ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ ბაიდენის რეიტინგი დაეცა

ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, ჯო ბაიდენის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. 16 აგვისტოს ჯარების გაყვანიდან ერთი დღის შემდეგ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ბაიდენის მხარდაჭერის რეიტინგი 46%-მდე შემცირდა, რაც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

ავღანეთიდან ჯარების გაყვანამდე ჩატარებული კვლევებით ჯო ბაიდენის საქმიანობას პრეზიდენტის პოსტზე მხარს გამოკითხული ამერიკელების 53% უჭერდა, სხვაობა 7%-ია. 

ამავე გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, რომ ამერიკელების 50%-ზე უკმაყოფილია იმით, თუ როგორ ხელმძღვანელობდა ჯო ბაიდენი აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიურ გამოწვევებს ავღანეთში. აღსანიშნავია, ამერიკელები უფრო კმაყოფილები იყვნენ ჯო ბაიდენის სამივე წინამორბედით, რომლებიც ავღანეთის მისიის მიმდინარეობისას მოღვაწეობდნენ.

გამოკითხვამ, ასევე აჩვენა, რომ ამერიკელთა 75% მხარს უჭერს ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნას საკვანძო წერტილების დასაცავად და მშვიდობიანი ევაკუაციისთვის. დაახლოებით ამდენივე ამერიკელი მხარს უჭერს იმ ავღანელების ევაკუაციას, რომლებიც ინტერვენციის წლებში ამერიკელებთან თანამშრომლობდნენ.