თალიბანმა ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ჰერათი დაიკავა, ინფორმაციას ამის შესახებ თალიბანის წარმომადგენლები ავრცელებენ. ქალაქის დაცემის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ დამოუკიდებელი დამკვირვებლებიც.
ამგვარად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჰერათი მეთერთმეტე პროვინციული დედაქალაქია, რომელიც თალიბებმა აიღეს.
ამ დროისთვის თალიბანი ავღანეთის 34 პროვინციიდან 11 დედაქალაქს აკონტროლებს. ტერორისტული ჯგუფი აკონტროლებს ავღანეთის ტერიტორიების ორ მესამედს.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, ქალაქის დაკავებისთანავე თალიბები ქალაქის მთავარი მეჩეთისკენ დაიძრნენ.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ თალიბებმა აიღეს ღაზნის პროვინციის ამავე დასახელების დედაქალაქიც.
ქალაქი ღაზნი ქაბულიდან 130 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან დასახლებას წარმოადგენს.
ამასთანავე ვრცელდება ცნობები, რომ ღაზნის პროვინციის გუბერნატორი ვარდაქის პროვინციაში დააკავეს - არსებული ინფორმაციით გუბერნატორმა თალიბანთან პირადი ხელშეუხებლობის სანაცვლოდ ქალაქი უბრძოლველად ჩააბარა.
თალიბანის მასშტაბური ინტერვენციის ფონზე ცნობილი ხდება, რომ ავღანეთის მთავრობამ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის შესაჩერებლად თალიბებს ცეცხლის შეწყვეტა და შექმნილი ვითარებიდან პოლიტიკური გამოსავალი შესთავაზა.
თალიბანმა დაიწყო შეტევა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ყანდაჰარზეც, რომელიც ორივე მხარისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. თვითმიხლველების ცნობით ქალაქის მისადგომებთან აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ხოლო ქალაქში რთული ვითარებაა.
ყანდაჰარზე შეტევის გაძლიერების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ქალაქის 400 000-მდე მცხოვრები სხვადასხვა გზებით ჰანდაჰარის დატოვებას შეეცდება, როგორც ეს სხვა ქალაქებში ხდება.
ბოლო საათებში განვითარებული მოვლენების ფონზე აშშ-ის საელჩომ ავღანეთში მყოფ ამერიკელებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ქვეყანა. იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომაც.