შემოტრიალების მომენტი – კუბაში მცირე და საშუალო ბიზნესი ლეგალური გახდა

კუბის ხელისუფლებამ კუნძულის მოსახლეობისთვის ლეგალური გახდა მცირე და საშუალო ზომის სამეწარმეო საქმიანობა.

ახალი წესების მიხედვით, მოქალაქეებს შეეძლებათ გახსნან კერძო საწარმოები და დაასაქმონ ასამდე ადამიანი. 

ამავდროულად, ამ ცვლილებით იქმნება საკანონმდებლო ბაზა, იმ ათასობით კუბელისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ კერძო სექტორში.

ასევე, კანონით შესაძლებელი გახდა ლეგალური ბიზნეს-საქმიანობა ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, გამონაკლისს წარმოადგენს ჯანდაცვა, მედია და განათლება. 

ბევრი დამკვირვებლის აზრით, ეს კუბისთვის შემოტრიალების წერტილია, რომელსაც ხალხი დიდი ხანი ელოდა. 

ეკონომიკური მოდელის განახლება

კუნძულზე ეკონომიკური მოდელის განახლების გეგმაზე დიდი ხანია საუბრობენ, ამ პროცესს კუბის კომპარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი მიგელ დიაზ-კანელი ხელმძღვანელობს. 

ბოლო პერიოდში ქვეყნის ხელისუფლებამ ქვეყანაში შექმნილი ურთულესი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად რეფორმების დაჩქარება გადაწყვიტა - კუბა ბოლო 30 წლის განმავლობაში უმწვავეს ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის. 

სურსათის, ელექტროენერგიის და მედიკამენტების დეფიციტი გასულ წელს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულმა შედეგებმა კიდევ უფრო დაამძიმა. გასულ თვეში კუნძულზე 1959 წლის კუბის რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ანტი-სამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა. 

უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გარდა, კუბელები აპროტესტებდნენ ხელისუფლების არაეფექტურ ზომებს პანდემიასთან ბრძოლისა და ვაქცინაციის ნაწილში.

სხვადასხვა მონაცემებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებულია 700-მდე ადამიანი, მათ შორის პოლიციელებთან შეტაკებისას დაიღუპა 1 დემონსტრანტი. 

უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე კუბის მთავრობის გეგმის შესახებ - გაეხსნა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ეკონომიკის ნაწილი - ცნობილი ჯერ კიდევ თებერვალში გახდა, თუმცა ბოლო თვეებში განვითარებულმა მოვლენებმა პროცესი დააჩქარა. 

ივნისში მთავრობის გეგმებზე საუბრისას კუბის პრემიერმა, მანუელ მორერო კრუსმა განაცხადა, რომ რეფორმები ძალიან შორს არ უნდა შევიდეს - "არის საზღვრები, რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ". 

ბოლო წლებში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების გამო კუბის მთავრობა ერთგვარად თვალს ხუჭავდა კერძო ბიზნესზე. სხვადასხვა მონაცემებით ამ დროისთვის კუბის არალეგალურ კერძო სექტორში 600 ათასამდე ადამიანი მუშაობს, რაც დასაქმებული მოქალაქეების 13%-ს აღემატება. 

კუბაში გამართულ საპროტესტო აქციებზე უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.