ჰეზბოლა: ისრაელი ავღანეთის მაგალითზე უნდა მიხვდეს, რომ ამერიკა არასანდოა

ლიბანში მოქმედი პრო-ირანული ჰეზბოლას ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა ბოლო დღეების განმავლობაში ავღანეთში განვითარებული მოვლენებით ისრაელი უნდა მიხვდეს, რომ აშშ არასანდო პარტნიორია. 

"ავღანეთში მიმდინარე ამბებს ყველაზე მეტად ისრაელელები აკვირდებიან და მათ თავიანთი დასკვნები გამოაქვთ. ამერიკელებმა გაიყვანეს დამხმარე ძაღლები, თან წაიღეს ეკიპირება, მაგრამ დატოვეს ადამიანები, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ, ეს არის ამერიკა," - თქვა ნასრალამ. 

იგივე შინაარსის განცხადებები გაავრცელა ღაზას სექტორში მოქმედი ჰამასის ლიდერებმა. აბუ მარზუკის თქმით, ავღანეთიდან ამერიკის ამგვარი გამოსვლა "აშშ-ის შეუქცევადი დაღმასვლის და სისუსტის მაჩვენებელია".

თალიბანის გამარჯვებას გამოეხმაურა ალ-ქაიდას პროპაგანდისტული ფრთის ლიდერი, ალ-ტაბატი. მისი თქმით, მუსლიმი მოჯაჰიდები პაკისტანში, ღაზაში, სომალიში, ქაშმირში, იემენში, სირიასა და მალიში თალიბებთან ერთად ზეიმობენ გამარჯვებას.