NYT: თალიბანის ექსპანსიის მიუხედავად, ბაიდენი ჯარების გაყვანის გეგმას არ ცვლის

ბოლო დღეების განმავლობაში თალიბანის ტერიტორიული ექსპანსიის მიუხედავად ჯო ბაიდენი არ აპირებს გადახედოს თავის გეგმას, რომელიც 31 აგვისტოს ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისიის დასრულებას და სამხედროების გაყვანას გულისხმობს, ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Times თეთრ სახლში თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წყაროს ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ავღანეთის არმიას ეყოფა რესურსები და შეიარაღება თალიბებს შესაკავებლად.

ამავე წყაროს მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ კარგავენ იმედს, რომ თალიბანი და ავღანეთის ცენტრალური მთავრობა პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევენ. 

ჯარების გაყვანის მიუხედავად, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, პენტაგონი მზად არის ავღანეთის მთავრობას ნებისმიერ დროს მიაწოდოს საჭირო რესურსები. 

გასულ შაბათ-კვირას თალიბანმა ჩრდილოეთ ავღანეთში სამი პროვინციული დედაქალქი აიღო, მათ შორის უდიდესი ქალაქი ყუნდუზია, რომელიც 350 000-იანი მოსახლეობით ქვეყნის სიდიდით მეექვსე ქალაქია. ყუნუდუზი ამავე დასახელების პროვინციის დედაქალაქი და სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქალაქია. 

ამავდროულად, ქალაქი ატარებს სიმბოლურ მნიშვნელობასაც - სწორედ ამ ქალაქში მოხდა მარცხის აღიარება 2001 წლის შემოდგომაზე, აშშ-ის სამხედრო ინტერვენციის ფონზე. 

ყუნდუზის გარდა თალიბების კონტროლს დაექვემდებარა ქალაქი თალიკანი და სარი-პული.

გასულ კვირას თალიბებმა კონტროლი დაამყარეს ეთნიკური უზბეკებით დასახლებული ჯავზიანის პროვინციის დედაქალაქ შიბარღანზეც. აქ თალიბანს ავღანელი უზბეკების გამოცდილი ლიდერის, რაშიდ დოსტუმის ძალები ებრძვიან. 

ავღანეთის თავდაცვის მინისტრით ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ჰერათის პროვინციის სხვადასხვა ქალაქების მისადგომებთან. ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე საკუთარ მოქალაქეებს ავღანეთიდან წასვლის შესახებ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

სხვადასხვა მონაცემებით ამ დროისთვის თალიბები ავღანეთის ტერიტორიის 80%-მდე აკონტროლებენ. 

ამ დრომდე თალიბანის კონტროლს მიღმა რჩება ქვეყნის უდიდესი ქალაქები ყანდაარი და დედაქალაქი ქაბული, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ ქალაქებისთვის ბრძოლები მალე დაიწყება. 

უფრო მეტი ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტზე წაიკითხეთ აქ.