აშშ საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციისთვის ქაბულში ათას ჯარისკაცს აგზავნის

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ქაბულში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ევაკუაციისთვის, დამატებით 1 000 საზღვაო ქვეითს აგზავნიან. ევაკუაციას დაექვემდებარებიან ის ავღანელები და მათი ოჯახებიც, რომლებიც აშშ-ის 20-წლიანი სამხედრო ინტერვენციის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ეხმარებოდნენ ან თანამშრომლობდნენ ამერიკელებთან და ჯერ კიდევ ავღანეთში იმყოფებიან.

ამგვარად, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 5 000-ს გაუტოლდება. ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმის თანახმად, უკანასკნელი ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთს 31 აგვისტოს დატოვებს.

უსაფრთხო ევაკუაციისთვის სამხედროების დამატება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში თალიბანმა ქაბულის გარდა, ქვეყნის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავა. სატელევიზიო მიმართვაში, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს. 

ბაიდენის თქმით, მას მემკვიდრეობად ერგო დონალდ ტრამპის გარიგება თალიბანთან, რომელმაც ტერორისტები გააძლიერა და ექსპანსიისთვის კარგი პირობები შეუქმნა.

"მე ვიყავი აშშ-ის მეოთხე პრეზიდენტი, რომელიც ავღანეთში სამხედრო ოპერაციას აწარმოებდა, ამ პერიოდში იყო ორი რესპუბლიკური და ორი დემოკრატების ადმინისტრაცია, მე არ გადავცემ ამ ომს ჩვენს მომავალ, მეხუთე პრეზიდენტს",- თქვა ბაიდენმა. 

რამდენიმე საათის წინ თალიბებმა ჩრდილოეთ ავღანეთში დარჩენილი უკანასკნელი ქალაქიც მაზარ-ი-შარიფიც აიღეს. ამგვარად თალიბანი სრულად აკონტროლებს ქვეყნის ჩრდილოეთს და სწრაფად უახლოვდება ქაბულს. არსებული ცნობებით, თალიბების ქაბულისგან რამდენიმე ათეული კილომეტრი აშორებთ. 

ამ დროისთვის თალიბანი სრულად აკონტროლებს ქვეყნის 34-დან 24 პროვინციას. ცენტრალური მთავრობის კონტროლქვეშ ქაბულის გარდა მხოლოდ ერთადერთი ქალაქი, ჯალალაბადი რჩება. მიუხედავად ამისა უკვე არსებობს ცნობები, რომ ავღანურმა არმიამ ქალაქი თალიბებს უბრძოლველად ჩააბარა.