების ევაკუაცია თალიბანის მიერ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აღებას მოჰყვა.