აშშ-ს მთავრობა მოქალაქეებს ურჩევს, საფრანგეთში მგზავრობისგან თავი შეიკავონ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რომ საფრანგეთში მგზავრობისგან თავი შეიკავონ. ეს განცხადება საფრანგეთში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებით არის გამოწვეული. ანალოგიური შინაარსის რჩევა, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმაც გაავრცელა. 

ვირუსის მეოთხე ტალღის პირობებში, საფრანგეთში, კორონავირუსის შემთხვევები და მოსახლეობის ჰოსპიტალიზაცია მზარდია, რის გამოც ხელისუფლებამ 9 აგვისტოდან დამატებითი შეზღუდვები აამოქმედა. 

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ ადამიანებს, რომლებსაც საფრანგეთში წასვლა მაინც უწევთ, აფრთხილებს, რომ მგზავრობის წინ ორჯერადად იყვნენ აცრილები.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საფრანგეთში ჯამში 6 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 111,000 ლეტალურად დასრულდა. ამ დროისთვის, დღიური მაჩვენებელი კვლავ მზარდია, თუმცა, წინა პერიოდისგან განსხვავებით, ნაკლებია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც პირველ რიგში, ვაქცინაციას უკავშირდება.