Reuters: ქაბული შესაძლოა 90 დღეში დაეცეს

შესაძლოა თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი 90 დღეში აიღოს, ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვაში კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Reuters ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელების მოლოდინები პროვინციულ ქალაქებში თალიბების სწრაფი და მოულოდნელი ექსპანსიის ფონზე მნიშვნელოვნად შეიცვალა.

ამერიკული დაზვერვის ცნობით, უკვე 30 დღეში შესაძლოა თალიბანმა ქაბული ალყაში მოაქციოს და აქტიურ შეტევაზე უკვე სექტემბერში გადავიდეს. 

ამავდროულად აშშ-ის დაზვერვაში ამბობენ, რომ ვითარება შესაძლოა შეიცვალოს და ავღანეთის არმიამ სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს - მათ ამისთვის საჭირო ყველა რესურსი აქვთ. 

ამ დროისთვის თალიბები ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებენ. ბოლო 5 დღის განმავლობაში თალიბანმა 7 პროვინციული დედაქალაქი დაიკავა. ექსტრემისტების ექსპანსიის ფონზე პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქალაქ მაზარ-ე-შარიფში ჩავიდა, სადაც ძველ მეომრებს შეხვდა და მათ თალიბანისგან ქალაქის დაცვა სთხოვა. 

მაზარ-ე-შარიფი ჩრდილოეთ ავღანეთის უდიდესი ქალაქია. 

მიმდინარე კვირას კატარის დედაქალაქს, სადაც თალიბანსა და ავღანეთის ცენტრალურ მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ავღანეთში აშშ-ის დესპანი ზალმაი ხალილზადი ეწვია. 

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ხალილზადი შეეცდება თალიბანი ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს და შექმნილი ვითარებიდან მხარეებს პოლიტიკური გადაწყვეტილება შესთავაზოს. 

_____________________________________________ 

გასულ შაბათ-კვირას თალიბანმა ჩრდილოეთ ავღანეთში სამი პროვინციული დედაქალაქი აიღო, მათ შორის უდიდესი ქალაქი ყუნდუზია, რომელიც 350 000-იანი მოსახლეობით ქვეყნის სიდიდით მეექვსე ქალაქია. ყუნუდუზი ამავე დასახელების პროვინციის დედაქალაქი და სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქალაქია.

ყუნდუზის გარდა თალიბების კონტროლს დაექვემდებარა ქალაქი თალიკანი და სარი-პული.

ასევე, გასულ კვირას თალიბებმა კონტროლი დაამყარეს ეთნიკური უზბეკებით დასახლებული ჯავზიანის პროვინციის დედაქალაქ შიბარღანზეც. აქ თალიბანს ავღანელი უზბეკების გამოცდილი ლიდერის, რაშიდ დოსტუმის ძალები ებრძვიან. 

ავღანეთის თავდაცვის მინისტრით ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ჰერათის პროვინციის სხვადასხვა ქალაქების მისადგომებთან. ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე საკუთარ მოქალაქეებს ავღანეთიდან წასვლის შესახებ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

სხვადასხვა მონაცემებით ამ დროისთვის თალიბები ავღანეთის ტერიტორიის 80%-მდე აკონტროლებენ. 

ამ დრომდე თალიბანის კონტროლს მიღმა რჩება ქვეყნის უდიდესი ქალაქები ყანდაარი და დედაქალაქი ქაბული, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ ქალაქებისთვის ბრძოლები მალე დაიწყება. 

უფრო მეტი ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტზე წაიკითხეთ აქ.