თეთრ სახლში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის დეკემბერში დემოკრატიული სამიტი დააანონსა, რომელიც კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.
ამგვარად, ბაიდენი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირების შესრულებას ცდილობს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის და დემოკრატიული სახელმწიფოების აშშ-ის ხელმძღვანელობით გაერთიანებას ითვალისწინებდა.
პირველი სამიტი მიმდინარე წლის 9-10 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, ფილანტროპები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მეორე სამიტი კი ერთი წლის შემდეგ, დასახული მიზნების შესრულების საკითხს და კონსულტაციებს დაეთმობა.
სამიტის ფარგლებში საუბარი შეეხება მსოფლიოში ავტორიტარიზმის ზრდის ტენდენციას, კორუფციის, ეკონომიკური უთანასწორობისა და კლიმატის ცვლილების პრობლემებს.
თეთრ სახლში ჯერჯერობით არ ასახელებენ ქვეყნებს, რომლებიც ამ სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.