ბრიტანეთის ელჩი ქაბულში რჩება, რათა ავღანელებს სავიზო აპლიკაციები პირადად შეუვსოს

გაერთიანებული სამეფოს ელჩი ავღანეთში ამ დრომდე ქაბულში იმყოფება და პირადად ავსებს იმ ავღანელების სავიზო აპლიკაციებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ბრიტანელებთან თანამშრომლობდნენ. 

ლორი ბრისტოუმ ავღანეთში დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დაიკავა. ქაბულის მოულოდნელად სწრაფი დაცემისა და პრეზიდენტ ღანის გაქცევის შემდეგ, დასავლური ქვეყნების საელჩოებმა სასწრაფო წესით ევაკუაცია დაიწყეს და ბევრმა ელჩმა ქაბული დატოვა. 

ქაბულის დაცემის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული საელჩოს თანამშრომლები ქვეყანას იმ დღესვე დატოვებდნენ, თუმცა ბრისტოუმ უარი თქვა ქვეყნიდან წასვლაზე, ქაბულის აეროპორტში საელჩოს კუთხე მოაწყო და განაცხადა, რომ ქვეყანაში იქამდე დარჩებოდა, სანამ ამის შესაძლებლობა იარსებებდა.

ლორი ბრისტოუ ქაბულის აეროპორტში პირადად ეხმარებოდა ევაკუაციის მსურველ ავღანელებს, ბრისტოუმ ათასობით სავიზო აპლიკაცია შეავსო. ელჩი ამ დრომდე ქაბულში იმყოფება და აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ჩარჩენილი ბრიტანელებისა და პარტნიორი ავღანელების ევაკუაციაზე.

ლორი ბრისტოუ გამოცდილი დიპლომატია, მათ შორის ის იკავებდა დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილის თანამდებობას რუსეთში, როდესაც ლონდონში რუსულმა სპეცსამსახურებმა ალექსანდრ ლიტვინენკო მოწამლეს. ბრისტოუ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდს 1990-იან წლებში შეუერთდა. 

სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა თურქეთისა და ბალკანეთის ქვეყნების მიმართულებით. ბრისტოუ ავღანეთში ელჩად სპეციალურად ევაკუაციის აღსასრულებლად შეირჩა.