ირანის პრეზიდენტმა, რომელმაც ფიცი გასულ კვირას დადო, საგარეო საქმეთა მინისტრად ულტრა-კონსერვატორი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი დანიშნა.
ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის ყველაზე მძლავრ სახელმწიფო უწყებასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა.
რაისის ამგვარი გადაწყვეტილება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა ირანი, აშშ და მსოფლიოს 6 წამყვანი ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის საკითხზე მუშაობენ.
"ამირაბდოლაჰიანი ულტრა-კონსერვატორი დიპლომატია, თუკი ბირთვულ მოლაპარაკებებს ირანის მხრიდან კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტრო გაუძღვება, ნათელია, რომ ქვეყანა პროცესში მკაცრ ხაზს დაიჭერს და მოერიდება რამენაირ დათმობებს",- ამბობს Reuters-სთან საუბარში ირანელი დიპლომატი, რომელმაც ანონიმურობა შეინარჩუნა.
ამის მიუხედავად, ადგილობრივ სამთავრობო მედიებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ აშშ-სთან ბირთვული მოლაპარაკებების საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ექსპერტთა უმაღლესი საბჭო გადაიბარებს, რომელიც თავის მხრივ ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პირდაპირ დაქვემდებარებაშია.
ირანი და აშშ ბირთვულ შეთანხმებასთან დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებებს მიმდინარე წლის აპრილიდან ავსტრიის დედაქალაქში აწარმოებენ.
მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი 20 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ცნობილია, რომ მხარეები შემდეგი შეხვედრის თარიღის შეთანხმებაზე მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია, როდის გაიმართება მოლაპარაკებები.
ირანის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოცდილი დიპლომატია - წლების განმავლობაში ამირაბდოლაჰიანი ბაჰრეინში ირანის ელჩის პოსტს იკავებდა, 1997-2001 წლებში მას ერაყში ირანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა ეჭირა, 2011-2016 წლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო არაბული და აფრიკული ქვეყნების მიმართულებით.
ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანს რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გარდა ახლო კავშირები აქვს ირანის ყველაზე წარმატებულ საგარეო პროექტის, ჰეზბოლას ლიდერებთან - ის დაახლოებულია ირანის ე.წ. სხვა პროქსი ძალების ლიდერებთან, რომლებიც რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფოში არიან.
საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ამირაბდოლაჰიანის დანიშვნა, მიანიშნებს რომ საგარეო პოლიტიკაში ახალი პრეზიდენტი პრიორიტეტს რეგიონულ საკითხებს მიანიჭებს.
მოსალოდნელია, რომ ქვეყნის კონსერვატორული პარლამენტი რაისის კაბინეტს წინააღმდეგობას არ გაუწევს და პირველივე მოსმენისას დაამტკიცებს.