ლიეტუვაში ტაივანის წარმომადგენლობის გახსნის გამო ჩინეთმა ელჩი გაიწვია

მას შემდეგ, რაც ლიეტუვის ხელისუფლებამ ტაივანს ნება დართო ვილნიუსში ოფიციალური წარმომადგენლობა გაეხსნა, ჩინეთმა პროტესტის ნიშნად ლიეტუვიდან თავისი ელჩი გაიწვია. 

"ლიეტუვის ხელისუფლებამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არაერთი დიპლომატიური გაფრთხილების მიუხედავად და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების დარღვევით უფლება მისცა ტაივანის ადმინისტრაციას ქვეყანაში გაეხსნა ამავე სახელწოდების ოფიციალური წარმომადგენლობა",- ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. 

ჩინეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას ორმხრივად ხელმოწერილ კომუნიკეს და სერიოზულ ზიანს აყენებს სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. 

გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლებამ ლიეტუვას ქვეყნიდან თავისი ელჩის გაწვევაც მოთხოვა.

"ჩვენ ვაფრთხილებთ, ტაივანის ხელისუფლებასაც დამოუკიდებელი ტაივანი ეს არის ჩიხი და სეპარატისტული მისწრაფებები წარმატებით არ დამთავრდება",- ნათქვამია განცხადებაში. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ლიეტუვის მთავრობაც:

"ვწუხვართ, რომ ჩინეთმა ელჩის გაწვევა გადაწყვიტა, მაგრამ ერთიანი ჩინეთის პრინციპის დაცვით, ჩვენ გვსურს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარება ტაივანთან". 

იმის შესახებ, რომ ლიეტუვაში ტაივანის წარმომადგენლობის გახსნა იგეგმებოდა ცნობილი ჯერ კიდევ ივლისში გახდა. ეს ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ევროპაში ტაივანის წარმომადგენლობა იხსნება. 

დაწესებულებას არა ჩინური ტაიბეის წარმომადგენლობა ერქმევა - როგორც ამას ჩინეთი ითხოვდა - არამედ ტაივანის ოფიციალური წარმომადგენლობა.