ორპარტიული კონსენსუსი - სენატმა ინფრასტრუქტურის ტრილიონიანი პაკეტი მიიღო

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ინფრასტრუქტურის განახლების 1 ტრილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი, რომელიც მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლებას და ამ მიზნით მილიარდობით დოლარის გამოყოფას გულისხმობს. 

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ პაკეტს მხარი დაუჭირა 19-მა რესპუბლიკელმა სენატორმა, რაც ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო იშვიათი ორპარტიული კონსენსუსის გამოვლინებაა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა სენატში რესპუბლიკური პარტიის უცვლელმა ლიდერმა მიჩ მაკონელმაც.

საბოლოოდ პაკეტმა 69 სენატორის მოწონება დაიმსახურა, წინააღმდეგ წავიდა 30 რესპუბლიკელი, ერთმა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. 

"მჯერა, რომ ამ პაკეტის მიღებით ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა ტრანსფორმირდება და ახალ დონეს მიაღწევს",- ასე გამოეხმაურა ჯო ბაიდენი სენატის გადაწყვეტილებას.

ამ გადაწყვეტილებამდე ჯო ბაიდენი თვეების განმავლობაში მოუწოდებდა რესპუბლიკელ სენატორებს მხარი დაეჭირათ მისი გეგმისთვის:

"ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ბევრ რამეზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ სადაც შეთანხმება შეგვიძლია იქ უნდა შევთანხმდეთ."

თავის განცხადებაში ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელ სენატორებს მადლობა გადაუხადა:

"ამ კანონპროექტის მიღებით ჩვენ დავამკიცეთ, რომ კიდევ შეგვიძლია გაერთიანება ამერიკელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი რაღაცების გასაკეთებლად."

კანონპროექტის მიღებას გამოეხმაურა მიჩ მაკკონელიც. მისი თქმით, ეს მაგალითია იმისა, რომ ორივე პოლიტიკურ ფრთას კვლავ შეუძლია გაერთიანება საღი აზრის ირგვლივ. 

2 700 გვერდიანი კანონი ამის შემდეგ წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება, რომელშიც დემოკრატიულ პარტიას მოკრძალებული უმრავლესობა აქვს.

მიღებული კანონპროექტი მომდევნო წლების განმავლობაში 550 მილიარდი დოლარით გაზრდის ფედერალური მთავრობის ხარჯებს. 

აქ გათვალისწინებულია სარკინიგზო და საავტომობილო გზების, გვირაბების, ელექტროსისტემის განახლება, ამავდროულად ცალკე თანხაა გათვალისწინებული სუფთა სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად და მოძველებული ელექტროსისტემის განსახლებლად.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ რესპუბლიკელებმა კანონპროექტს მხარი დონალდ ტრამპის დაჟინებული წინააღმდეგობის მიუხედავად დაუჭირეს. გასულ თვეებში ტრამპი იმუქრებოდა, რომ აღარ დაუჭერდა მხარს იმ რესპუბლიკელებს, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ აღნიშნულ პაკეტს. 

"ვერავინ ამიხსნის, თუ რატომ დაუჭირა მხარი მაკკონელმა ამ არა ინფრასტრუქტურულ პაკეტს. მიჩ მაკკონელი ამერიკული პოლიტიკის ზედმეტად დაფასებული პოლიტიკოსია",- განაცხადა ტრამპმა.